როგორ წავედი(თ) მე და ჩემი ტყუპი(ც) ევროპებში სასწავლებლად?

30 მაისი 2022

ყველანი ჩვენი აბიტურიენტობიდან მოვდივართ.

 

ყველამ დავამარცხეთ ის სამთავიანი გველეშაპი, და სამივე თუ არა, ერთი თავი მაინც წავაგდებინეთ. მე-12 კლასამდე ტრავმადახუნძლულები მივედით და ის-ის იყო გველეშაპის მეორე თავზე უნდა გადავსულიყავით, რომ მივხვდით, მასწავლებლებთან ცალკე რომ უნდა გვეარა კიდევ და ახლა სხვა რეპტილოიდი მოგვეკლა. კაიც მახსენდება სკოლიდან, ეგრე კი არაა, ბუფეტის 60 თეთრიანი ბულკები- თუ გაგიმართლებდა შოკოლადს რომ იპოვიდი. როგორღაც მივედით იმ მომენტამდე, ჩვენი მშობლებიც კი ტკბილად რომ იხსენებენ და “ჩემი სტუდენტობის დროოს” რომ ჰქვია. 

 

მოვიდა დრო ორ დიპლომსა და კარიერაზე ფიქრის. ჰოდა, ის გადავწყვიტეთ, ოჯახმა, რომ საქართველოში არაფერი გამოვიდოდა და უცხოეთებში ჩაბარებაზე უნდა გვეფიქრა. უცხოეთში ჩაბარებას შენთვის თავის ტკივილის ხმა თუ აქვს და უამრავი საბუთის სახე, რომელსაც თავს ვერასდროს მოუყრი, მაშინ მინდა დაგამშვიდო - მეც ეგ გზა გამოვიარე და მთლად ასეთი მტკივნეულიც არ აღმოჩნდა. აჰა, ცოტა რჩევები შენ:

 

მოკლედ, ვუღალატე რა საქართველოს და ჩვენს შემდგარ განათლების სისტემას - გადავწყვიტე, სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა სწავლა. რაღაც პერიოდი ძიების შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია რომელიც მოგიძებნიდა უნივერსიტეტებს და გამაგზავნინებდა აპლიკაციას, რა თქმა უნდა, საკმაო ოდენობის თანხის სანაცვლოდ. 

 

ახლა რომ მკითხო, ეს ფული წყალში გადაყრილად მეჩვენება, იმიტომ რომ უნივერსიტეტებს საიტზე ყველაფერი აქვთ მითითებული და რამე მაინც თუ ვერ იპოვე, ან სხვა კითხვა გაგიჩნდა, ყოველთვის შეგიძლია დაეკონტქტო სასწავლებლის წარმომადგენელს (მეილი ხშრად მითითებულია გვერდის ბოლოში), მთავარია ლათინური ინგლისური კარგად იცოდე. მოკლედ, ამ ორგანიზაციამ მომიჩინა ეგრეთ წოდებული მრჩეველი, რომელიც ბევრ რამეში მეხმარებოდა, თუმცა, ბროწეულის სარჩევი რატომ არ არსებობს ეს ვერ ამიხსნა. 

 

პირველი, რაც სასწავლებლის არჩევისას უნდა გაითვალისწინო არის ბიუჯეტი 

 

ის ფაქტი, რომ მე და ჩემი ტყუპისცალი ერთად მივდიოდით - მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდი, ორი ერთნაირი ვართ და ერთი სახლშიც დაიტოვეთ მეთქი - დაფინანსების აუცილებლობას ქმნიდა, თუმცა ვიპოვეთ ქვეყნები სადაც სწავლის ფასი და განათლების ხარისხი ადექვატური იყო - ჰო, თავიდან, არც მე მჯეროდა, მაგრამ კი, არსებობს ასეთი ქვეყნები, მაგალითად: ჩეხეთი, უნგრეთი, ჰოლანდია.   

 

მეორე არის ლოკაცია 

 

ევროპა, ამერიკა, აზია, მარსი, ელდორადო, ატლანდიტა - არავინ გზღუდავს. ცოტა ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი რომ ამერიკაში ჩასასვლელი ბილეთის ფასად ერთი წლის სწავლის საფასურს გადავიხდიდი ბევრ ევროპის უნივერსიტეტებში, ასე რომ ევროპებზე შვჯერდი. ამერიკაში კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებია, თუმცა მე იმ თაობიდან ვარ, გამყარებული ლარი რომ არ უნახავს, ასე რომ ... 

 

ამ ორი ფაქტორის გადაწყვეტის შემდეგ დროა თვითონ უნივერსიტეტები მოძებნო. ჩემს შემთხვევაში ამას უმეტესად მრჩეველი აკეთებდა, მაგრამ ჩემი გაომოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო მეთოდი ქვეყნებიდან, ქალაქებიდან და რეიტინგიდან გამომდინარე მოძებნაა. ანუ, არჩეული ფკულტეტის მიხედვით - მსოფლიოს, ევროპის ან ქვეყნის რეიტინგის მოძებნა და თითოეული სასწავლებლის შემოწმება. 

 

პირველი აუცილებელი საბუთი, არის ლათინურის ცოდნა, დემონების გამოსაძახებლად ინგლისურის ცოდნის დამადასტურბელი გამოცდის სერტიფიკატია. ამისათვის უნდა აიღო ორი სერტიფიკატიდან ერთ-ერთი - TOEFEL, რომელსაც იღებენ როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში; ან IELTS, რომელიც ბრიტანულია და ევროპულთან ერთად ზოგიერთ აზიურ ქვეყანაშიც ცნობენ, მაგრამ არა ამერიკაში. ვერ ვიტყვი ამ ორი გამოცდიდან რომელი უფრო რთული ან იოლია - ზოგს პირველი უფრო უჭირს, ზოგს მეორე. სანამ რომელიმესთვის მომზადებას გადაწყვეტ შეგიძლია ორივეს სპეციფიკას გაეცნო და ამის მიხედვით აარჩიო, რომელი უფრო გემარტივება. 

 

შედეგების ნაწილში მთავარია გაითვალისწინო, რომ ყველა უნივერსიტეტს თავისი ზღვარი აქვს დაწესებული, რომლის გადალახვაც მათთან ერთი ნაბიჯით გაახლოებს. ეს ზღვარი TOEFEL-ის შემთხვევაში ძირითადად 80/120-ია, ხოლო IELTS-ის 6.5/9-ია. ამ ქულებს, დაფინანსების მხრივ, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. უბრალოდ აინტერესებთ შეკსპირის მოსაბრუნებელი ინგლისური თუ იცი. 

 

და აი მივედით აპლიკაციის შევსებამდე. ამერიკის შემთხვევაში აპლიკაციის გაგზავნა ყველა უნივერსიტეში ერთი საიტიდან (commonapp-იდან) შეგიძლია, ხოლო ევროპის შემთხვევაში თითოეული სასწავლებლის აპლიკაცია ცალ-ცალკე უნდა შეავსო მათი ვებსაიტების მეშვეობით. 

 

აპლიკაციების გაგზავნის შემდეგ ყველაზე უმეტეს 4-5 კვირაში მოგივა პასუხი - გადახვედი, დაგაფინანსეს თუ რაიმე საბუთის გაგზავნა ხოარ დაგავიწყდა, მაგალითად, შენი ტყუპისცალის ... მაგრამ უმეტესად ჯერ ინტერვიუს ითხოვენ ხოლმე. დაფინანსება თუ საკმარისი არ იყო, შეგიძლია გააგზავნო მისი გაზრდის მოთხოვნა (financial aid). ზოგი სასწავლებელი ასევე ითხოვს თავისი ქვეყნის ეროვნულებს, ზოგი— შენი ქვეყნის ეროვნულებს. სკოლიდანაც იქნება რამდენიმე საბუთი გასაკეთებელი, რომლის განმარტებაც მითითებული იქნება, მარგრამ თუ მაინც რამე ვერ გაიგე, ისევ უნივერსიტეტის წარმომადგენელს მიმართე და ის ყველაფერს დეტალურად აგიხსნის. აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგი იქნება თუ ატვირთავ სერტიფიკატებს, რამე ღონისძიებებიდან მიღებულ საბუთებს, სპორტულ მიღწევებს, შენს დაწერილ ლექსებს, გამოგონებულ სიტყვებს, გახლეჩილი ატომების რაოდენობას მოკლედ-ყველაფერს, რაც შენ უფრო სასურველ მოსწავლედ გამოგაჩენს ვიდრე სხვებს.

 

და ბოლოს, თუ თქვენც ჩემნაირად მეილის არსებობა მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა ფეისბუქი მეილის შეყვანას გთხოვთ, მაშინ ვინმე დაიქირავეთ, თქვენს მაგივრად მეილი რომ ამოწმოს ხოლმე - ყოველთვის აკონტროლეთ უნივერსიტეტის დედლაინები. ძალიან ხშირად ხდება, რომ რაღაც არასწორი საბუთია ატვირთული, ან შენი ტყუპისცალის საბუთებია დასამატებელი და ამაზე ყოველთვის მეილით გატყობინებენ.

 

აბა, თქვენ იცით, სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში რა ხდება არავინ იცის.