როგორ გავუმკლავდეთ გადაწვას?

27 ივნისი 2022

ადამიანებში უთვალავი ძაფია გაბმული. ეს ძაფები დაჭიმული, მწყობრში მუშაობენ ხან სიმძიმისგან მუცელს მიწას მიუახლოვებენ, ხანაც ისე დაიჭიმებიან რომ წყდებიან და მთელ მექანიზმს აფერხებენ.
 

გაწყვეტილი ძაფები უნდა გადაიბას.
გადამწვარი ნათურები უნდა გამოიცვალოს.

ჩემი გადამწვარობის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ Burnout-ის მნიშვნელობა არ გავიგე და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი არ შემოვუხაზე საკუთარ თავს.

Burnout - 1) გადაწვა 2) გადაღლა 3) ფიზიკური და სულიერი ძალების გამოცლა. 

უფრო კონკრეტულად კი, გადაწვა გადაჭარბებული და ხანგრძლივი სტრესის შედეგად ემოციური, ფიზიკური და გონებრივი რესურსების ამოწურვის მდგომარეობაა. ჩემს წარმოდგენაში გადაწვის დროს ფეხზე ვდგავარ, მაგრამ მიწაზე ვიღვენთები და ძალისხმევას ვეღარ ვპოულობ საკუთარი თავის მოსაგროვებლად.

რატომ  ვეღარ უძლებენ ჩვენი ძაფები დაჭიმულობას ?

როგორც ნათურა არ იწვება ერთ დღეში, ისე არც ჩვენ - ადამიანები. გადაწვა ეტაპობრივი პროცესია და მისი შემჩნევა და გასაწყვეტად გამზადებული ძაფების კვლავ ძლიერად გადაბმა ადრეულ სტადიაზეც შესაძლებელია. თუ სტრესი დიდხანს გრძელდება, პროდუქტიულობა იკლებს. იმატებს უკმაყოფილება, უიმედობა და ტვინის იმ უჯრედშიც ქრება შუქი, სადაც ინტერესები და მოტივაციები ბინადრობენ.

წარმოიდგინე, რომ შენს ერთ ძაფზე ჩამოასკუპე მთელი შენი სტრესი, დაღლილობა, უიმედობა, წარუმატებლობისა და უმწეობის განცდები. ამ ძაფზე ჩამოსვი იმედგაცრუებული, დამარცხებული, პასუხისმგებლობებისგან გაქცეული და სხვებისგან იზოლირებული  საკუთარი თავიც და არც არაფერი შეუყუდე მიწისკენ ვნებით მიზიდულ სიმძიმეს.

გადაწვით შეიძლება ყველა გადავიწვათ.  სახლის საქმეებში ჩაფლული დედა, მუდმივად overtime-ებზე მომუშავე თანამშრომელი, ტოქსიკურ ურთიერთობებში გახლართული შენი მეგობარი და ზედმეტი პასუხისმგებლობებით დახუნძლული, რუტინის ჭაობში ყელამდე ჩაფლული საკუთარი თავიც.


სად უნდა ვეძებოთ ცხოვრების ბალანსი?
 

იქნებ შენს ძაფზე დაღლილი და ჩამოღვენთილი რომ ჩამოჯდები, მეორე მხარეს უნდა წამოგორდე და უდარდელი ფშვინვა ამოუშვა? ადამიანები მარტივად ვეჩვევით დაღლას, სტრესს, ყოველდღიურობას. დგები, მიდიხარ სამსახურში, მოდიხარ, სქროლავ, იძინებ. ასე მეორდება იქამდე სანამ არ გადაიწვები.

ცხოვრების ბალანსი შეიძლება პარალელური სამყაროს რომელიმე ვარდისფერ ბურუსში მოიძებნება, მაგრამ ამ ცხოვრებაშიც შეგიძლია შენს ძაფებზე თანაბრად გადაანაწილო სიმძიმეები, თუ საჭირო გახდა  საყრდენი შეუყუდო და არაფრის კეთებით დაღლილი ჭერშიც ჩაიკარგო.

 

ამ დაუსრულებელ რუტინებში, რომელშიც ზოგი თასქებს ვაკეთებთ, ზოგი კი ბავშვებისთვის სადილს, უნდა მოიძებნებოდეს ოაზისი, სადაც მხოლოდ ერთ რიტუალს შევასრულებთ. რიტუალს სახელად “გავუფრთხილდე საკუთარ თავს”. 

 

იქნებ მინდორში კოტრიალი გასვენებს? ან იქნებ ჩემსავით ბევრი ბოდიალი გეხმარება? ან იქნებ ცეკვა? დალევა? და საერთოდ იცი რა გიყვარს? თუ იცი, რა გიჩენს შფოთვებს? ან შენს ირგვლივ არსებული ტოქსიკური ადამიანების რაოდენობა თითებით თუ დაითვლება?

პასუხები მხოლოდ ჩვენშია. გადაწვისგან გადარჩენის გასაღები რუტინისგან გაქცევის კარში უნდა მოარგო და დამღლელი კვირის მერე გემრიალად მოაჯახუნო.

შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს კანტიკუნტად დარჩენილ შფოთვებს სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს. რუტინისგან გასაქცევი კარი კი ხან თბილისის ქუჩებში და უცხოთა ნოსტალგიებით დამძიმებული მეორადების ბაზრობებზე გადის, ხან ჩემი ოთახიდან ფეხს არ იცვლის და ხანაც თვეების წინ მიგდებულ წიგნში უგზო-უკვლოდ იკარგება. მთავარი ისაა, ვიცოდე სწორი პასუხი კითხვაზე: “რა მომანიჭებს ბედნიერებას ცხოვრების ამ მომენტში?”

 

ჰოდა, უდარდელად ირწევიან ჩემი ძაფებიც…