რჩევები მომავალ პინგვინებს - ანუ აბიტურიენტებს

27 აპრილი 2021

წინა წელს აბიტურიენტი ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ახლა არც ისე ცუდად მახსენდება განვლილი წელი.  ჩემთვის, ისევე როგორც ყველა აბიტურიენტისათვის,  ეს დრო ძალიან სტრესული აღმოჩნდა. დატვირთული გრაფიკი და ნაკლები თავისუფალი დრო, ამას  დაემატა პანდემიაც.  ბანკეტი და ბოლო ზარი ჩაიშალა. მე და ჩემს კლასელებს მეთორმეტე კლასის ერთი ფოტოც კი არ შეგვრჩა მაგრამ ..... ამ ყველაფრის მიუხედავად,  მაინც კარგად მახსენდება ის პერიოდი. შემხვდნენ არაჩვეულებრივი კერძო მასწავლებლები და ბავშვები, რომელთა დახმარებითაც ეს წელი მხიარულად „გადავაგორე“.  

 თუმცა, როგორც ალბათ ყველა აბიტურიენტს, სადღაც გაზაფხულიდან დამეწყო შინაგანი ფორიაქი, გაკვეთილები ყოველდღიურად მიტარდებოდა და ერთი სული მქონდა მალე დამთავრებულიყო ეს კოშმარი. გარშემომყოფები დამშვიდებას ცდილობდნენ. ფრაზა „არ ინერვიულო“ გულს მირევდა და დამშვიდების მაგივრად მაღიზიანებდა  ისედაც მონსტრადქცეულ, დანევროზებულ აბიტურიენტს. 

სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც, ვფიქრობ,  დაგამშვიდებთ, დაგეხმარებათ და გაგამხნევებთ. 

 

 

 რეჟიმი

 

გაითვალისწინეთ, რომ ძილი გვეხმარება აღვიდგინოთ ძალები და არ ვიყოთ მუდმივად დაძაბულები, დანევროზებულები და გაღიზიანებულები. ეცადეთ დაიძინოთ დროულად და შეეჩვიოთ ადრე გაღვიძებას. მთელი ღამის განმავლობაში ინსტაგრამის, ფეისბუკის და ტიკტოკის სქროლვას ბევრად სჯობს გამოიძინოთ, გაიღვიძოთ ადრე,  მოასწროთ მეცადინეობა, დაიტოვოთ დრო გარეთ გასასვლელად და გასართობადაც. 

 

 დღის განრიგი

 

დილით გაიღვიძებთ თუ არა ნოუთებში/ბლოკნოტში გაწერეთ მთელი დღის განრიგი. ზუსტად განსაზღვრეთ მეცადინეობის საათები, შუალედებში კი დასვენების და მეგობრების სანახავი დრო.  მე პირადად, სამეცადინო დროდ დილას ვირჩევდი, (პირობითად 10:00-იდან) რადგან დილას უფრო ენერგიულად ვგრძნობდი თავს. განრიგის შექმნა დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო. ოღონდ მნიშვნელოვანია, ამ განრიგს ზუსტად მიჰყვეთ. მაგალითად: მეცადინეობისათვის გამოყოფილი საათების დროს გამოურთეთ ტელეფონს WiFi. ეს ხერხი დაგეხმარებათ მეცადინეობის დროს კონცენტრაციაში, რადგან ტელეფონზე მოსული შეტყობინებები (notification-ები) არ გიბიძგებთ ისევ სქროლვისკენ/ჩეთაობისკენ. 

 

არ გადაიტვირთოთ

 

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებებით, რომ  ცოტა მეცადინეობა იმავენაირად არაეფექტურია, როგორც ბევრი მეცადინეობა. არ გადაიტვირთოთ თავი, არ ღირს. დაუთმეთ მეცადინეობას დრო ყოველდღე,  მაგრამ არა დიდი დოზით, რათა არ გადაიწვათ და გამოცდის ფურცელზე საკუთარი სახელი და გვარის დაწერაც არ დაგავიწყდეთ. 

 

საგამოცდო სივრცე 

 

გამოცდები როდესაც ახლოვდებოდა და ნერვიულობა იმატებდა, დავინტერესდი, როგორი იქნებოდა ჩემი საგამოცდო სივრცე. ეს ფიქრები  უფრო მანერვიულებდა, მეგონა დამხვდებოდა საშინლად სტრესული გარემო ძალიან მკაცრი დამკვირვებლებით. გამოსავალი ვიპოვე და როდესაც გავიგე სად დავწერდი გამოცდებს დავგუგლე ჩემი სკოლა. ვნახე როგორი იყო შენობა გარედან, როგორი იყო კორიდორი, საკლასო ოთახი. შეიძლება ახლა აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოცდაზე  რომ მივედი და სკოლის სივრცე უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის, ბევრად უფრო კომფორტულად და დამშვიდებულად ვგრძნობდი თავს. 

 

ჩაიცვით როგორც გინდათ

 

ჩაიცვით ზუსტად ისე, როგორც გრძნობთ საკუთარ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტულები, კაბა თუ ჯინსი.  თუ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ გამოპრანჭული - გამოიპრანჭეთ.   მე მაგალითად, გამოცდამდე ერთი დღით ადრე ვიყიდე ზაფხულის თხელი სარაფანი და გადავწყვიტე გამოცდაზე ეგ ჩამეცვა.  დაღლილ და ჩაშავებულ თვალებს მსუბუქი მაკიაჟით ვუშველე და გამოცდაზე თავდაჯერებული და ჩემი აზრით, ლამაზი მივედი. ახლა, ალბათ ბიჭები ფიქრობენ კაბით და „შპაკლიანი“ სახით გამოცდაზე რა უნდოდაო, მაგრამ ეს ხერხი მართლა დამეხმარა უკეთ მეგრძნო თავი. 

(ფოტოს კომენტარი: ეს მე, ჩემი კაბით და „შპაკლიანი“ სახით გამოცდაზე)




 

გამოცდებამდე 1 კვირით ადრე

 

ამ პერიოდში თქვენს თავს ყველაზე მეტად გაუფრთხილდით. მეცადინეობას დაუთმეთ მინიმალური დრო, განტვირთვას მეტი. პირადად მე, მაისის მიწურულს, როდესაც უკვე მივხვდი, რომ გადავიწვი,  გადავწყვიტე დილით ავდგარიყავი და მეცადინეობისთვის დამეთმო მაქსიმუმ 2 საათი. თან მთელი წლის პროგრამა უკვე გავლილი მქონდა და მხოლოდ ყველაფრის  გადამეორება მჭირდებოდა. დანარჩენი დრო ვკავდებოდი ისეთი აქტივობებით, რაც ზოგადად მსიამოვნებს და მიყვარს (გავდიოდი ბუნებაში ჩემს აბიტურიენტ მეგობრებთან ერთად).  თქვენც იმავეს გირჩვეთ, რადგან ამ დროს აუცილებლად გჭირდებათ გონებრივად და ემოციურად განტვირთვა. 



 

გამოცდის დღე 

 

გამოცდაზე მიდით აუცილებლად გამოძინებული. მესმის წინა დღეს განსაკუთრებულად რთულია გათიშო ტვინი და დაიძინო. გირჩევთ YouTube - ზე მოძებნოთ ძილისვის განკუთვნილი „ხმები“ (ტალღების, ცეცხლის, წყაროს ხმები). მე ეს დამეხმარა:

ღამე, თუ ხედავთ, რომ ვერ იძინებთ ტელეფონი ხელში არ აიღოთ, უფრო გამოგაფხიზლებთ.

აღარ დაიწყოთ წიგნებსა და კონსპექტებში ქექვა და  ნუ გექნებათ ის განცდა, რომ ყველაფერი დაგავიწყდათ. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ გამოცდის წერას დაიწყებთ თუ არა, ეს სტრესი მოგეხსნებათ და ყველაფერი თვითონ „ამოგიტივტივდებათ“. 


გამოცდაზე

 

დაიცავით წესრიგი და არ სცადოთ გადაწერა. საქმეს ნუ გაიფუჭებთ. საკლასო ოთახში შეხვალთ თუ არა დაივიწყეთ გარშემომყოფები და მხოლოდ თქვენს ნაშრომზე კონცენტრირდით. იმისათვის, რომ მარტივად მოვახდინოთ კონცენტრაცია გამოცდაზე, აუცილებელია მივიდეთ გამოძინებული, რაზეც უკვე ვისაუბრე ზემოთ, კარგად დანაყრებულები და სურვილის შემთვევაში, გამოცდამდე გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები ან სცადეთ მედიტაცია და იოგა:

 

აკონტროლეთ დრო

 

ახლაც ვერ ვხვდები დრო რანაირად გარბოდა ასე სწრაფად. რეპეტიტორთან, ძველი ეროვნული გამოცდების წერისას დაინიშნეთ დრო, რათა წინასწარ განსაზღვროთ რისთვის რა დრო დაგჭირდებათ.  გაითვალისწინეთ, რომ შავი ფურცლიდან ნაწერის გადმოტანასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ქართულის გამოცდას, რადგან შავ ფურცელზე გადმოსატანი გაქვთ ესსე და თხზულება. მე ქართულის გამოცდაზე ჩემი ნაწერის გადასათეთრებლად დამჭირდა 40-50 წუთი. 

 

გამოცდის შემდეგ

 

გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ არ დაიწყოთ ეგრევე მეგობრებთან გადარეკვა და  პასუხების შედარება. მშობლებთან ნუ დაიწყებთ წინასწარ მსჯელობას შედეგების შესახებ. საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ უბრალოდ დაივიწყეთ ყველაფერი.  იფიქრეთ მხოლოდ გართობაზე.  არ  გაიფუჭოთ ზაფხული და ნუ დაისტრესავთ თავს ნიშნებზე ფიქრით.  თქვენს გონებას უნდა აიძულოთ და გაათვითცნობიეროთ, რომ 2 თვით ადრე ნერვიულობა  ვერაფერს შეცვლის.


 

 

იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

წარმატებები გამოცდაზე!