რა ვჭამოთ სვანეთში?

8 სექტემბერი 2021

 

ხაჭაპურისა და ხინკლის სამშობლოში ჭამა რომ გვიყვარს, ამაში გასაკვირი არც არაფერია, ბოლოს და ბოლოს ჭამა ადამიანის განუყოფელი ნაწილია და როგორც ამბობენ, პური ჩვენი არსობისაა. 

 

ჰოდა, დღევანდელი ჩვენი მენიუ სვანეთში აუცილებლად დასაგემოვნებელი კერძებისგან შედგება, რომლებიც აქ გადმოსვლასთან ერთად ჩემი ცხოვრების განუყოფელ და გემრიელ ნაწილად იქცა.


დავიწყებ სვანური სუფრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი კერძით, რომელიც ფაქტობრივად სვანების სავიზიტო ბარათიცაა, ესაა კუბდარი. კუბდარი შეიძლება ბევრგან გქონდეთ დაგემოვნებული, ან ბევრგან მოგეცეთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ამ კერძის, მის სამშობლოში, სვანეთში გასინჯვას, რადგან აქ დამზადებული უბრალოდ შეუდარებელია. 

კუბდარის შიგთავსი დაჭრილი ხორცით, ხახვით, ნიორითა და სვანური სუნელით - გირცულით მზადდება. შემდეგ ეს ყველაფერი ცომში იხვევა, ბრტყელდება და ცხვება და ბოლოს ვიღებთ ასეთი შესახედაობისა და საოცარი გემოს მქონე კერძს.                                   

 


მეორე კერძი, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილი და ბევრისთვის საყვარელია, არის ჭვიშტარი, რომლის სვანური წარმომავლობის შესახებაც შესაძლოა აქამდე გაგონილი არ გქონდეთ, თუმცა, გარწმუნებთ, რომ აქ ჭვიშტარსაც სხვანაირი გემო აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, ჭვიშტარი მზადდება სიმინდის ფქვილისაგან, რომელსაც ცოტა წყალსა და ყველისა და მარილის ნაზავს უმატებენ, შედეგად მიღებულ მასას აბრტყელებენ და ცხელ ტაფაზე წვავენ, სწორედ ამ დროს მოდის ჩვენამდე ამ ხემსის მადის აღმძვრელი სურნელება და მისი ჭამის გაუნელებელი სურვილი.

 

 

მესამე კერძის სახელი, რომლის შესახებაც მინდა ამ ბლოგის ფარგლებში გიამბოთ, მგონია რომ გაგონილი არ გექნებათ, მაგრამ ნაცნობი ინგრედიენტები მასაც მარტივად მიმზიდველს გახდის.

წარმოიდგინეთ ცეცხლზე შემდგარი ქვაბიდან გაწელილი ყველი კარტოფილთან ერთად, ეს კერძი მერწვის სახელით არის ცნობილი და ის ნამდვილად მადის აღმძვრელი და უგემრიელესია.          

 

 

გაიცანით ხაჭპურის გაუმჯობესებული, სვანური ვერსია - ფეტვარალი, რომლის გასინჯვაც სვანეთში სტუმრობის აუცილებელი კომპონენტია. 

ფეტვარალის მოსამზადებლად ყველს ურევენ ფეტვს, მასას ახვევენ ცომში, აბრტყელებენ  და აცხობენ შემდეგ კი მადიანად მიირთმევენ.                     


სვანური კერძები ცალკე დიდი ტრადიციის ნაწილია, აქ ყველაფერი ლოცვითა და გალობით მზადდება და თითოეულ კერძს განსაკუთრებული სისუფთავითა და კეთილი აზრებით ეპყროპიან.