რატომ არ გვაქვს უკან დაბრუნების უფლება?

9 აპრილი 2022

არ ვიცი, 16 წლის ეკას რა უნდოდა რომ გამოსულიყო, უჭირდა თუ არა დილით ადგომა, ეზიზღებოდა თუ არა მათემატიკა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რუსულმა ჩექმამ მთელი თავისი სისასტიკით დაუფიქრებლად გაუყინა მზერა და მისი მომავალი იმ ბოროტების უფსკრულმა შთანთქა, დღემდე რომ საზრდოობს თავისუფლების მოყვარე ადამიანებით.

არ ვიცი ნატოს სწორი თმა ჰქონდა თუ ხუჭუჭა. ნინო ჩაიში ერთ კოვზს შაქარს იყრიდა თუ ორს. გიას როგორი მუსიკა უყვარდა. იყო თუ არა ყურებამდე შეყვარებული მამუკა. მაგრამ ვიცი, რომ ეს ადამიანები იმავე ქვეყანაში იღვიძებდნენ, რომელშიც მე ვიღვიძებ. იმავე ქუჩებში დააბიჯებდნენ, რომელშიც - მე. ისევე უსველდებოდათ წვიმისგან თმები, როგორც მე. ისევე, გრძნობდნენ, ტიროდნენ, სტკიოდათ, როგორც - მე. იღვიძებდნენ იქ, სადაც მე ვიღვიძებ.

მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ გაიღვიძეს...

უყვარდათ იქ, სადაც მე მიყვარს და ერთ დღესაც ვეღარ შეიყვარეს.

რუსეთისთვის ადამიანი არასდროს არაფერს ნიშნავდა. არც ახლა ნიშნავს. ისინი დღემდე კლავენ, თელავენ, ხელებს უკოჭავენ, ღირსებას ულახავენ, და ზურგში ტყვიებს აცლიან ადამიანებს.

1989 წლის 9 აპრილს შეკრებილ ხალხს ტანში ერთადერთი შიში ცრიდა. არა სიკვდილის, არა რუსული ნიჩბის, არამედ შიში თავისუფლების სამუდამოდ დაკარგვის. დღეს, როცა თვალწინ კვლავ დაგვიდგა გარიჟრაჟზე ტანკების წინ აღმართული ადამიანები, მივხვდით, რომ ისევე, როგორც 33 წლის წინ, დღესაც არსებობს შიში თავისუფლების დაკარგვისა. შიში კვლავ გაგუბერნიების. შიში იმისა, რომ საქართველოს რუსეთუმე მთავრობა ლანგრით გადაგვაბარებს რუსეთს. ისევ გვეტყვის რომ 2008 წლის ომი ჩვენი ბრალია. ისევ დაგვისვამს გავრილოვს პარლამენტში. ისევ ჩაეწერება რუსეთის მეგობრული ქვეყნების სიაში. ისევ იტყვის, რომ ომი უკრაინაში რუსეთის სასჯელია. უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კი კრიმინალებად შერაცხავს.

ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ისტორიას დღემდე ქმნიან. მათი თავგანწირვა, რომელიც დღეს დამოუკიდებელ საქართველოში გვაცხოვრებს, ყოველთვის გვაჩვენებს გზას, რომელიც უკან საბჭოეთში არ ბრუნდება.