როგორ შეცვალა ერთმა ადამიანმა გარემო

12 აპრილი 2021

“მარტო მე რას ვუშველი?” ტოპ 10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვებიდან ერთ-ერთია.

ეს რა თქმა უნდა ვიხუმრე, თუმცა დარწმუნებული ვარ შენც, როგორც ყველას, ეს კითხვა არაერთხელ გექნება გაგონილი ან დასმული. 

ეკოლოგიური პრობლემები დღითიდღე რომ მწვავდება და უკვე ყველა ჩვენგანის ცხოვრებასა თუ გარემოზე ახდენს ზეგავლენას - ეს ახალი ამბავი არაა, თუმცა რატომღაც მაინც გვირჩევნია მიმდინარე მოვლენებს ტახტზე წამოკოტრიალებულებმა პოპკორნით ხელში ვუყუროთ და შუალედებში “ნწ, ნწ, ეს რა დაგვემართა?” შევძახოთ. 

ხოდა ამ ბლოგში რამდენიმე ისეთი ადამიანი შევკრიბე, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებენ იმაში, რომ კი, მხოლოდ შენც უშველი!



 
  • მამაკაცმა კუნძულზე ტყე მარტომ გააშენა.
 

ჯერ კიდევ შორეულ 1979 წელს ჯადავმა გვალვისაგან გადამწვარ კუნძულზე დახოცილი გველები ნახა და კუნძულის გადარჩენა მტკიცედ  გადაწყვიტა. 

ხეების დარგვა ერთგვარ ტრადიციად იქცა და საბოლოოდ უზარმაზარი ტყე გაშენდა, თანაც კუნძული მაჯული გვალვის გამო მუდამ საფრთხეში იყო, ჯადავმა კი მისი გადარჩენა შეძლო.  ის დღემდე აგრძელებს მცენარეების გაშენებას.

 

  • ორი მეგობრის მიეწ წამოწყებული სამაჯურების ბიზნესით ოკეანის გასუფთავება მიმდინარეობს. 
 

4 ocean-ის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ორი კურსდამთავრებული, ალექს შულცე და ენდრიუ კუპერი ბალისკენ გაემგზავრნენ, სადაც პლაჟები პლასტიკური ნარჩენებით იყო სავსე. მათ მალევე ბიზნეს მოდელის შექმნა დაიწყეს, რომლის საშუალებითაც მოხალისეებს წყალსა და სანაპირო ზოლში ნაპოვნი ნარჩენების ამოღება და განადგურება შეეძლებოდათ.

ასე დაარსდა კომპანია, რომელიც რეციკლირებული მასალისგან დამზადებულ სამკაულებს ყიდის. თითოეული გაყიდული სამაჯურიდან მოგების ნაწილს ოკეანის გასასუფთავებლად იყენებს. 

 
  • ბრაზილიელმა წყვილმა 20 წელში ასეულობით ცხოველისთვის ტყე გააშენა.

ხო, აი ასე ადგნენ და ტყე გააშენეს. 

1994 წელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, რომ ხეებს ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ეკავა, ამიტომ მეუღლესთან ერთად საცხოვრებლის ირგვლივ ხეების დარგვა დაიწყო. 

თავდაპირველად 25 მუშა აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ამ საქმეში მონაწილეობა არაერთმა მოხალისემ მიიღო.

ასე გაშენდა 300-მდე სახეობის 2 მილიონზე მეტი ხე და ტყით დაფარულმა ტერიტორიამ ასეულობით ცხოველიც შეიფარა. 

 

ეს სამი და სხვა მრავალი… 

საბედნიეროდ, კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს. ხოდა ახლა წარმოიდგინე, ყველას რომ ეფიქრა, მარტო მე რას ვუშველიო და ტახტზე მხარი ეცვალა, ვერც ამ ბლოგს წაიკითხავდი და არც ასეთი ცვლილებები მოხდებოდა. 

ამიტომ არც ახლაა გვიანი იმისთვის, რომ შენ თვითონ გახდე ცვლილება. 

თანაც იქნებ ასეთ ბლოგში მოხვედრასაც გამოკრა ხელი.