როგორ გადავჭრათ ტოქსიკური ძაფები?

25 ივნისი 2021

                                                       

თვალებს ვხუჭავ და ჩემი წარსულის შორეულ განცდას ვიხსენებ, რომელიც  იმდენად  შორეულია, რომ მეხსირების  ფსკერში ჩამარხული მოგონების ზედაპირზე ამოტივტივება არანაირ ემოციას აღარ იწვევს. კადრში თითქოს ძირს ვგდივარ და ძლიერად მაბიჯებენ სხეულზე. მე კი გულმოდგინედ ვცდილობ იშვიათი წამები გავიხსენო და ჩავებღაუჭო. ვცდილობ რამდენიმე წამის ბედნიერებამ გადაწონოს თვეების ტკივილები და ცრემლად დამძიმებული სულის ნაწილები, რომლებიც სასწორის მეორე მხარეს უფსკრულისკენ ექაჩებიან. რომელი გადაწონის? სინამდვილეში არჩევანს მაინც ჩვენ ვაკეთებთ. ან თავს ვითავისუფლებთ, ან პირიქით კიდევ უფრო მიჯაჭვულები ვხდებით.


გაიხსენე შენი გონების მორბენალ კადრებში თუ მოიძებნება სხვისგან განადგურებული შენი თავი, რომელიც საკუთარი თავის გარდა ყველაზე და ყველაფერზე მიჯაჭვულა და თავისი თავის დაკარგვა კი არ ადარდებს, არამედ მათი, ვინც თავი დააკარგვინა. როგორ ფიქრობ, შენი წვლილი რამდენია იმაში, რომ გაგანადგურეს? იქნებ იმ ძაფების გადაჭრა, რომელიც სხვა ადამიანთან გვაკავშირებს არც ისე მარტივია?

ადამიანები რთული არსებები ვართ, ისევე შეგვიძლია ჟანგბადით შევავსოთ ერთმანეთი, როგორც სამუდამო უჰაერობისთვის გავიმეტოთ, მაგრამ გვჭირდება კი სხვისი ჟანგბადი, როცა თავადაც შეგვიძლია სუნთქვა?

                                   

ტოქსიკური ურთიერთობის ნიშნები


ფსიქოლოგიის ექსპერტი ლილიან გლასი 1995 წელს გამოცემულ თავის წიგნში “ტოქსიკური ხალხი” ამბობს, რომ ყველა ურთიერთობაში არსებობს აღმართი თუ დაღმართი, თუმცა ტოქსიკური ურთიერთობები მუდმივად დამქანცველია და მასში არსებული უარყოფითი მომენტები ბევრად აჭარბებენ პოზიტიურს. პირველი ნიშანი, რომელიც ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის, რომ უფრო ღრმად ჩავიძიროთ ტოქსიკურ ურთიერთობაში, საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობაა. ამ ნიშანს მოჰყვება მუდმივი სტრესი, საკუთარი საჭიროებების იგნორირება, ტოქსიკური კომუნიკაცია, (სარკაზმი, კრიტიკა) მიჯაჭვულობა, ეჭვიანობა, მანიპულაციები, უპატივცემულობა, ნდობისა და მხარდაჭერის ნაკლებობა,  უკიდურეს შემთხვევაში კი ძალადობა.



რა ხდის ურთიერთობებს ტოქსიკურს?


ადამიანებს საკუთარი ცხოვრებისეული ტრავმული გამოცდილებების გადააზრება და წარსულში დატოვება ძალიან გვიჭირს. გვიჭირს უარყოფითი ემოციების კონტროლი. ღრმად გვჯერა, რომ წარსულის ტკივილები ახალ ურთიერთობებშიც გამოგვყვება და კვლავ განმეორდება. ამ დროს, რა თქმა უნდა, ისევე ვვნებთ სხვას, როგორც საკუთარ თავს. თუმცა არსებობენ ტოქსიკური ადამიანები, რომლებიც სხვებზე უარყოფითი გავლენით საზრდოობენ და ამით საკუთარი თავის სიძლიერეში რწმუნდებიან.

ხშირად ადამიანებს ერთმანეთისადმი განსხვავებული განცდები და ემოციები აქვთ, რაც ურთიერთობის არასწორ კონცეფციას ქმნის. ამას ემატება საკუთარ თავთან გადასაჭრელი საკითხები და პროექციები, რაც საკუთარი გრძნობების, მოსაზრებებისა და განწყობების სხვა ადამიანზე გადატანას გულისხმობს. საბოლოოდ ვარდისფერი ბურუსი იფანტება და  ილუზიის მიღმა ის რეალობა გვეჩეხება, რომელიც ერთი ხელის მოსმით თავზე გვანგრევს ჩვენს განწყობებს და მოლოდინებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მზრუნველობით  ვუსხამდით წყალს. ადამიანები საკუთარ წიაღში იმდენად ახლოს ვუშვებთ სხვა ადამიანს, რომ საკუთარ თავს მათგან დამოუკიდებლად ვეღარ აღვიქვამთ. ეს კი ტოქსტიკური ურთიერთობის უკიდურესი ფორმა მგონია.

             
                       

ტოქსიკური ურთიერთობიდან თავის დაღწევა


 

აღიარე საკუთარ თავთან, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ.
ყველა სირთულის გადალახვის დასაწყისი რეალობის მიღებით იწყება.


გააცნობიერე, რომ ჯანსაღ ურთიერთობას იმსახურებ.
ტოქსიკური ურთიერთობების დატოვებას ჩვენი რწმენები და იმედები კიდევ უფრო ართულებს, ამიტომ მოეშვი მცდელობებს შეცვალო  ადამიანები და ახსნა მოუძებნო მათ ქმედებებს, რომლებიც ტკივილს გაყენებს. 



გაიაზრე ვინ ხარ.
გაიხსენე, როგორი იყავი ტოქსიკურ ურთიერთობამდე? როგორ აფასებდი და აღიქვამდი საკუთარ თავს? ხშირად დისფუნქციური ურთიერთობების მქონე ადამიანები კარგავენ საკუთარ თავს. მათთვის საკუთარი თავის ბედნიერება პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. აუცილებელია თვითთანაგრძნობა, რაც ტოქსიკური ურთიერთობებიდან თავის დაღწევის გასაღებია.

 

დაუკვირდი საკუთარ განცდებს.
დაუსვი კითხვები საკუთარ თავს. ურთიერთობა, რომელშიც იმყოფები შენთვის დადებითი ემოციების მომტანია? დაფიქრდი გიღირს თუ არა დარჩენა? და თუ გიღირს, რის ფასად?

ეცადე სარკეში ჩახედვისას არ გაექცე საკუთარ მზერას და ზუსტად ამოიკითხო რას გრძნობ. საკუთარი ტკივილებისგან გაქცევა ტოქსიკურ ურთიერთობას ვერ გააჯანსაღებს.

 

საკუთარი თავი მსხვერპლად არ წარმოაჩინო.
საკუთარი თავის შეცოდება და სუსტ ადამიანად აღქმა შენს მენტალურ ჯანმრთელობას  ვერ გამოასწორებს. მიუხედავად განცდილი ტკივილებისა, იფიქრე, რომ ტოქსიკური ურთიერთობა, რომელშიც იმყოფებოდი შენი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.


შეიყვარე საკუთარი თავი.
ოდესმე თუ გიფიქრია ვინ არის შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი? იქნებ თავად შენ ? რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, პრიორიტეტად საკუთარი თავი აქციე. შეიყვარე საკუთარი თავი იმდენად, რომ სხვებს უფლება აღარ მისცე ტკივილი მოგაყენონ.


ხანდახან მგონია, რომ ადამიანები ტკივილის მწვერვალზე უნდა აღმოვჩნდეთ ფერი რომ ვიცვალოთ, მაგრამ ნუ დაელოდები ტკივილის უკიდურეს წერტილზე ფეხის დადგმას. გახსოვდეს, შენში არსებობს მშვიდი ზღვა. ზღვა თვითსიყვარულის.