როგორ გადავრჩეთ სამედიცინოში

23 სექტემბერი 2021

ხოოო... მერჩივნა, ახლა შენ ამ ბლოგის წაკითხვა არ დაგჭირვებოდა და აბიტურიენტობისას გაგეაზრებინა აქ ჩაბარების არაგეგმაზომიერება, თუმცა რახან კოლეგები ვართ და ჩვენი პროფესია ალტრუისტულად ერთმანეთის დახმარებას გვასწავლის, მეც აქ ვარ და გიზიარებ ყველაზე საჭირო ფაქტებს სახელმწიფო სამედიცინოზე. უფრო იმ დეტალებს, რაც გადარჩენაში დაგეხმარება. ყველა პირობა რომ შეასრულო, კარგი იქნება, თუ სინდისის განცდას ცოტათი მოიშორებ და ასევე ჩაგვრაზეც ხანდახან დახუჭავ თვალს (რაც მე საერთოდაც არ გამომდის).


1. როგორ მივაღწიო სამედიცინომდე

ალბათ ჩაბარებისას ყველას შემოგაგებებენ წლებით გაცვეთილ სახუმარო პოსტს, სადაც გიხსნიან, რომ თურმე დელისის მეტრო უფრო ახლოსაა თქვენს სასწავლებელთან, ვიდრე ამავე სასწავლებლის სახელის მქონე სამედიცინო უნივერსიტეტის მეტრო. ეს ინფორმაცია სიმართლეს კი შეესაბამება, მაგრამ თუ არ გინდა შენი სიარულის სისწრაფის იმედად დარჩე, შეგიძლია სამედიცინოს მეტროდან ამოსვლის შემდეგ ნებისმიერ ავტობუსს დაემგზავრო და იმაზე სწრაფად მიხვიდე, ვიდრე შენი ჯგუფელი, რომელიც დელისის მეტროდან ჩამოზოზინდება.


2. მთავარი ატრიბუტი - ხალათი

აქაც მოგცემენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალათის ნაჭერი მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რომელიც არც იკუჭება და ნებისმიერი წინაღობისგან დაგიცავს. რეალურად მალევე მიხვდები, რომ არავის აინტერესებს, როგორი ხალათი გაცვია. ამ თეთრი მანტიის გამოყენება მხოლოდ ლექციებზე ან სემინარებზე დასწრებისას გიწევს და არაფრის დიდებით არ გაბედო მისი გარეთ ჩაცმა. თუ არ დამიჯერებ და ხალათით პროწიალს ქუჩაშიც დაიწყებ, შემოდგება ვინმე მაღალკურსელი და აუცილებლად შემოგძახებს არცთუ ისე სახარბიელო სიტყვას- პინგვინი...


3. როგორ არ გავხდე პინგვინი

არ აქვს მნიშვნელობა გრეის ანატომიის პერედოზი მძვინვარებს შენში, თუ რომელიმე საექიმო ფრაზა გიტრიალებს გონებაში, ხალათით გარეთ სიარული მაინც სჯობს დაივიწყო. ხალათის ჩაცმას ამ უკიდეგანოდ გრძელი გზის მანძილზე ყოველთვის მოასწრებ.  ასევე უნდა იცოდე, რომ ეზოში შესვლიდან პირველივე კორპუსი ხელმარცხნივ, რეალურად მესამე კორპუსია და ის შენობა, რომელიც პირდაპირ ცოტა მოშორებით დგას - პირველი. თუ არ გინდა ყველა გამვლელი კითხვებით აავსო, თუ სად მდებარეობს რომელიმე კათედრა, პირველკურსზე საჭირო ყველა საგნის ადგილსამყოფელს მიგასწავლი.

ანატომია - მესამე კორპუსის პირველი და მეორე სართული;
ჰისტოლოგია - მესამე კორპუსის მეოთხე სართული;
ქიმია - პირველი კორპუსის პირველი სართული მარჯვენა მხარე;
უცხო ენები - პირველი კორპუსის მეორე სართული, მარცხენა მხარე;
ბიოქიმია, ფსიქოლოგია, მედიცინის ისტორია და აკადემიური წერა - პირველი კორპუსის მეორე სართული, მარცხენა მხარე;
ბიოლოგია, პარაზიტოლოგია - ადმინისტრაციული შენობის მეექვსე სართული.



4. ბადრი არზიანი

ეს კაცი იმ მითურ არსებათა შორისაა, რომლითაც ბავშვობაში გვაშინებდნენ. თუ აბიტურიენტს ჩაბარებამდე არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება სამედიცინოში, მან ის მაინც იცის, თუ ვინ არის ქიმიის კათედრის ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი ბადრი არზიანი. ცოტა ინერტული კათედრაა, ბევრი არ უნდა იბრძოლო, უბრალოდ შეძლებისდაგვარად დაიზეპირო ფორმულები, ტესტები და დიდებული ბადრის სახელმძღვანელო. ეს ის შემთხვევაში, როცა საშუალო ან საშუალოზე დაბალ ქულაზეც თანახმა ხარ. აი, მაღალი ქულა კი უფრო ძილის წინ ჩაფიქრებულ ოცნებას გავს - თუ სიზმარში არ დაგსიზმრებია პერიოდულობის სისტემა, აქ მთელი სახელმძღვანელო მაინც უნდა იცოდე ზეპირად, ყველა ლექციაზე წინა მერხიდან თვალებში უყურო ლექტორს, ყველა ღამე გაისწორო და მერე იქნებ შედეგიც გამოიღოს. იმასაც გეტყვით, რომ რაც შემდეგ კურსებზე გელოდებათ, ბადრი მათთან შედარებით უფრთო ანგელოზია, ამიტომ მთელს ენერგიას ნერვიულობაში პირველკურსზევე ნუ დატოვებთ.


5. რატომ უყვარხარ ლექტორს

ძირითადად ლექტორს კარგი აკადემიური მოსწრების, მოწესრიგებული და ლოგიკურად მოაზროვნე სტუდენტები უყვართ. თუმცა ჩვენში ცოტა სხვანაირად იციან. არ გეგონოს, რომ მხოლოდ სწავლით გახვალ ფონს... შენი სემესტრული ქულა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - რამდენად ობიექტურ შეფასებას გასცემენ, როგორი გარეგნობის ადამიანები მოსწონთ, ან რომელი მსახიობი უყვართ. ხშირად ელოდე ქულის დაკლებას იმის გამო, რომ გოგო ხარ და ასეთ დროს თავიანთ ქცევას გაამართლებენ სიტყვებით - „ აბა ქალი ექიმი ვინ გაიგო?!“
 

მიუხედავად ყველაფრისა, თუ ცოტა ლაქუცი მაინც შეგიძლია, ყველა წინაღობას გადალახავ, ოღონდ ისე, რომ ამ ლაქუცში არ გამოგიჭირონ.


6. ტესტები

ეს ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტად გამოგადგება სკოლაში ლექსების დაზეპირებით გავარჯიშებული გონება. თუ შინაარსის გარეშე დეტალების დამახსოვრება შენი ძლიერი მხარეა, მარტივად გახდები წარჩინებული მოწაფე. წინასწარ ტესტების გარკვეულ რაოდენობას იღებ, რომელიც გამოცდაზე მოვა და ისღა დაგრჩენია, რომ დაიზუთხო. ისიც დაიმახსოვრე, რომ თუ სწავლისას ტესტებში სწორ პასუხად ჩათვლილ შეცდომას იპოვი, არ გაიბრძოლო, გამოცდაზეც ზუსტად მსგავსად შეგხვდება.


7. ამბარი თუ ნიკორა????

ბოლო პუნქტს საკვებზე ფიქრს დავუთმობ. ბევრი არჩევანი არ არის - უნივერსიტეტის ბუფეტი, რომელიც პერიოდულად იკეტება და იხსნება, პოპულარობით არ სარგებლობს. არჩევანს ძირითადად ნიკორას პროდუქტებზე ან ამბარზე ვაჩერებთ. ამბარის ლობიანიც იმდენად ცნობილი დეტალია, რომელიც პოპულარობით შეიძლება ბადრი არზიანსაც გაუტოლდეს და მიუხედავად მისი წარსულში საეჭვო ისტორიებისა, მაინც რჩება სამედიცინოს ყველაზე ხალხმრავალ საკვებ ობიექტად. თუ გინდა ადგილები დაგხვდეს, ეცადე დიდი შესვენების წინ ხუთი წუთით ადრე გამოხვიდე ლექციიდან და ეზიარო ნამდვილი სტუდენტური ფასის მქონე უგემრიელესი ლობიანის გემოს.


მე ამით დავასრულე და ისიც იცოდე, რომ სამედიცინო ზუსტად ის ადგილია სადაც ხვდები, გინდა თუ არა ექიმობა და გულითად რჩევად გიტოვებ იმასაც, რომ არასოდეს არის გვიანი, უარი თქვა ამ გაწელილ პროცესზე.