სად იყო გასპარ ნოე, როცა კალატოზიშვილი...

24 თებერვალი 2019

2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გასპარ ნოეს ფილმ “სიყვარულის”  გამოჩენის შემდეგ, პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. მაშინ ეს ფილმი ქართული საიტებიდან გაქრა. ამ ფაქტმა საქართველოში სახელი გაუთქვა ‘’სიყვარულს’’ და ბევრი (მათაც, ვისაც აქამდე საერთოდ არ აინტერესებდა არც ფილმი, არც რეჟისორი და არც საკითხი) მონდომებით დაეწაფა აკრძალულ ხილს. სულ ცოტა ხნის წინ, გამოვიდა გასპარ ნოეს ახალი ფილმი, ‘’კლიმაქსი’’ (სავარაუდოდ, რუსული გავლენით, ქართულად თარგმნეს როგორც ‘’ექსტაზი’’.


თუ არ იცით, მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად ხდება - ფილმს ორიგინალი სახელის ნაცვლად, რუსების მიერ შერჩეულ სახელს არქმევენ). ეს ფილმიც ბევრმა ნახა. თუ ჯერ არ გინახავთ, კადრს, მეგობრის მიერ დაწერილ პოსტს ან კინოთეატრის რეკლამას მაინც მოკრავდით თვალს. ჩემმა კუსტარულმა კვლევამ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა - გასპარ ნოეს ბოლო პერიოდის ფილმებს ქართველი მაყურებელი სიუჟეტის უქონლობას უწუნებს. საქმე ისაა, რომ მაყურებელი მიჩვეულია სიუჟეტს, რომელიც თანდათან ვითარდება - კინოს მთელ ხიბლს სწორედ ამაში პოულობენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ გასპარ ნოეს მაყურებელთა უმეტესობა თავს ფილმის მოქმედ გმირად აღიქვამს. ეს კი კამერის გამოყენების სპეციფიკური ტექნიკების დამსახურებაა. ბენუა დები გასპარ ნოეს ფილმების ოპერატორია. მისი ვიზუალური გამოსახვის სტილი გამორჩეული და დასამახსოვრებელია. ‘’კლიმაქსის’’ მთავარი ხიბლი გარემოსთან ინტერაქციაა. რეჟისორი თავიდანვე გვაცნობს პერსონაჟებს, გვაახლოებს მათთან და, შედეგად, სრულიად უცხო ადამიანების ნაცვლად, ჩვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟებს ვხედავთ. შემდეგ კი, როგორც ეს გასპარ ნოეს ჩვევია, რეჟისორი ჩვენს ემოციებზე იწყებს თამაშს.


 

გასპარ ნოეს საყვარელ ფილმებში კუბრიკის, ლინჩისა და პაზოლინის ფილმების გვერდით, შეხვდებით მიხეილ კალატოზიშვილის ფილმს - ‘’მე - კუბა’’. მიხეილ კალატოზიშვილმა (კალატოზიშვილს მოუწია გვარი შეეცვალა და გამხდარიყო კალატოზოვი), თავისი ფილმისთვის „წეროები მიფრინავენ“ „ოქროს პალმის რტო’’ აიღო. ის ერთადერთი ქართველი და ერთადერთი საბჭოთა რეჟისორია, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო. რეჟისორს ფორმალიზმის გამო დევნიდნენ, ის მუდმივად წნეხის ქვეშ იყო... თუმცა მის ბიოგრაფიაზე ბევრის წერას არ ვაპირებ, ეს ინფორმაცია სხვაგანაც თავისუფლად შეგიძლიათ მოიპოვოთ.
 

სახვითი ხელოვნების ფორმალიზმში უფრო დიდი ყურადღება ექცევა ფორმას და არა - იდეურ დატვირთვას. მაგალითად, კალატოზიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ფორმების ძიება, კამერის ტექნიკის დახვეწა და მომაჯადოებელი კადრების პოვნა. ის იყენებდა სუბიექტური კამერის ტექნიკას (კადრი პერსონაჟის პერსპექტივით) - ჯერ კიდევ 1928 წელს ფილმში ‘’მარილი სვანეთს’’. ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით რუსები, რომ კალატოზიშვილის მთელი წარმატება ოპერატორ სერგეი ურუსევსკის დამსახურებაა, თუმცა, სინამდვილეში, როცა ‘’მარილი სვანეთს’’ ეკრანებზე გამოვიდა, ურუსევსკის ამ პროფესიასთან შეხებაც კი არ ჰქონდა. სწორედ ამ ფილმში იკვეთება კალატოზიშვილის ის სპეციფიკური ხელწერა, რომელიც აქარწყლებს მოსაზრებას, თითქოს მთავარი ფიგურა კალატოზიშვილის წარმატებაში ურუსევსკი იყო.
 

[მიხეილ კალატოზიშვილი, "მე - კუბა"] 


1964 წელს, კალატოზიშვილის მიერ გადაღებული ფილმი, ‘’მე - კუბა’’, მაყურებელმა მხოლოდ 1992 წელს იხილა. კინომცოდნეებში ამ ფილმის პოპულარობა მარტინ სკორსეზესა და ფრენსის ფორდ კოპოლას დამსახურებაა. სკორსეზემ თქვა, რომ მისი შემოქმედება სულ სხვანაირი იქნებოდა, ეს ფილმი რომ თავის დროზე ენახა.


რაც შეეხება ცენზურასა და აკრძალვებს გასპარ ნოეს მხარეს - ის ამითაც შეგვიძლია შევადაროთ კალატოზიშვილს. ‘’მე - კუბა‘’ იმის გამო აკრძალეს კუბაში, რომ მასში კუბელების სახე სტერეოტიპულად იყო წარმოჩენილი. ფილმი აკრძალეს საბჭოთა კავშირშიც, რადგან მასში საკმარისი რევოლუციური მუხტი ვერ დაინახეს... დასავლური ქვეყნების აზრით კი, ფილმი საბჭოთა კავშირის პროპაგანდას ემსახურებოდა და, შესაბამისად, არც იქ ღირსებია დღის შუქი.

 

თეორიულად, შეიძლება, ავხსნათ, რატომ იყო კალატოზიშვილი ფილმის ფორმაზე ორიენტირებული. თუ გადავხედავთ მისი ფილმების რეცენზიებს, ხშირად შევხვდებით კრიტიკას სიტყვებით ‘’ანტი-ამერიკული’’, ‘’პროპაგანდისტული’’ და ა.შ. სინამდვილეში, ეს რეჟისორი სულაც არ იყო პრო-საბჭოური. მეტიც, მის ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა პროპაგანდა. რეჟისორისთვის მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო - გადაეღო ფილმები. თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული სიუჟეტური პასაჟების გამო, მას დღემდე აქილიკებენ. შესაძლოა, ფორმის მიმართ ასეთი სიყვარული იმან გამოიწვია, რომ შედარებითი თავისუფლება რეჟისორმა მხოლოდ ამ მიმართულებაში ჰპოვა. 


‘’მე - კუბაში’’, რომელიც სხვათა შორის ჩემი საყვარელი ფილმია (‘’პარიზი, ტექსასთან’’ ერთად), გამოყენებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა, როგორიცაა წყალგაუმტარი კამერის ობიექტივი, უწყვეტი კადრები, რომელიც ტექნიკურად ბრწყინვალედაა შესრულებული, გასაოცარია როგორ ახერხებდნენ ამას იმ პერიოდში.

[მე - კუბა]

[მე - კუბა]


თამამად შეგვიძლია ვთქვათ ფრაზა - ‘’სად იყო გასპარ ნოე, როცა კალატოზიშვილი…’’, რამეთუ ის თვისებები, რომლებიც აღაფრთოვანებთ გასპარ ნოეს ფილმებში: ესთეტიკა, კამერის უხეში მოძრაობა, ექსპრესიულობა, იქამდე არსებობდა კალატოზიშვილის მიერ მართულ ურუსევსკის კამერაში. გავიხსენოთ 2003 წლის ფილმი ‘’შეუქცევადი’’, რომელშიც სუბიექტური კამერის ტექნიკა და კადრის უხეში მოძრაობები უცნაურ ემოციებს აღძრავს მაყურებელში. ‘’კლიმაქსში’' კამერა თითქოს ცოცხალი არსებაა, გვაჩვენებს მხოლოდ იმას, რაც თვითონ უნდა, არ მიყვება სტანდარტული ფილმების წესებს, სხვა, ახალ თამაშს გვეთამაშება. ის ზოგჯერ აღწევს დაკეტილ კარში, ზოგჯერ - ვერა. ‘’მე - კუბას’’ მთლიანი ფორმა ამაზეა აგებული - რომ გახდე კუბა, კამერასთან ერთად.
 

ნოეს სპეციფიკურობას ემატება ფერები, რომლებსაც, მუსიკასთან ერთად, დიდი დატვირთვა აქვს. კალატოზიშვილის შავ-თეთრი ფილმები (ასეთ ფილმებს ფერების გაცილებით სათუთად შერჩევა სჭირდება, ვიდრე ფერადს) არაფრით ჩამოუვარდება გასპარ ნოეს მთლიანად ფერების ესთეტიკაზე დაფუძნებულ ნამუშევრებს. 60-იან წლებში, მსგავსი ფილმების შესაქმნელად, უშველებელი, რთულადმანევრირებადი კამერების დამორჩილება იყო საჭირო. ამას ემატებოდა ცენზურის მკაცრი კონტროლი და, შესაბამისად, სცენარის ცვლილებისთვის მუდმივი მზადყოფნა. მსგავსი პრობლემები თანამედროვე რეჟისორებს ნაკლებად აწუხებთ. მათ ფილმის გადასაღებად საკუთარი ან ახლობლების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ უწევთ. უხეშად, მაგრამ ობიექტურად ვიტყვი, რომ შრომა, რომელსაც კალატოზიშვილი დებდა რამდენიმე წუთის გადაღებაში, გასპარ ნოეს სრულმეტრაჟიან ფილმებზე უფრო დასაფასებელია.
 

გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, რამდენად დიდი გავლენა იქონია კალატოზიშვილმა გასპარ ნოეზე, თუმცა, ტექნიკა, რომელსაც ასე ეტრფის გასპარ ნოეს მაყურებელი, დიდი ხნის წინ დაიბადა საქართველოში. ეს მსგავსება ატმოსფერულია, მისი დანახვა კი - არც ისე რთული.
 

ისეთ ‘’სახალხო’’, ჩვენთვის ლამის ეროვნულ ხელოვანთან, როგორიც გასპარ ნოეა, მიხეილ კალატოზიშვილის დაკავშირება, იმედია, ინტერესს გაზრდის მისი ფილმების მიმართ. კარგია, როცა ახალ ფილმებს ვუყურებთ, ახალ რეჟისორებს ვეცნობით, თუმცა უკეთესია, როცა ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომელთა ღვაწლიც საკადრისად არ დააფასეს.