როგორ გადავრჩეთ ვაზისუბანში

21 ივლისი 2022

აგერ უკვე 25-ე წელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ.
 

აქ ფიქრის დრო არ გვაქვს- ყოველი წუთი არსებობისთვის ბრძოლას ეთმობა.
 

ხო იცი, მუშა კაცს და მეომარს ფიქრისა და ფილოსოფიების დრო აღარ რჩება.
 

გუშინ ვაზისუბნის ერთ-ერთი 16 სართულიანის მერვე სართულზე ჩემთვის ვიწექი, ხანჯალი ლეიბქვეშ მედო და როგორც ყოველთვის - ძილი თავს მარიდებდა.
 

საწოლმა ყანყალი დაიწყო - მაგრამ არ გამკვირვებია. ვაზისუბნის ქარებს მსგავსი ბუნება აქვთ - კორპუსებს, კორპუსში შენს სკამს, შენს საწოლს და შეიძლება შენს ეგოსაც არხევენ.

აქ ზოგჯერ ვერ ვხვდებით, მიწისძვრაა თუ უბრალოდ ქარი. 

ჩვენთვის უკვე სულერთია.
ორივეს აქვს ავარიული 16 სართულიანის წაქცევის უნარი.

გავიფიქრე, იმედია ხვალაც მთელ ბინაში გავიღვიძებ-მეთქი და განვაგრძე ძილის დევნა.
მან კი- ისევ თავის არიდება.

მოკლედ, ვაზისუბნური ცხოვრების 4 დიდ საზვერეს გაგაცნობთ. გამოგადგებათ, იქნებ საიქიოშიც ჯოჯოხეთებში მოგიწიოთ გულავი

 


ქარები
 


დედამიწაზე ყველა ქარი რომ ჩადგეს, დიღომიც რომ დაწყნარდეს- დიდიც და მასიურიც, საერთოდ- დედამიწაც რომ გაქრეს, ვაზისუბანი ის ადგილი იქნება, რომელიც ცალკე- კოსმოსში გამოკიდული იარსებებს და მის ზედაპირზე კვლავ ქარები იბატონებენ.

რჩევა იქნება, ოდესმე ვაზისუბანში ქარმა თუ მოგისწრო, სახლიდან გამოსვლის წინ ჩანთაში ქვები ჩაილაგე. გრავიტაციული ძალები ხშირად აქაური ქარის წინაშე უძლურია და დამატებითი მასა გჭირდება დედამიწაზე დასარჩენად. ქვების სახლში ატანა თუ დაგავიწყდა - არ იდარდო. ყველა ჭეშმარიტ ვაზისუბნელს ემერჯენსი ქარსაწინააღმდეგო ქვები სახლში უდევს.
ასევე, თუ ელიტის წარმომადგენელი არ ხარ და უბრალო მოკვდავივით წყლის გამათბობელი გაზზე გიმუშავებს, ყოველ დღე ბანაობის ფუფუნებას შეგიძლია გამოემშვიდობო. არავინ იცის, როდის მოეპრიანება ქარს შენს გამათბობელთან ხუნტრუცი და ჩაგიქრობს. თუმცა აქვე გეტყვი, რომ ცივი შხაპი სულისა და ხორცისთვის სასარგებლოა.


 

უსასრულო 01 წუთი ტრანსპორტის ტაბლოზე

 

არ აქვს მნიშვნელობა წინა ღამეს რამდენ ღმერთს შესწირე მსხვერპლი, რამდენ ხატზე ილოცე, რამდენი ქალიშვილისა თუ ვაჟიშვილის სისხლში იბანავე. სჯობდა, უბრალოდ, ადრე დაგეძინა, საჭიროზე 20 წუთით ადრე გასულიყავი სახლიდან და ისე მიგესწრო ტრანსპორტისთვის. ეს 01 წუთი ის 01 წუთია, 10 წუთი რომ გრძელდება და ბოლოს შენი კარმული ვალების სანაცვლოდ მაინც გატენილ ტრანსპორტს რომ გიგზავნის - რომლის კარსაც, ან ვერ გახსნი, ან ვერ და რომელშიც ფეხზე დგომაც კი არ შეიძლება. თუ ვინმე ჩემები ხართ აქ, გეცოდინებათ #55-ის მძიმე ხასიათი. გაბწყინებული იბერიასავით გადაკარგულა და შორიდანაც არ განახებს- თავის დიდებულებას.  დგახარ შენც გოდოს მოლოდინში, ვარკეთილიდან ამოსვლას ლამობ, ვაზისუბანში ბინის გაყიდვასა და ქალაქის ცენტრში ხიდის ქვეშ ცხოვრებაზე ოცნებობ. 

 

გონკები და ლოთები

 

გაზაფხულის საღამოა მშვიდი ... ხიდან ხეზე ვერ ფრინდება ჩიტი, რადგან საკმარისი ხეები არაა. არც მშვიდი საღამოა, ქუჩაში ის ხალხი იღვიძებს, ადრე ვამპირები რომ ეგონათ ჩვენს წინაპრებს, სინამდვილეში კი ის უკვდავი ბასიაკები არიან, დინოზავრებსაც რომ აჯობეს - ბუნებრივ გადარჩევას გადაურჩნენ, კოვიდიც არ შეხვედრიათ და არც ფილტვების ანთება ჰქონიათ ოდესმე, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გულმკერდდასველებული მოკლემკლავიანი პერანგებითა და მიფსმული სველი ნასკებით დადიან.
ჩემი აზრით ვაქცინა ამათი გენების გამოყენებით უნდა შეგვექმნა.
მოკლედ, გამოდიან და იწყებენ უგიტაროდ სიმღერას. /

სიტუაცია, როგორც ხდება ხოლმე, ჩხუბში გადადის და ასე ამ საამური გალობის ფონზე ისმის მამლის მესამე ყივილიც და სამსახურში წასვლამდე 2 საათიც გრჩება.
შენც, როგორც ჭეშმარიტი ვაზისუბნელი, ალბათ გაუვარდები, დაარბევ, მაგრამ გეტოში ეს არ ჭრის.
რა ჭრის, აქ არ დავწერ.
ა, ჰო, ლოთების ხმას დროდადრო მანქანების წუილიც არღვევს. აი, იმ მანქანების, მენტალურად თინეიჯერი ბიჭები რომ ვერ მართავენ  და რომლებიც, ალბათ, მამიკოებმა უყიდეს.

 

უფსკრული 

 

უფსკრული ის ადგილია, ვაზისუბანს ოთხივ მხრიდან რომ აკრავს. ასე რომ, რაიმე სარისკო გადაწყვეტილება თუ გაქვს მისაღები - იცოდე, რომ ‘რა წყალში გადავვარდეს’ პასუხი ოთხი ცალი გვაქვს. წყალი არ დაგხვდება, მაგრამ შენთვის უკვე დიდი მნიშვნელობაც აღარ ექნება.
ამიტომ ეძახიან ვაზისუბანს სამყაროს ქალაქის კიდეს. უფსკრულები, ეკლესია, სასაფლაო, highway to hell და ქალაქთან დამაკავშირებელი გზა - ყველაფერი ერთადაა. დიდი არჩევანი გვაქვს. მერე რა, რომ მატრიცაში გაჩენილ გლიჩს ჰგავს.

ხშირად მიფიქრია, აქ ბარის პირველად ჩამრტყმელი დაილოცოს-მეთქი.
მინდა რამე პლუსიც ვთქვა - მაგალითად, ზაფხულში გრილა-მეთქი, მაგრამ უკვე ცივა. საშაურმეც ერთი გვაქვს, რომელიც, იმედია, არ დაკეტილა. 

მაინც - იმედია.
 

პ.ს გამოსაჩენ ადგილას შრამი თუ გაქვს, შეგიძლია დაიბრალო, რომ ბრძოლაში დაგჭრეს და გადარჩენის შანსები ერთიორად გაგეზრდება.