WTF

რა შანსები გვრჩება EU-ში?

8 ივნისი 2022

რამდენიმე კვირაში ორი ახალი ამბავი გვეცოდინება: ერთი ის, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსა და მეორეც ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო თვეებში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კითხვარების მიხედვით, ჯერ მოხსენებები უნდა მომზადდეს, რის მიხედვითაც იმსჯელებენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე. როდის გვეცოდინება დაზუსტებული პასუხი, არ ვიცით. სავარაუდოდ, საბოლოო შედეგს ივნისის ბოლოს უნდა ველოდოთ. EU-ს სასესიო ყრილობის ბოლო წუთამდე არავინ იცის, რა იქნება. 

 

ევროპარლამენტარები და EU-ს წევრი სახელმწიფოს ლიდერები ყველაზე სკეპტიკურები ჩვენ მიმართ არიან… თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც ამბობს, რომ რაღაც შანსები გვრჩება, რადგან მთლიანად ქვეყანას ბევრი უშრომია ამისათვის. 

 

სად ვართ კარგად? 

 

ირაკლი კობახიძე რომ ამტკიცებს, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართო, ბოლომდეც არ ტყუის. სამივე ქვეყანამ თითქმის ერთ დროს გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაციაც. მაგრამ, ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიც გვაქვს ევროკავშირთან. ეს არათუ უკრაინას ან მოლდოვას, არამედ ბალკანეთის ქვეყნებსაც კი არ აქვთ. 

 

დემოკრატია ერთ ადამიანზე მიბმული პროცესი არაა. ამიტომ, ევროკავშირისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მოვეშვათ, ყველაფერი კარგადაა. ჩვენი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად მუშაობენ, ამერიკა და ევროკავშირიც საკმაო ფინანსებს დებს მათ საქმიანობაში. სამოქალაქო საზოგადოება ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან ჩვენთან ყველაზე აქტიურია, ცდილობს პროცესებში მონაწილეობას და შეუძლია პროტესტის გამოხატვა. თანაც, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების. ეს ბოლო ფაქტი კი ანგარიშგასაწევია. 

 

საქართველოს ეკონომიკა და კანონმდებლობა მეტწილად ჰარმონიულია ევროკავშირისასთან, თუმცა რეფორმებს ეს სფეროებიც საჭიროებს. შეგახსენებ, კანონმდებლობა ისაა, ფურცელზე რომ წერია და არავინ ასრულებს. 

 

რა გვიჭირს? 

 

ძირითადად ყველა იმ სფეროში გვიჭირს, სადაც პასუხისმგებელი პოლიტიკოსები არიან. ევროპარლამენტარები, ელჩები, პოლიტიკოსები, ყველა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე. 

 

ბოლო რამდენიმე წელია ქართული დემოკრატია უკუსვლას განიცდის, უმცირესობებისთვის არ არის უსაფრთხო გარემო, ჟურნალისტები არ არიან დაცული, გვაქვს ფარული მიყურადების ფაქტები და პოლიტიკური სარჩულის საქმეები. ამ პრობლემებს მეტწილად დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტი მოაგვარებდა. 

 

არჩევნებშიც გვიჭირს. არა, არჩევანის გაკეთებაში რომ გვიჭირს, მაგას არავინ გვედავება, საარჩევნო სისტემაში გვიჭირს. 2020-ის არჩევნებმა და მით უმეტეს, 2021 წლის არჩევნებმა უკმაყოფილება გამოიწვია ევროპაში. რომ ვთქვათ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩევნები ყალბდება. ხალხის არჩევანი გადააკეთო, მგონი, ძალიან არაევროკავშირულია. 

 

ეს პოლიტიკური ფაქტორები დიდი ალბათობით გავლენას იქონიებს გადაწყვეტილებაზე. თითქოს მთავრობას ნდობასთან ერთად ლეგიტიმაციაც დაეკარგა ევროპელ ლიდერებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც ყურადღება ექცევა მათ ქმედებებს. 

 

გამოვა რამე? 

 

ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს, მაგრამ აქედან სწორი ერთადერთია - არ ვიცი. 

 

ევროკავშირის გაფართოებას სკეპტიკურად უყურებენ. 24 თებერვლამდე ალბათ ძალიან შორეულ პერსპექტივადაც არ განიხილებოდა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავირთან კიდევ უფრო დაახლოება. მაგრამ ახლა უკვე უკრაინისათვის კანდიდატი წევრის სტატუსზე უარის თქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ შეიძლება ითქვას, უკრაინა დამსახურებულ პრივილეგიას ფლობს. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, ვარაუდობენ, რომ ჩვენ უპირობოდ არ მოგვეცემა სტატუსი. ესე იგი, მოგვცემენ მითითებებსა და კონკრეტულ ვადებს. თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მერე შეიძლება მოგვანიჭონ კანდიდატი წევრის სტატუსი. კიდევ არსებობს ერთი, ჩვენთვის განსაკუთრებით ცუდი და ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ვერსიაც - საერთოდ არაფერი მოგვცენ და ევროპულ პერსპექტივას დაგვპირდნენ. 

 

მგონი, ევროპარლამენტარები დარწმუნებული არიან, რომ ქართველ ხალხს ევროპა უნდა, თუმცა რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო ამისთვის მზად, ამას ეჭვობენ ან დაზუსტებით იციან უარყოფითი პასუხი. ბევრი ამბობს, რომ რადგან ახლა განსაკუთრებული მომენტია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ახლანდელ მონაცემს არ გაითვალისწინებენ და ამ ქვეყნებს რამდენიმე ათწლეულის შრომას დაუფასებენო. მგონი, უარს იმ ხალხის გამო უფრო გვეტყვიან, ოთხკვირიანი სიჩუმისკენ რომ მოგვიწოდებდნენ. რა გონიათ, ვინმე დაუჯერებს რომ ერთმანეთი გვიყვარს? თუ იმას დაიჯერებენ, რომ, აი, ვსოო, მოგვარდნენო… 

 

ისე, “ოცნებისგან” ცუდად მენიშნა  სერბეთისა და თურქეთის ხსენება. ეჭვი გამიჩნდა, თუ მოვიპოვეთ კანდიდატი წევრის სტატუსი, კანდიდატობისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ. პრინციპში, არც ამ სტატუსისთვის შეუსრულებიათ დიდად არაფერი… 

 

კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების შემდგომ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. თუ კანდიდატობას მოვინდომებთ, შეიძლება 10 ან 20 წელიც დაგვჭირდეს მოსამზადებლად. ამ დროის შემდეგ, გვენდომება თუ არა ევროკავშირი ან იარსებებს თუ არა, არ ვიცით. არც ის ვიცით, ჩვენ რა ბედი გველის, მაგრამ ერთია, არც არას და არც კის შემთხვევაში, დემოკრატიის განვითარება და უკეთესი ცხოვრების შენება არ უნდა დავივიწყოთ.