OMG

რას ვმაზავთ აუცრელობით

6 ივლისი 2021

 

აი, სულ ერთი წამის შესრიალებული იყო ვაქცინის მეორე დოზა სხეულში, როცა ვიგრძენი, როგორ ჩამოცურდნენ ჩემს ზურგზე მოკიდებული რიყის ქვები. მიმიქარავს აბრაამ ლინკოლნის მიერ გაბედნიერებული XIX საუკუნის მონები, ისეთი თავისუფლების შეგრძნება მომგვარა ამ პატარა სითხემ. მართალია, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ძილის წინ ჩვენი სამომავლო გეგმებისა და ქრაშთან გაჩენილი ბავშვების (პირველი - ვაჟი, მეორე - გოგონა) წარმოდგენის ნაცვლად იმაზე ვფიქრობთ, ვინ რას დავაშავებდით ავადსახსენებელი ვირუსის მოგერიებისთანავე, თუმცა საქმე რომ საქმეზე მიდგა, ამ არჩევანის გაკეთება ისევე გაჭირდა, როგორც ადგილზე მიტანის სერვისის უსასრულოდ სქროლვისას სასურველი კერძის ამორჩევა. 


ნეტავ ეროვნულ გამოცდებზე გამჩენოდა იმდენი იდეა, რამდენიც “დაჩიპვისთანავე” ამომიტიტივდა გონებაში. სწორედ მაშინ გავიაზრე, რამდენი რამე გაგვიმაზავს ამ არც ისე მცირე დროის განმავლობაში. 

  • თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე მეტად რომელიმე ძუნძგლიანი ბარის ხუთ კვადრატულში უცხო ხალხთან ძმობაზე ფიცი მაგრად მომენატრა. ჯერ რომ ცხვირზე ხელის მოჭერით და ჯაან შეწუხებული სახით აღებ კარს, მაგრამ 1-2 გადაკვრის შემდეგ ამ ყველაფრის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ხდები.
     
  • მართალია, ჯერ რომ აქამდე არ ყოფილა ისეთ ცივ ზამთარში (ყოველ წელს ხომ ასე ვამბობთ?) პირბადეში ცხვირის ჩამალვამ მაგრა გაასწორა, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად ნიღაბში სუნთქვა საგრძნობლად გაჭირდა. 
     
  • ახლა ქორწილებზე არავინ ვირევით, მაგრამ ეგ ოხერიც კი მომნატრებია. თან ისე მომენატრა, რომ არც კიტრით და ლიმონათით მორბენალ ბავშვს დავიფრენდი საცეკვაო მოედნიდან. “ვაგონი მიქრისზე” კი მე თვითონ ავიყოლიებდი ცოტა შეჟუჟუნებულ აუდიტორიას.
     
  • მთავარ საკითხზე გადავიდეთ და ამ ქრაშებს როდემდე უნდა ვეტრფოდეთ შორიდან? რამდენი ხანია ნამდვილი, სრულყოფილი პეამანი შორიდანაც არ დაგვინახავს? აი ისეთი, ბიჭი რო ბევრს ლაპარაკობს და გოგო მხოლოდ ყავას მიირთმევს. ნუ, მე კი დაუღალავად მივირთმევ ყველა უფასო საკვებს, თუმცა პირველი ამბორის ლოდინის სიმწარეც კი  სასიამოვნოდ მახსენებს თავს ძალიან შორეული წარსულიდან. ახლა ასე წარმოუდგენლად რომ გვეჩვენება ყველას და სადაცაა ჯიბეში გადატენილი სადენზიფექციო ხსნარი გამოვავლოთ პირში ყველა გამვლელს. 
     


ზოგი ჭირი მარგებელიაო და, მართალია, შარშანდელი გამოშვების მეთორმეტე კლასელები დიდი გულისწყვეტითა და დაუხარჯავი ასობით ლარით გაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, მაგრამ მე თუ მკითხავთ, წლების გასვლისა და გამოცდილების მიღების შემდეგ უბანკეტობაზე მადლობას შესწირავენ მამა ზეციერს, რადგან ჩემსავით შტრიხ კოდის ფორმის ჟელეიანი ჩოლკითა და ზედმეტად ბრჭყვიალა კაბით არც ერთი ფოტო არ შემოუნახეს კაცობრიობას კომპრომატად.

თუმცა მოდი, ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ აუცრელობით კვლავ უამრავ დროს ტარებას, ჩახუტებას, ძმობას, გაგებასა და ლამის მეობასაც ვკარგავთ. ხოდა შეუშვით ეს დასალოცი ჯადოსნური სითხე თქვენს სხეულებში. ერთი ჩხვლეტაა და იმის ტკივილიც იმაზე ბევრად მალე გაგივლის, ვიდრე კოვიდ-19-ით მონიჭებული ნევროზის ნიშნები. 

დაე, დავიჩიპოთ ერი!


 

ბლოგი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.