OMG

რას გვეკითხება ევროკავშირი?

18 აპრილი 2022

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა კითხვარი გადმოგვცა. დოკუმენტის შევსების შემდეგ ან კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ან დავრჩებით იქ, სადაც ვართ. კითხვარის შევსების შემდგომ, საბოლოო პასუხამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია: ჩვენი პასუხების მიხედვით, შეფასება უნდა დაიწეროს, ყველა წევრი უნდა გაეცნოს ამ შეფასებას, იმსჯელონ, შემდეგ კი გვეტყვიან ან კის ან არას, ან მოგვცემენ შესაბამის დავალებებს, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელი იქნება წევრობისათვის. 
 

ევროკავშირი ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. თუ წევრობა გვსურს, მოსამართლეების კლანი, არჩევნების აგიტატორ-პროვოკატორები, შეზღუდული ბიზნესსივრცე, კორუმპირებული მთავრობა და კიდევ ათასი ჯართი სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. EU ახლაც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის და თუ წევრები ვიქნებით, მით უმეტეს ვიხეირებთ. წევრობა ქვეყანაში სანდო გარემოს შექმნის ინვესტორებისათვის, ევროკავშირი მეტ ფინანსებს გამოყოფს საქართველოსთვის, გარდაუვალი იქნება რეფორმები, კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოში დეკომრატიული პროცესებით და წესით, ცხოვრების სტანდარტიც უნდა გაუმჯობესდეს. ევროკავშირის ქვეყნებისგან ამ სიკეთეებს ვიმსახურებთ თუ არა, 42-გვერდიანმა თვითშეფასების კითხვარმა უნდა გადაწყვიტოს. დოკუმენტში სხვადასხვა საკითხის შესახებ სულ 369 კითხვაა.

 

ირწმუნე საქართველოს ევროპული წარსულისა და მომავლის, გააგრძელე კითხვა და გაიგებ, რა აინტერესებს ევროკავშირს ჩვენთან:


 

მართლმსაჯულება და სასამართლო მოწყობა

 


ევროპარლამენტარებს სასამართლოს შესახებ კითხვები აქვთ. აინტერესებთ, როგორაა სასამართლო და პროკურატურა მოწყობილი, მუშაობს თუ არა დემოკრატიულად, ვინმე ხომ არ ერევა მოსამართლეების საქმიანობაში, საერთოდ, რამდენად სანდო ინსტიტუტია და რა პრობლემები აქვს მას. საქმე ისაა, რომ ამ კითხვარში ტყუილებს ვერ დავწერთ, თავადაც კარგად იციან რა ხდება და თუ არ იციან - გადაამოწმებენ. . 

 

ევროკავშირის წევრებისათვის კანონის უზენაესობა უმთავრესი ღირებულებაა და კითხვარის პირველი თავებიც ზუსტად ამას ეთმობა. ევროპარლამენტარები გვეკითხებიან მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მათი დამოუკიდებლობის გარანტიებზე, შიდა და საერთაშორისო სამართლის მსგავსებებზე, როგორაა ბალანსი გადანაწილებული სამ ხელისუფლებას შორის… როგორ არის დაცული სასამართლოს უფლებები და საერთოდ, არსებობს თუ არა, რაიმე ეჭვები მისი დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დარღვევის თაობაზე. ევროკავშირი მტკიცებულებებს ითხოვს, რომელიც სასამართლოს მუშაობის ეფექტურობასა და მიუკერძოებლობას დაადასტურებს და ასევე, დაამტკიცებს მოსამართლეების კომპეტენტურობას.  

 


ადამიანის უფლებები 

 


ევროპელებს ყველაზე მეტი კითხვა ადამიანის უფლებების დაცვაზე აქვთ. ყველაზე ვრცელი თავი ზუსტად ამ საკითხს ეთმობა. კითხვებია უმცირესობების, ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ. აინტერესებთ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს თუ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა, მშვიდობიანი შეკრება, დაცულია თუ არა სიტყვის თავისუფლება. 

 

ევროკავშირი აზუსტებს, იყენებს თუ არა საქართველო საერთაშორისო კონვენციებს კანონმდებლობის დასაგეგმად. აქვს თუ არა საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი და არის თუ არა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. პოლიციელები ფლობენ თუ არა ცოდნას  ბავშვების, მოხუცების, ქალების LGBTQ+ და შშმ პირების უფლებებისა და დაცვის შესახებ. 

 

კითხვარით ევროპარლამენტარები არკვევენ, წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას ხომ არ აქვს ადგილი, არის თუ არა ხელშეუხებელი ადამიანის პირადი ცხოვრება, პერსონალური მონაცემები. ასევე, ინტერესდება LGBTQ+ პირების ქორწინების უფლებით, გენდერული თანასწორობით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით, განათლებისა და ბავშვების უფლებებით. 

 


ანტიკორუფციული პოლიტიკა 

 


ევროპარლამენტარები იმის მტკიცებას ითხოვენ, რომ საქართველოში კორუფციას ებრძვიან. ამ მიმართულებით რომელ სფეროს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა და რა ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოსაფხვრელად. როგორც ჩანს, ევროკავშირი მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთიან ჩართულობას ელის კორუფციის მონიტორინგისა და მის საწინააღმდეგო ქმედებებში. ამიტომ მათ ერთობლივ მუშაობაზეც გვეკითხება. თუმცა, კითხვარში დიდად არ ინტერესდებიან ამ მონიტორინგისა და ანტიკორუფციული საქმიანობის შედეგებით. მთავარია მონდომება და სურვილიო. 

 

თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით, ევროპელები კორუფციის დონის შემცირებაში უნდა დაგვეხმარონ. ამიტომაც, კითხვარში იმის მითითებასაც ითხოვს, თუ რას აპირებს მთავრობა შემდეგ წლებში. 

 


ეკონომიკა 

 


კითხვარში ერთი თავი ქართულ ეკონომიკასაც ეთმობა. აინტერესებთ მაკროეკონომიკური მოვლენები, მონეტარული სისტემა, ბიზნესგარემო, ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზები. 

 

როგორ მუშაობს და რამდენად თავისუფალია საჯარო საწარმოები? ბაზრის ლიბერალიზებისა და დერეგულირების კუთხით რა ხდებაო, ამასაც გვეკითხებიან ევროპიდან. 

 

ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ერთიანი სისტემის წევრი ვხვდებით და რაღაცებს თვითნებურად, ქართულ ჯიგრულ პონტში ვეღარ გადავწყვეტთ. ევროკავშირიდან ფინანსური სტაბილურობის შესახებაც გვეკითხებიან. მაგალითად, აინტერესებთ, თუ როგორ განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთი, არის თუ არა ტარიფები ადმინისტრაციულად დადგენილი. ამ კითხვებით ევროკავშირი ადგენს, რას ვაკეთებდით ამდენი ხანი, რომ ევროპის მსგავსი ვყოფილიყავით. მათ შორის, ეკონომიკური რეფორმებითაც. 

 


კონკურენტუნარიანობა 

 


არის თუ არა საქართველო კონკურენტუნარიანი სახელმწიფოო, დაინტერესდნენ ევროპარლამენტარები. ამ თავში სულ რამდენიმე კითხვაა და სამ ქვეთავად იყოფა. 

 

პირველი ქვეთავი განათლებას ეთმობა: განათლებასა და კვლევით საქმიანობაში რამდენს ხარჯავს სახელმწიფო, გვაქვს თუ არა, პროფესიული სწავლებისა და გადაკვალიფიცირების სქემები და როგორია კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული მომზადებისა და კვლევის დაფინანსებაში. 

 

მეორე ქვეთავში კითხვები ფიზიკური კაპიტალისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის შესახებაა. ანტერესებთ, გზების, რკინიგზისა და სატელეფონო ცვლილებები უკანასკნელი წლების განმავლობაში. ასევე, საინვესტიციო საჭიროებებზეც გვეკითხებია, თქვენ მოინდომეთ და ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებითო. ბოლოს კი რამდენიმე კითხვას ინტერნეტის გამოყენების მასშტაბზეც გვისვამენ.

ბოლო ქვეთავში კი ისევ რამდენიმე კითხვა აქვთ ეკონომიკაზე.

 

შევსებული კითხვარი მაისში უნდა გავაგზავნოთ უკან, ევროპაში. ევროკავშრში გაწევრიანებას სამი ქვეყანა ცდილობს: ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა. ტრიოს წევრ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვით, დემოკრატიის სავანეაო ან რეფორმების გატარებით უკანმოუხედავად მიიწევენ წინო. საქართველომ ამ ტრიოს მრავალწლიანი ლიდერობა კი რამდენიმე წლის წინ დათმო. ახლა პოლიტიკური სიტუაცია დადგა ისეთი, რომ ჩვენ სამის ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი ეჭვი საქართველოზეა. პოლიტიკურად ცუდად გამოვიყურებით, ევროპარლამენტარებს ცუდად ვიხსენიებთ, ელჩებს ფარულად ვუსმენთ, სამარცხცვინო პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ და რაც მთავარია, ბოლო 10 წელია ხელისუფლება არ შეცვლილა და მგონი, არც აპირებენ შეიცვალონ. 

 

ევროპასთან ჩვენი ზოგიერთი წყენა სამართლიანიც იყო, მაგრამ ახლა ისევ ევროპელების, მათი კეთილი ნებისა და მთავრობაზე ზეწოლის იმედი უნდა გვქონდეს.