
„ტოლკინის გულშემატკივრები თავად ანადგურებენ ახალი სერიალის რეიტინგს“ - არის ამ წინადადებაში რაღაც სევდიანი.
ტოლკინის შემოქმედება ყოველთვის გაუძლებს დროს, რადგან ის გვასწავლის, რაც ბუნებრივად სწორია, რაც ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. გვაჩვენებს, რომ უანგარო ქმედება და თავგანწირვაა ის, რისი დანახვის დროსაც, ნებისმიერ "სიმახინჯეს" უქვეითდება ბოროტების ჩადენის უნარი. მიუხედავად მისი შექმნილი სამყაროს სიდიადისა და მრავალფეროვნებისა, მას მაინც სჯერა, რომ ბოროტებას მოკვდავი, სიცოცხლის სიყვარულითა და სიკვდილის მოლოდინით განმსჭვალული ადამიანი შეეჭიდება და დაამარცხებს.
ურთულესი მისიაა, შეხვიდე ტოლკინის სამყაროში და სცადო მისი წარმოჩენა ისე, რომ რამე არ დააზიანო. პიტერ ჯექსონმა ეს ყოველივე თითქმის იდეალურთან მიახლოვებულამდე შეძლო. შეიძლება ითქვას, ისე გაგვათამამა კარგი ეკრანიზაციით, რომ ავტომატურად დაბლოკა ჩვენმა გონებამ ყოველი ახალი მცდელობა სხვისი მხრიდან. ტოლკინის შემოქმედების მოყვარულები ვაძლევთ ხოლმე თავს იმის უფლებას, რომ მას ხელშეუხებლის სტატუსი მივანიჭოთ. არადა, თავად ტოლკინი მოგვანიშნებს, რომ ყველაზე პატარა არსებასაც კი შეუძლია უდიდესი ცვლილებების ავტორი გახდეს. ზუსტად ამ მინიშნების ფონზე, ბევრად საინტერესოა, როგორი ფორმირება განიცადა ახალ გადამღებ ჯგუფში ტოლკინის მონათხრობმა. როგორ ახერხებს უამრავი წლის წინ დაწერილი წიგნი დღევანდელ სამყაროში გაჟღერებას. ტოლკინმა გვაჩვენა, როგორია მისი თვალით დანახული ბოროტება და სიკეთე. ახლა საინტერესო ისაა, ჩვენ როგორ განვავრცობთ დანახულს.
სერიალს ფონად გასდევს შიშის შეგრძნება. ყველამ იცის საურონის შესახებ, მაგრამ, არავის უნახავს ის. შიშის, როგორც სიბნელის შემოპარვა კარგად ჩანს როგორც კადრებში, ასევე, გმირებში გაჩენილ ეჭვებში. ტოლკინის თვალით დანახული გალადრიელის მხოლოდ თმასაც კი შეეძლო გარშემომყოფების დაბრმავება, თუმცა, სერიალში „გაადამიანურებული“ გალადრიელიც საინტერესო სანახავია. იქნებ ის, რასაც თვალს ვერ უსწორებენ ადამიანები, ელფები თუ სხვები ის სიკეთეა, რომელიც ხელშესახები უნდა გახდეს ყველასთვის. სინათლე, რომელთანაც ყველას აქვს მისვლის უფლების შანსი. ყველაზე მეტად რაც მომწონს ისაა, რომ არავინაა დასაწყისში ბოლომდე კეთილი ისევე, როგორც არავინაა ბოლომდე ბოროტი. თითქოს, ბალანსში მყოფ გმირებს გვიხატავენ და გვხდიან მეგზურებს, რათა, თავად დავინახოთ, რომელი მხარე დაეპატრონება მათ გულსა და გონებას.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კადრი „უცხოს“ გამოჩენა იყო. მასზე რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა, ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი გმირი აღმოჩნდება. ვფიქრობ, მეტად საინტერესო ისაა, თუ როგორ გვაჩვენეს სერიალში მეტეორის ჩამოვარდნის მეტაფორით რაღაც ახლის, რაღაც საინტერესოს დაბადება. არ მიუნიშნებიათ, კარგი ჩნდებოდა თუ ცუდი, მთავარია, გაჩნდა რაღაც ახალი, რასაც გმირებმა და გარემოებებმა უნდა მისცენ ფორმა.
ვფიქრობ, ტოლკინის მიზანი ის კი არაა, რომ თავისი შემოქმედების სიდიადეზე ჩაგაფიქროს, არამედ ის, რომ საკუთარ თავზე, როგორც დიადი საქმის შემსრულებელზე, დიდი მისიის მატარებელზე დაიწყო ფიქრი. გარდა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი თემისა, ტოლკინთან ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებულია ერთი შეხედვით ბანალურ ნათელისა და ბნელის ჭიდილზე. თუმცა, ტოლკინი არ კარგავს ბალანსს და ორივეს აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც თვითონ ამბობს - „არაფერია დასაწყისშივე ბოროტი“. ქრისტიანული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ადამიანები კეთილი მიზნით, კეთილი მისიით მოვევლინეთ სამყაროს. ბნელისკენ მიმართული გეზი კი იმის შედეგია, რომ არჩევანის უფლება მოგვეცა. შესაბამისად, არ არსებობს ერთი მეორეს გარეშე. ეს არის ჭიდილი სინათლეში დარჩენასა და ბნელის არჩევას შორის. სინათლეში დარჩენა, შორიდან რომ შევხედოთ, უმოქმედობას, არსებულით კმაყოფილებას მოიცავს, ხოლო, ბნელისკენ ლტოლვა, როგორც ერთგვარი „მოძრაობა“ და ნაბიჯი სიახლისკენ ნიშნავს ცვლილებას, რაღაც ახალს. ამ ნაწარმოების იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სიახლის მაძიებელი გმირი, საბოლოოდ, მაინც ბრუნდება და მოგზაურობით მოპოვებული, ცოდნითა და ემოციებით გაჟღენთილი ლამპარი, ცეცხლი მოაქვს სიკეთისა და სინათლის წიაღში.
ბევრისთვის არაა საკმარისი ის, რასაც ამაზონი აკეთებს, თუმცა, ჯერ კიდევ წინაა ეპიზოდები და არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. მგონია, რომ ზუსტად ეს გაურკვევლობა ხდის მას საინტერესოს. არ მეგულება ტოლკინის გულწრფელი გულშემატკივარი, რომელსაც გული არ აუჩქარდება მხოლოდ იმ ფაქტზეც კი, რომ მისი საყვარელი ავტორის ნაწარმოებები კვლავ ეკრანზეა. დავტკბეთ ულამაზესი კადრებით, მუსიკით და იმ ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ განმეორდეს, თუმცა, გაძლევს უფლებას, უკვე ნაცნობი მოგზაურობა ხელახლა, უფრო განსხვავებულად გაიარო.
