​​​​​​​ რა ღირს ბილეთი ამერიკამდე?

2 ივნისი 2022

არ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ დღეც, ღამეც და შუა დღეც ჩემს თავსა და 10 წლიან სამოქმედო გეგმაზე ვფიქრობ. ხშირად, ამ ფიქრებში საკუთარ თავს, ამერიკის ბილეთით ხელში, თვითმფრინავის ბორტიდან ვაბრუნებ ხოლმე. მერე თავს ვიმართლებ: რა მოხდა? წავალ, კარგად ვისწავლი, ხალხს გავიცნობ, მერე ჩამოვალ და ქვეყანას მივხედავ-მეთქი. ხო, ძირითადად, ასეთ დროს ვიტყუები ხოლმე. დიდხანს ვფიქრობდი, რომ საქართველოში ცხოვრება ჩემი პრინციპული სურვილი იყო. ეს ჩემი სურვილი ახლა ცოტა მინელებულია და თვალი ამერიკის ბილეთისკენ გამირბის. 


 

ბავშვობაში ჩემი საყვარელი სიმღერა და დარწმუნებული ვარ შენიც, Empire State Of Mind იყო. ტექსტი ხომ გახსოვს? ნიუ იორკში განათებები რომ შთაგაგონებენ და ყველაფრის გაკეთება რომაა შესაძლებელი. ამისთვის და კიდევ ბევრი რამისთვის წავიდოდი ამერიკაში. ამერიკის ბილეთის ყიდვა იმიტომ მომაფიქრდა, რომ ქვეყნის მომავალს ცხადად ვერ წარმოვიდგენ. რა იქნება, კაცმა არ იცის და ასეთ გაურკვევლობაში, ქვეყნისა და საკუთარი მომავლის ბუნდოვანებაში დარჩენა რთულია. ვერც იმას წარმოვიდგენ, რომ რამე შეიძლება გამოვიდეს. დიდი ხანია ქვეყანაში მხოლოდ წარუმატებლობას ვუყურებთ. ეს დაბნეულობა, იმედგაცრუება და წასვლის სურვილი ლოგიკური გაგრძელებაც იყო.  სამაგიეროდ, ჯერ კიდევ გულანთებული ველოდები ცვლილებებს. გეტყვი, რომ დიდად არც მისი პოზიტიურობის მჯერა, მაგრამ რაღაც იქნეა, აბა, ისე როგორ? 


 

რთულია გადაწყვიტო, ბილეთი იყიდო და წახვიდე ამერიკაში. გინდ რომელიმე დაუსახლებელ მიწაზე წავსულვართ და გინდ ამერიკაში. თავიდანაა ყველაფერი დასაწყები, თავიდანაა თავი სამტვრევი და ძალები მოსასინჯი. თითქოს, აქედან ვხედავ, რომ იქ ყველაფერი შედარებით მარტივია. ამიტომაც ვერ გავუძელი ცდუნებას და ამერიკის ბილეთის ყიდვაზე ფიქრი დავუშვი. ამერიკაში შეგიძლია სწავლაზე, საქმეზე, საკუთარ თავზე იყო ორიენტირებული და ფეისბუქის სქროლვისას არ კითხულობდე სათაურებს: “ქვეყანა იღუპება”, “სამშობლო ხელიდან გვეცლება”, “საქართველო რუსულ ორბიტალს უბრუნდება”, “კობახიძე VS მელია”, “რუსი სამხედროები მავთულხლართებს ავლებენ”... კი, მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა, მაგრამ ამერიკის ბილეთითა და ვიზით ამ ყველაფრისგან თითქოს თავისუფალი ხარ, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი მაინც აღარაა. 


 

გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა საქართველო. მათი უმრავლესობა კი შრომისუნარიან (15-65) ასაკში იყო. ბოლო ათ წელიწადში 1 მილიონზე მეტმა ქართველმა შეავსო მწვანე ბარათის აპლიკაცია. ამერიკა მაინც ახალგაზრდებისთვის საოცნებო ქვეყანაა: თავისუფლება, თანასწორობა, კარგი უნივერსიტეტები, დასაქმების შესაძლებლობა და საკუთარი თავის პოვნის მრავალი გზა. თან ისე, რომ არავინ გსაყვედურობდეს. ამერიკის ბილეთის ყიდვა მომინდა… აქ ის არაა, რაც ამერიკაშია. 


 

რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან? ალბათ, სიღარიბის მოთმენა კარგად შეგვიძლია საქართველოში. გაჭირვებული ადამიანები ამერიკა-მექსიკის საზღვრამდეც ვერ აღწევენ. მიდიან შედარებით იაფ ქვეყნებში, სადაც ფიზიკური შრომის გაწევა უწევთ, რაშიც საქართველოში ძალიან ცოტას იხდიან, შრომით უფლებებზე ხომ საერთოდ კომიკურია რამის თქმა. ნიუ იორკის, ბერლინის, პარიზის ბილეთებს ძირითადად ჩემი მეგობრები და ჩვენზე ცოტა დიდები ყიდულობენ, ანუ ახალგაზრდები, რომელბსაც რაღაცის შექმნა შეუძლიათ (მადლობა, ბატონო პრემიერო!). თავის საქმეს კი აქაც იპოვიდნენ და ამერიკაშიც. შემოსავალიც ორივეგან ექნებოდათ, თუმცა იქ რამდენიმე ასეული დოლარით მეტი. ერთადერთი მოტივაცია თუ გადაწონიდა ამას, თუმცა აქ ჯერ ამის პოვნაც ჭირს.


 

ამერიკამდე ბილეთი ძვირი ღირს, მაგრამ სალარომდე მისვლა და ჯიბეზე ხელის წავლება, მოთმინებაზეა დამოკიდებული. გააჩნია, რამდენი ხანი მოვითმენთ გაჭირვებას, გააჩნია, რამდენი ხანი დასჭირდება პოლიციელის ფეხით უკანონო დაკავებებს ჩვენამდე მოსასვლელად. გააჩნია, რამდენ წელში მიგვახვედრებენ, რომ აქ საჭირო არ ვართ ან რამდენ ხანში გახდება შემაწუხებელი დემოკრატიის უკუსვლა. 


 

და თუ სიღარიბის მოთმენა შეგვიძლია, რატომ მივრბივართ სხვაგან? იმიტომ ხომ არა, რომ აქ საჭიროები აღარ ვართ? არ შემიშვან მუზეუმში, გამომგლიჯონ მიკროფონი, ვისწავლო, იმიტომ, რომ ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრი გახდეს, ანტისახელმწიფოებრივი მეძახონ, თუ მათი დაქვემდებარებული არ ვიქნები… როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება, ისე არაფერია აქ. ხალხი საჭირო არაა: არც საარჩევნო სისტემის ცვლილებაში, არც ნარკოპოლიტიკის კანონის ცვლილებაში და არც ნების გამოხატვაში. მარტივად მიგვახვედრეს, რომ ეს ქვეყანა ხალხის არაა და რაღაც მცირე ჯგუფს ეკუთვნის. 


 

ასე გამოვიდა, უჩვენოდაც კარგად არიან. ამერიკის ბილეთი კიდევ ყველგან იყიდება. მექსიკამდე მისვლა ხომ საერთოდ ძალიან მარტივია. ჩვენი საჭიროების დაკარგვასთან ერთად, ზოგჯერ ღირსების შემლახავიცაა აქაურობა. ერთი გეტყვის, მთაწმინდიდან გამოექანეო, მეორე გეტყვის, მერე რა, რომ გცემეს, ეს ყველგან ხდებაო, მესამე გეტყვის, პანდემიაა, სთეი ჰოუმო და თავად აგარაკზე მოილხენს, მეოთხე გეტყვის, გავიგე, რომ დისკომფორტია, მაგრამ უნდა გაუძლოო. ალბათ ამასაც მოითმენს ადამიანი, სადღაც მაინც პერსპექტივის განცდა რომ იგრძნობოდეს და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა გეძლეოდეს. 


 

მაგრამ, მე რომ მაინც აქ მინდა ცხოვრება? ღმერთმა გვაშოროს, უფალმა გვაშოროს დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრება, მიტინგები რომ არაა და პარლამენტში ჩხუბი. ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა და თბილისის ლამაზ კაფეებში არ გაიარე - რაა მამული? რაა მამული, თუ საქართველოზე დაწერილი სტატიების კითხვისას თვალზე ცრემლი არ მოგდგომია? ერთხელ მაინც არ გიფიქრია პერსპექტივასა და მის მომავალზე. და მანც, რაა მამული, თუ მისთვის არაფერს აკეთებ? 


 

შეგრძნება, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, საჭირო ხარ და შენც საჭიროებისამებრ იქცევი, არაა დასათმობი. დროთა განმავლობაში, ჩემთვისაც უფრო და უფრო ნაკლებად კომფორტული ხდება ეს ქვეყანა, მაგრამ ჩემია და ხომ არ გადავაგდებ? თან ხმლის ქნევასა ან თაფლის წასმას და მზის გულზე გაწოლას ხო არავინ მთხოვს? პატარ-პატარა მოქალაქეობრივი ნაბიჯებისკენ მიბიძგებს ხოლმე. საერთოდ და იმაზეც ვფიქრობ, მე რომ მივდივარ ამ ქვეყანას ვიღას ვუტოვებ?