WTF

რას უსმენს ერი?

22 მარტი 2021

ჯერ კიდევ მოჭუტული ცალი თვალით news feed-ის სქროლვისას ჩვენი ერის მიერ ამ კვირაში მოსმენილი ტოპ 3 სიმღერა შემეფეთა და სახეში ცივი, არა, გაყინული წყალივით შემესხა. 

 

ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაზე აკვანი რომ არავის დაგვირწევია, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა. ალაგ-ალაგ ოკუპანტის ენაზე მოღიღინე მომღერლებისთვისაც არაერთხელ მომიკრავს ყური, თუმცა ჩემი მეგობრების მიერ საქვეყნოდ გამოჭიმულ ფინქ ფლოიდებსა და ბიტლებს ეს დარდი მალევე გაუქარწყლებია.

ხოდა, ჩემს ყურებში ნაზად მოღიღინე ჯონ ლენონი (ნათელი სანთელი) ცოტა ხნით შევასვენე და თავით გადავეშვი ერის საყვარელი სიმღერების ბნელ ლაბირინთში. 


1. Султан Лагучев - Горький вкус | Премьера клипа 2021

პირველ ადგილს რუსი, სხვათაშორის ჯერ კიდევ დასაოჯახებელი მუსიკოსი, სულთან ლაგუჩევი იკავებს. აი პაპიტოები და ეგეთები რო გავრცელდა ხო ყველას ყელში გვქონდა ამოსული? Ამ სიმღერის მოსმენის სიამოვნება კი პირველად მომენიჭა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემს საყვარელ სოფელში ფანჯარაჩაწეული ოპელებიდან გადმოღვრილი აწ მრავალჯერ მოსმენილი ჰანგებიდან  დიდად განსხვავდება. 

მელოდია სუფთა რუსულ-თრეშულია, იმავეს ვიტყვი მომღერლის ხმის ტემბრზე. იქნებ კლიპით მოვიხიბლეთ ერითქო - გავიფიქრე, სიმღერას ბოლომდე ჩავუწიე, მუსიკალური ტრავმა რომ ამერიდებინა საკუთარი თავისთვის და თითქმის სამწუთიანი შედევრის ყურებას არ დავზარდი, რომელშიც ბერეტიანი ტიპი (თავად სულთანი) ფრიად გაპრანჭული გოგონას ზარს არ პასუხობს, ის იქით მოსთქვამს, ეს აქეთ მღერის და კლიპიც მთავრდება. 

სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, ბოლო შანსი ტექსტს მივეცი და კლიპში ჩამალული კარტებიც გაიხსნა, მაგალითად რატომ უწერია გოგონას ნომერზე სულთანს გველის ემოჯი: 

შენ კი გველმა შხამი გაუშვი

მიყვარს შხამი და ძალიან მიხარია,

რომ ყველაფერი მორჩა”

რომ შევაჯამო, რატომ უსმენს ერი ვინმე სულთანის “Горький вкус”-ს ისევე დაუდგენელია, როგორც კორონა ვირუსის გადაშენების ზუსტი თარიღი. 


2. Тамара Кутидзе - Докурю и брошу

არ გეჩვენება, მეორე ადგილზე გასული რუსული ასოებით ამოტვიფრული მომღერალი ქართველი ახალგაზრდა ქალბატონი თამარა ქუტიძეა, თითქოს ქართველებს სიმღერები აღარ გვქონდეს. ნწ, ნწ...

სიმღერის სათაური უკვე საინტერესოა - “მოვწევ და გადავაგდებ”, ოღონდ არ გეგონოთ თამარა ნიკოტინის ანტიპიარს აწარმოებდეს. აქ უფრო დიდი სიღრმეა. როგორც მივხვდი, სიმღერა ტოქსიკურ ურთიერთობას ეხება, რომელსაც მუსიკოსი წყლულს ადარებს და მისი წარსულში დატოვება განუზრახავს. 

ამ ნაწარმოების (ძაან უხდება ეს სიტყვა) მელოდია კიდევ უფრო მარტივად დასამახსოვრებელი და ასაკვიატებელია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ჩემი გონება არ ჩაებღაუჭება. 

3. Dueti LeoNiii - როდისმე (ნოსტალგია) | დუეტი ლეონიი - Rodisme (nostalgia) ლევანი & ნინი

ხალხო, არ ვიცი ეს დრო სად ვბანაობდი, მაგრამ არც მესამე ადგილზე გასული სიმღერა მქონია მოსმენილი. ოკუპანტის ენის შემდეგ ქართული სახეების დანახვისას ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა მთელ სხეულში აქამდე სადღაც მიმალული პატრიოტიზმის გრძნობა და აი, უკვე სიამაყის ცრემლებით თვალები უნდა ამვსებოდა, რომ სიმღერის პირველი ბგერები კიდევ ერთი შემოლაწუნებასავით მომხვდა. 

არც ტექსტი, არც მელოდია, არც წყალი, არც კიბე და საერთოდ არანაირი არაფერი.

მესმის, რომ თანამედროვე მუსიკა რაც შეიძლება მარტივი და თითქმის უმელოდიოა, თუმცა, მგონი, ამ მხრივ დროს გავუსწარით და სამყაროში ყველაზე (მეტის პოტენციალიც გვაქვს) უხარისხო მუსიკა გამოვიგონეთ. 

 

Მოკლედ, მუსიკალური ტრავმის მიღების შემდეგ იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რამდენი მართლა მაგარი სიმღერა გვაქვს ჯერ ერს, მერე კიდევ მთელ მსოფლიოს. არც ეს დამეზარა და დავგუგლე. როგორც აღმოჩნდა, დღეისთვის Youtube-ზე 60 მილიონზე მეტი სიმღერა დევს. როგორც ჩანს, სულთანს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწია ქართველთა გულის დასაპყრობად. 

ხოდა, თუ ამ სიამ ჩემსავით შეგითრია აგერ სრული ჩამონათვალიც: