რამდენად დრამატულად ცვლის ადამიანის ქმედება ჩვენს პლანეტას

7 სექტემბერი 2021

1980-იან წლებში კოსმოსური ფილოსოფოსი ფრენკ უაიტი ამერიკაში თვითმფრინავით მგზავრობდა. სწორედ ამ დროს მან დაათვალიერა მინიატურული პეიზაჟები ზემოდან და დაიწყო იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება დედამიწასა და მთვარეს შორის რომ გვეცხოვრა. მისი დაკვირვებით, ასეთ შემთხვევაში გეოპოლიტიკური საზღვრებით დაყოფილი პლანეტის ნაცვლად, ჩვენ დავინახავდით ერთ მთლიანობას.

 

მისი ეჭვები დადასტურდა მას შემდეგ, რაც უაიტი ასტრონავტებს ესაუბრა და მათ აღუწერეს თავიანთი ცნობიერების ცვლილება, როდესაც დედამიწიდან პირველად დაინახეს კოსმოსიდან. ყველა მათგანმა აღწერა ჩვენი პლანეტა როგორც “მყიფე” და “ლამაზი” და თქვეს, რომ ამ გამოცდილებამ შეცვალა ის, თუ როგორ ხედავდნენ ისინი თავიანთ თავებს სამყაროში. უაიტმა ამ ფენომენს ზედხედის ეფექტი უწოდა.

 

ამჟამად სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ ავტორებს, ხელოვან ბენჟამინ გრანტსა და მწერალ ტიმოთი დოჰერტის უნდათ ადამიანების შთაგონება დედამიწის ყველა კუთხეში, რათა ყველამ შეძლოს ზედხედის ეფექტის განცდა დედამიწის დატოვების გარეშე და შეძლოს იმ პერსპექტივის დანახვა, რომელსაც იშვიათად ვხედავთ. საბოლოო ჯამში მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც ჩვენ მივაყენეთ გარემოს, იმისათვის რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლის შექმნისკენ.

 

“იმის გაგება, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი გადაწყვეტილებები პლანეტაზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუ ჩვენ გვინდა კურსის შეცვლას” - წერენ ისინი. 

 

მათ ახალ წიგნში, სახელწოდებით "Overview Timelapse: როგორ ვცვლით დედამიწას" ისინი იყენებენ სატელიტურ და საჰაერო ფოტოებს, რათა ახალი კუთხით დაგვანახონ, თუ რამდენად მკვეთრად ცვლის ადამიანის აქტივობა ჩვენს სამყაროს. “არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი”, წერენ ისინი. ”იმავე მეცნიერებმა, რომლებიც იწინასწარმეტყველებდნენ და აგრძელებენ მონიტორინგს გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ, ცხადყვეს, რომ ჯერ არ არის გვიან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შეუძლია ჩვენი სახეობების მხარდაჭერა და უფრო ჰარმონიული ურთიერთობებისკენ მიყვანა.”


 

ავსტრალიის ხანძარი, 31 დეკემბერი 2019

ამ ფოტოზე ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში 2019 წლის სექტემბერში დაწყებული ხანძრის მიერ დამწვარი ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი, 98 420 კვადრატული კილომეტრი ჩანს. ქვეყნის ეს სანაპირო ტერიტორია შეიცავს ევკალიპტის ხეებს, რომლებიც წვის დროს გამოყოფენ არასტაბილურ ზეთებს და ამით ქმნიან მასიურ ნაზარდს, რომელსაც შეუძლია სწრაფად გადახტომა ტყის სხვა უბნებში.

 

ამ ამბავს ხელი არც კლიმატურმა პირობებმა შეუწყო: 2019 წელი ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე თბილი აღმოჩნდა და ამან, 1900 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წვიმიანობასთან კომბინაციაში, შექმნა მშრალი პირობები ხანძრის დაწყებისა და გავრცელებისათვის. 240 დღიანი ხანძრის შემდეგ 2020 წლის თებერვალში ძლიერი წვიმები მოვიდა, რამაც დაასრულა ხანძრის სეზონი.

 


კოლორადოს საბურავების სასაფლაო, 2018 წლის მარტი და 2018 წლის აგვისტო

საბურავები ემატება მასიურ გროვებს მსოფლიოში უდიდესი საბურავების ნაგავსაყრელზე, რომელიც კოლორადოში, კერძოდ ჰადსონში მდებარეობს. ობიექტი შეიცავს ათეულობით უხეშად 45 მეტრის სიგანის მონაკვეთს, რომლებიც სავსეა დაახლოებით 60 მილიონი ჯართის საბურავებით. მსოფლიოში ყოველწლიურად 1,5 მილიარდი საბურავი იშლება. ამ რაოდენობიდან ნახევარზე მეტი საწვავად გამოიყენება. 

 


ანტარქტიდის ზღვის ყინულის დნობა, 2019 წ

ზღვის ყინული იშლება სხვადასხვა ზომის ბლოკად ანტარქტიდის სანაპიროდან დაახლოებით 64 კილომეტრის მოშორებით. ანტარქტიდის ზღვის ყინული ზამთარში ვრცელდება ჩრდილოეთით და ყოველ ზაფხულს უკან იხევს თითქმის სანაპირო ზოლამდე. ყინული გაყინული ზღვის წყალია, რომლის სისქე ჩვეულებრივ 0.9-1.8 მეტრზე ნაკლებია. ზღვის ყინული გაცილებით თხელია ვიდრე ყინულის თაროები, რომლებიც მყინვარებით წარმოიქმნება, ზღვაში მიცურავს და 1 კილომეტრამდე სისქისაა.

 

1980-იან წლებში ანტარქტიდაზე ყოველწლიურად 40 მილიარდი ტონა ყინული იკარგებოდა; ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი წელიწადში 252 მილიარდ ტონამდე გაიზარდა. როდესაც ყინული დნება, ის ხშირად გამოყოფს ჭვარტლისა და ჭუჭყის მუქ უბანს მისი ზედაპირის ქვეშ და სრულად გადნობის შემდეგ მუქ თხევად წყლად იქცევა. ბნელი ზედაპირები როგორც წესი მეტ სითბოს შთანთქავს - ეს დათბობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს, რაც თავის მხრივ დნობის გამომწვევი მიზეზია.