როგორ გავხდეთ ბილინგუალი 6 თვეში

20 სექტემბერი 2021

სამწუხაროდ, საქართველოში უცხო ენის შესწავლის კულტურა ნაკლებადაა განვითარებული. ყველა ვსწავლობდით სკოლაში ინგლისურს, რუსულს, გერმანულს ან ფრანგულს, მაგრამ უმეტესობამ სალაპარაკო დონეზეც კი არ ვიცით. ზოგს მასწავლებლებიც გვყავდა დამატებით და ათასობით ლარსაც ვხარჯავდით, მაგრამ პირადად მე ინგლისური კომპიუტერიდან ვისაწვლე და ეროვნულებზე უმაღლესი ქულა ავიღე. 

გერმანულისა და ესპანურის სალაპარაკო დონემდე მისაღწევად კი ზუსტად ნახევარი წელი დამჭირდა და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ერთი ლარიც არ დამიხარჯავს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა და ხრიკი, თუ როგორ შეგიძლია ისწავლო უცხო ენა მინიმუმ სალაპარაკო დონეზე უმოკლეს დროში.

 

გამოუცხადე გამოწვევა საკუთარ თავს 

ყველაზე დიდი მოტივატორი, რაც კი შეიძლება უცხო ენის სწავლისას იპოვო გამოწვევაა, მაგალითად დღეში მინიმუმ 15 წუთი დაუთმო უცხო ენის შესწავლას, ამისთვის შეგიძლია გამოიყენო აპლიკაციები: Lingwing.com Duolingo.com 50Languages.com ან ისწავლო მინიმუმ 30 სიტყვა ერთ კვირაში და უყურო ფილმს იმ ენაზე, რომლის სწავლაც გინდა. შეიძება სკეპტიკურად იყო განწყობილი ამგვარი გამოწვევების მიმართ, მაგრამ შედეგს თვითონვე იგრძნობ. 

 

ისწავლე ,,სწორი’’ სიტყვები 

თუ დამწყები ხარ, შეგიძლია დაიწყო ყველაზე გავრცელებული 1000 სიტყვა შენს სამიზნე ენაზე. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო 1000mostcommonwords.com  ხოლო, თუ ინგლისური არ იცი, მაშინ Google Translate–ით გადათარგმნე, საკმაოდ მარტივი სიტყვებია და შეცდომის ალბათობაც დაბალია. 


ისწავლე ჭკვიანურად

გამოიყენე ბარათები (flashcards), ყურადღება მიაქციე გრამატიკას, გამოაკარი წებოვანი ფურცლები კედელზე, რათა უფრო ხშირად მოგიხდეს შეხედვა და გადამეორება, ნასწავლი მასალა გადაიმეორე კვირაში ერთხელ. 


გამოიყენე უცხო ენა ყოველდღურად 

ეს მეთოდი ყველაზე სასარგებლოა უცხო ენის შესწავლისას. უყურე ფილმებს სუბტიტრებით და ამისთვის Imovies.cc თუ ვერ გამოგადგა, Torrent–ის გადმოწერა დაგეხმარება. უსმინე პოდკასტებს, გადათარგმნე შენი საყვარელი სიმღერები, წაიკითხე პოსტები შენს სამიზნე ენაზე. 

 

Practice makes perfect

საუკეთსო პრაქტიკა მაინც ადამიანებთან საუბარია, ამიტომ კარგი იქნება ისეთი ადამიანის გაცნობა, რომელიც შენს სამიზნე ენაზე საუბრობს და მისთვის ეს მშობლიური ენაა. სასურველ ქვეყანაში ჩასვლა კიდევ უფრო უკეთესი პრაქტიკა იქნებოდა. გაწევრიანდი სხვადასხვა საიტებზე, სადაც ისწავლი და ისაუბრებ შენს სამიზნე ენაზე, მაგალითად - My language exchange.com, coeffee.com, Duolingo.com. 

 

ისწავლე მათი კულტურა 

უცხო ენის შესწავლა გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ განვითარებაზე, ასევე მათი კულტურის სწავლა შესაძლოა იმდენად საინტერესო იყოს შენთვის, რომ დიდი მოტივაციაც კი მოგცეს, მაგალითად თუ სწავლობ გერმანულს შეგიძლია წაიკითხო რამე მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მოუსმინო გერმანელ კომპოზიტორებს ან წაიკითხო რომელიმე გერმანელი მწერლის წიგნები, ან უყურო ფილმებს. ყოველივე ეს დაგეხმარება რომ შეისისხლხორცო უცხო ენა. 

 

იპოვე საკუთარი მოტივაცია

გაუთავებლად შეიძლება იმის ჩამოთვლა, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს უცხო ენის შესწავლა ადამიანის გონებაზე. პირველ რიგში, ავითარებს ადამიანის ანალიტიკურ და ლოგიკურ უნარებს, ასევე მეხსიერებას აუმჯობესებს. ახალი უცხო ენის სწავლა გაგიმარტივებს სამსახურში კონკურენციის პროცესს, ვინაიდან ოცდამეერთე საუკუნე კონკურენციის საუკუნეა და რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით მეტი უპირატესობა ენიჭება მას. ასევე, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ უცხო ენის შესწავლა ადამიანს სიბერეში უმცირებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს. 

 

მოუსმინე 

მოუსმინე რაც შეიძლება ხშირად შენს სამიზნე ენას რათა შენი ყური მიეჩვიოს და მოსმენის უნარებიც გაგიუმჯობესდეს. შეგიძლია მოუსმინო შენს სამიზნე ენაზე ახალ ამბებს, რადიოს, პოდკასტებს, იუთუბერებს და სხვა. არ აქვს მნიშნელობა ყველა სიტყვას გაიგებ თუ არა, და რა თქმა უნდა, თავიდანვე ყველაფრის გაგება შეუძლებელია, უბრალოდ საუკეთესო გზაა, რომ შენი ყური მიეჩვიოს ახალ ენას. 

რა თქმა უნდა, ახალი ენის შესწავლის მეთოდები ინდივიდუალურია, თქვენ რომელ ხრიკს მიანიჭებდით დიდ უპირატესობას? ან თუ იყენებთ განსხვავებულ მეთოდებს? 


ავტორი : სალომე ზათიაშვილი