როგორ დავიცვათ ნორჩი იდეები კრიტიკის სეტყვაში

31 იანვარი 2022

- სალომე, ფრთხილად, არ წაიქცე!

და მაშინვე ვეცემი. თქვენც გემართებათ ხოლმე? თითქოს მანამდე არც ვფიქრობდი დაცემაზე, წაქცევაზე ან იმაზე, რომ ჭიქა ხელიდან შეიძლება გამივარდეს, მაგრამ როგორც კი ამას დავუშვებ, თითქოს მაშინვე ცხადი ხდება, რომ მარცხი გარდაუვალია.

რატომ ხდება ასე? ერთი-ორი დაგუგლვის შემდეგ „გაირკვა“, რომ საქმე შიშში ყოფილა. რისიც მანამდე არ გვეშინოდა, ცოტა დაფიქრების ან მითითების შემდეგ უცებ გვეშინია და ჰოპ, ზღართანი!

მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როცა აბსტრაქტულ ან კარიერულ საფრთხით „გვაშინებენ“.

ჩემი მისამართით ასეთი შეგონებები მომისმენია:

- უფ, შენი ინგლისური თარგმანი ვის რაში სჭირდება? არ გინდა თარჯიმნობა, ყველამ იცის ინგლისური და არ იქნება სამუშაო...

- ფრილანსერობა?! ცოტა ხანს შეიძლება, მაგრამ მერე რამე სერიოზული უნდა მოძებნო! შვილები რომ გეყოლება, მერეც ფრილანსერი ხომ არ იქნები?

- სალომე, სხვა პროფესიაც ნახე თარჯიმნობის გარდა, თორემ მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლებს და შენ დარჩები უსამსახუროდ და თანაც, ამდენი თარგმნით გამოფიტული!

- შვილი 32 წლამდე უნდა გააჩინო, მერე კიბო დაგემართება ან ვეღარ გააჩენ და ინანებ!

- სინქრონის კურსები? გინდა საკუთარი კონკურენტები გაზარდო? შენ ვიღა დაგიქირავებს?

მოკლედ, რა აღარ მომისმენია საკუთარი წამოწყების თუ მოსაზრების საწინააღმდეგოდ და მარტივია თქვა: „მოიცა, რა, დაიკიდე!“ და ბევრად უფრო რთულია, რომ მართლა არავის აზრს მიაქციო ყურადღება. ილუზიაა ის, რომ ვინმეს (ფსიქოპათების გარდა), ყველას აზრის უგულვებელყოფა და ჯიუტად საკუთარი გეგმების განხორციელება შეუძლია, თანაც, ნერვის შეტოკების გარეშე.   

ბუნებრივია, მეც არაერთხელ დამაფიქრა კეთილმოსურნეების გაფრთხილებებმა, მართლა ხომ არ ვცდები და ეს ჩემი ახალთახალი იდეაა მართლა სისულელე ხომ არ არის-მეთქი. 

ამის ყველაზე კარგი მაგალითი ისაა, როდესაც 2017 წელს გადავწყვიტე ეკონომისტობა მიმეტოვებინა და ე.წ. „ფრილანსერი“, დამოუკიდებელი თარჯიმანი გავმხდარიყავი. ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავენ მაშინვე დაბრკოლებები გაახსენდათ და მაფრთხილებდნენ უსასრულოდ იმის შესახებ, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა და სჯობდა ისევ CV-ების გზავნა დამეწყო კომპანიებში და აუცილებლად ვიპოვიდი რამეს. არადა, კომპანიიდან ახალი წამოსული ვიყავი, ჩემივე ნებით, დაწინაურებიდან მალევე... უბრალოდ, თავისუფლება მინდოდა და ვგრძნობდი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ოფისის ვერცერთ სამსახურში ვერ ითვისებდნენ, თითქოს.

ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ამიტომ ვუსმენთ სხვებს და მათ მოსაზრებებს. თუმცა მსგავს სიტუაციებში რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი:

ვინ არის ადამიანი, რომელიც რჩევას გვაძლევს? რამდენად კარგად ერკვევა ამ სფეროში?

რა ამოძრავებს იმ ადამიანს, რომელიც გვაფრთხილებს? იქნებ უბრალოდ გაუცნობიერებელი შიში აქვს და უნდა იმედგაცრუებისგან დაგვიცვას?

რა უდგას წინ ცდას? რა მოხდება მაშინ, თუ პატარა კარიერულ მარცხს განვიცდით?


რომ შევაჯამოთ, ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად გვაშინებენ და ჩვენთვის ცუდი კი არ უნდათ, უბრალოდ ცდილობენ, რომ ყველა ვარიანტი განვიხილოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადავდგათ, მაგრამ ზოგჯერ პირიქით, გვაბრკოლებენ და უკან დახევისკენ გვიბიძგებენ.

სინამდვილეში კი ახალ, ნორჩ იდეას მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. ამიტომ კარგად დაფიქრდით ვის გაუზიარებთ თქვენს ჩანაფიქრს და რას შეგაგებებთ ადრესატი: შეგაგულიანებთ თუ პირიქით, დაგაფიქრებთ და დაგაღონებთ?

 

„2017 წლის სალომეს“ რომ დავუბრუნდეთ... მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჩემს ახალ პროფესიაში - თარჯიმნობაში ბევრ სირთულეს ხედავდა, საბედნიეროდ გარშემო ისეთი მეგობრები და ახლობლებიც მყავდნენ, რომლებიც ამ იდეით აღფრთოვანდნენ და მხარი დამიჭირეს. ამან უდიდესი ძალა მომცა და ფრთები შემასხა, შედეგი კი დღეს აშკარაა: თარჯიმნობის დაწყება ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

ასე რომ, იპოვეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცინცხალ იდეებს კრიტიკის სეტყვას კი არ დაუშენენ, არამედ წყალს დაასხამენ. კრიტიკას რა თქმა უნდა, თავისი დრო და ადგილი აქვს და როცა თქვენს გეგმებში უფრო მოძლიერდებით, მერე მიაკითხეთ მათ, ვინც ყველაფერში პოულობს დაბრკოლებას. გეგმების დასახვეწად რისკების გათვალისწინებაც აუცილებელია.

როცა 2017 წლიდან დღემდე პერიოდზე ვფიქრობ, ვიაზრებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გავბედე. წამოვედი სტაბილური სამსახურიდან და დავიწყე თარჯიმნობა, ნელ-ნელა ავაგე მარკეტინგული მიდგომა, ვიპოვე აუდიტორიასთან სასაუბრო საერთო ენა და ყოველთვის ვცდილობდი მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხი შემეთავაზებინა. რა თქმა უნდა, წარმატებას ყველა თავისებურად ხედავს, მაგრამ ჩემი წარმატებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ახლა სხვა, ნაკლებ ყოვლისმომცველი, მაგრამ მაინც ახალი იდეები მაქვს და როცა მინდა, რაც შეიძლება თავისუფლად მივცე ფანტაზიას გასაქანი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ დავფრინავ. სრული თავისუფლება! ზუსტად „ფრენისას“ იბადება ყველაზე გაბედული და ფერადი იდეები.

შთაგონებისთვის დიდი მადლობა ფსიქოლოგ, თინათინ აფხაიძეს.