როგორ დავეხმაროთ უკრაინას?

4 მარტი 2022

 

ბოლო დღეებია, ინტერნეტს ვერ ვწყდები. ყველა სოციალურ ქსელში სიახლეებს ვკითხულობ უკრაინის ომზე. გამთენიას ვიძინებ, გაღვიძებისთანავე კი ისევ ინტერნეტს ვუბრუნდები, რაიმე სერიოზულის გამორჩენის შიშით. ვერაფერს ვაკეთებ, ვუყურებ ომს, ტერორისტულ აქტსა თუ გენოციდს და ერთადერთი რაც მინდა, ამ ყველაფრის მალე და სამართლიანად დამთავრებაა. 

 

სამოქალაქო საზოგადოება სიტყვითა თუ საქმით უკრაინის დახმარებისკენაა მომართული. მხედველობიდან ვერ გამოგეპარება ის ადამიანური თანადგომა, რასაც ახლა საქართველოს მოსახლეობა აკეთებს და რაც ბევრად აჭარბებს მთავრობის მიერ გაღებულ დახმარებასაც. ომში არავის მიტოვება არ შეიძლება, ვიცით და ამიტომაც გვაქვს უძლურობის განსაკუთრებული განცდა ქართველებს. ვერ ვეხმარებით, ვერ ვშველით, ვერ ვაჩერებთ. რაც არ უნდა გავაკეთოთ საქართველოდან, გვგონია, რომ მაინც არ იქნება საკმარისი იმ ადამიანებისათვის ახლა სახლს რომ უნგრევენ და მათ მანქანებს ტანკებით რომ უვლიან. 

 

აქ იმაზე მოგიყვები, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას:

 


ჰუმანიტარული დახმარება 

 


უკრაინის საელჩოს საქართველოში რამდენიმე პუნქტი აქვს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარებაა შესაძლებელი. მედიკამენტები, საკვები, წყალი, პირველადი დახმარების ნივთები ომით დაზარალებულებს განსაკუთრებით სჭირდებათ. 

 

გარდა უკრაინის საელჩოსა, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა ცდილობს

 

უკრაინას პირადი გადარიცხვებითაც შეგვიძლია დავეხმაროთ. სამოქალაქო ორგანიზაციები თანხას აგროვებს, რომელსაც, მათი თქმით, უკრაინის მთავრობას გადაურიცხავენ.  

 

ალბათ, უკრაინელებისათვის სისხლის გაღება ის აქტი იქნება, რაც განსაკუთრებით დაგვამშვიდებს ყველას. განსაკუთრებით ამაღელვებელი იქნება. ამისათვის შესაბამისი ტრანსპორტირება და ტემპერატურის კონტროლია საჭირო, რის გამოც, ყველა სამედიცინო პუნქტსა და სისხლის ბანკში სისხლის ჩაბარება შესაძლებელი არაა. მაგრამ მაინც, რამდენიმე კლინიკა იღებს ამის პასუხისმგებლობასაც.  


მოხალისეები 


ქართველ მოხალისეთა ჯგუფები უკრაინაში მიდიან. უკრაინაში უკვე არსებობს “ქართული ლეგიონი”, რომელიც შვიდი წელია მათ ტერიტორიულ მთლიანობას იცავს. ომის დროს ამ ლეგიონს 3000 მოხალისე შეემატა სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველი მოხალისეები საკუთარი რესურსით მიდიან მეგობარი სახლმწიფოს დასახმარებლად. სახელმწიფო კი მაქსიმალურად ცდილობს ხელის შეშლას. თუ არსებობს უკრაინის ომში ჩართვის სურვილი, ალბათ, მთავრობისგან დახმარებას ნაკლებად უნდა ველოდოთ და იმ კონკრეტულ ჯგუფებს უნდა შევუერთდეთ, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ უკრაინაში მოხვედრასა და რეზერვში ჩაწერას. 

 


უკრაინელების საცხოვრებლითა და სურსათით უზრუნველყოფა

 


საქართველები ხშირად წერენ საკუთარ ექაუთებსა და უკრაინის დასახმარებელ ჯგუფებში, რომ ისინიც მზად არიან, თავიანთი სახლები და ოთახები უკრაინელებს გაუნაწილონ. ალბათ, შეგვიძლია, აქ მყოფ უკრაინელებს მშვიდ გარემოში ვაგრძნობინოთ თავი და სანამ ქვეყანაში დაბრუნდებიან, სიმშვიდეში დავეხმაროთ. 

 


მხარდამჭერ აქციებზე სიარული და პეტიციებზე ხელის მოწერა

 


გუშინ აქციაზე მივდიოდი. სანამ მეტროს მატარებელს ველოდებოდი, სადღაც თხუთმეტი წლის გოგოები აქციისთვის პოსტერებს ამზადებნენ. რუსულის არმცოდნე თაობა Google-ში ეძებდა პოსტერზე როგორ უნდა დაეწერათ иди на хуй და Пу́тин хуйло́. 

 

საპროტესტო აქციებზე სიარული, განსაკუთრებით ჩვენთვის, არის ყველაზე მკაფიო გზა თანადგომა დავანახოთ უკრაინელებს. 

 

არაერთი პეტიციაა შექმნილი, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით აწერებ ხელს. პეტიციები რუსული კომპანიებისა და პუტინის ომის წინააღმდეგ იქმნება, ასევე ითხოვენ უკრაინის ცის დახურვას, ნეიტრალური ქვეყნებისგან სამხედრო დახმარების მიღებას… 

 


სოციალური მედიის გამოყენება რუსული აგრესიის წინააღმდეგ 

 


ეს მსოფლიო და ადგილობრივ ლიდერებამდე ხმის მიტანის მასობრივი გზაა. სოციალურ მედიაში მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანიაა დასავლელი ლიდერებისათვის. პოსტებში სამი ძირითადი მოთხოვნა ჭარბობს: 1. დაკეტეთ უკრაინის საჰარეო სივრცე, 2. უზრუნველყონ თავდაცვით დახმარება, 3. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თვითში, პოსტში ან სთორიში ქვეყნისათვის მიმართვის მაგივრად, უმჯობესია პოლიტიკური ლიდერები მოვნიშნოთ. 

 

როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა უკრაინას? - საქართველოს მთავრობამ უკრაინას ერთი მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ვინმეში არ შევეშალათო და შავით თეთრზე დააწერეს: “საქართველოს მთავრობისგან.” გაგრძელებაც უნდოდათ მიეწერათ: “იმ ფულით, რომელიც ქართველ ხალს შემოაქვს ბიუჯეტში და იმ ფულით, ძლივს რომ გაგვაგდებინა ქართველმა ხალხმაო”, მაგრამ აღარ დაეტია. 

 

პრემირი ახლაც ამტკიცებს, რომ რუსეთისათვის სანქციების არ დაწესება პრაგმატული გადაწყვეტილებაა და საერთოდაც, ამ სანქციებს არ აქვს აზრი. პრემიერის თქმით, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს ვერ დაუწესებს, მაშინ ქართველებიც იზარალებენ ეკონომიკურადო - გამორჩა ეთქვა, რუსულ ბაზარზე დამოკიდებული გავხადე ქვეყანა და ამიტომაცო. სულ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს აქვს საჰაერო სივრცე რუსეთისათვის ღია. ერთ-ერთი ჩვენ ვართ. მეორე ბელარუსი. როგორც ამბობენ, საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე კიდევ ფიქრობენ და კონსულტაციებს გადიან მეზობელ ქვეყნებთა. თუ შეგვრჩა ასეთი ვინმე. ხელისუფლება მოხალისეებს არ აძლევს უკრაინაში წასვლის უფლებას. მეტიც, სამარცხვინოდ ღარიბაშვილი უკრაინასა და ევროპას საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ძალით ჩათრებაშიც ადანაშაულებს. 

 

ყოველ წუთს ახალ კადრებს ვხედავთ უკრაინიდან, თუ როგორ იწვის შენობა, საავადმყოფო, საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი, ტყეები… ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, ნუთუ არ გვაქვს ქვეყანაში რესურსი რაიმე მნიშნელოვანი ფულადი დახმარების, ცოტა შეიარაღების გაგზავნის, სამხედრო ფორმის გაგზავნის მაინც? ომი მორჩება და ამ ნახევრად დანგრეული ქვეყნის წამოყენებაში ჩვენი როლიც სადღაც ხომ უნდა იყოს. 

 

არ ვართ EU-ს წევრი, მგონი ამ გზას საერთოდ აგვაცდინეს. თუ ისევ გვინდა EU-ში, მათი პრინციპების მიხედვით მაინც ვიხელმძღვანელოთ და ამ დროს მაინც შევასრულოთ რეკომენდაციები. საქართველოს მთავრობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ საქმეში ევროპისათვის დახმარების თხოვნის მორალურ უფლებებს კარგავს. პრინციპული არჩევანის გაკეთება, მგონი უკვე დაგვიანებულია, საქართველოს პრემიერს საერთაშორისო მასშტაბით ისედაც უკვე კრემლის მარიონეტს ეძახიან.