რა ეტაპზეა AI დღეს და რატომაა იგი მნიშვნელოვანი

29 ივლისი 2020

 

ხელოვნური ინტელექტი (AI) კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი დარგია. ის მიზნად ისახავს ჭკვიანი მანქანაების/პროგრამების შექმნას, რომლებიც რომლებიც ისეთი დავალებების შესრულებას შეძლებენ, რასაც, როგორც წესი ადამიანის ინტელექტი სჭირდება.

 

AI ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა, რომელსაც მრავალი განშტოება აქვს. მანქანური დასწავლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი განშტოებაა, ღრმა დასწავლა კი თავის მხრივ მანქანური დასწავლის ტიპია. მანქანური დასწავლისა და ღრმა დასწავლის ალგორითმები, ამჟამად არსებულ თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. ისინი, როგორც ამ სფეროების, ასევე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განვითარებასა და გამარტივებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

 

მოაზროვნე რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ იდეებს, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ვხვდებით. ერთ-ერთი ანტიკური მითის მიხედვით, არსებობდა ბრინჯაოს გიგანტური კონსტრუქცია, სახელად ტალოსი, რომელიც კუნძულ კრეტას იცავდა. ნარატივის მიხედვით, ტალოსი ჰეფესტომ ციკლოპების დახმარებით შექმნა და მეფე მინოსს უბოძა. მას შეეძლო დამპყრობლების გემებისთვის ლოდები ეტყორცნა და გაენადგურებინა, ისევე როგორც ყოველდღიურად კუნძულისთვის სამჯერ შემოერბინა.

 

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის დასაწყისი კი, იმ ფილოსოფოსებს შეგვიძლია დავუკავშროთ, რომლებიც ცდილობდნენ ადამიანის აზროვნება სიმბოლური სისტემებით აღეწერათ. თუმცა, როგორც სფერო, ფორმალურად იგი 1956 წელს, ჰანოვერში, დართმუთის კოლეჯში გამართულ კონფერენციაზე შეიქმნა, სადაც ტერმინი ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენეს. მეცნიერები ამ სფეროს მიმართ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა, დროთა განმავლობაში უამრავი გამოქვეყნებული კრიტიკის გამო, სახელმწიფოებმა AI-ის მიმართ ინტერესი დაკარგეს და მეცნიერების დაფინანსება შეწყვიტეს. კვლევები მაინც მიმდინარეობდა, თუმცა 90- იან წლებამდე სფერომ რამდენიმე "ზამთარი" გადაიტანა.

 

ამ პერიოდისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენა, 1997 წელს IBM-ის მიერ Deep Blue-ს შექმნა იყო - ის გახდა პირველი კომპიუტერი, რომელმაც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის, გარი კასპაროვის დამარცხება შეძლო. შემდეგ, 2005 წელს იყო STANLEY, თვითმავალი მანქანა, რომელმაც DARPA-ს შეჯიბრი მოიგო. იმავე წელს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კი ისეთი ავტონომიური რობოტების დაფინანსება დაიწყო, როგორებიცაა Boston Dynamics-ის Big Dog და iRobot-ის PackBot.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტი დღეს არსებულ სფეროებზე დიდ გავლენას ახდენს, იქნება ეს ფინანსები, მედიცინა, შეიარაღებული ძალები, ვიდეო თამაშები თუ სხვა. როგორც ვიცით, ხელოვნური ინტელექტი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ხელოვნური ვიწრო ინტელექტი (Narrow AI) და ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI). ხელოვნური ვიწრო ინტელექტი მანქანური დასწავლისა და ღრმა დასწავლის იმ ალგორითმებს მოიცავს, რომლებმაც ზემოაღნიშნული სფეროები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განავითარა. რაც შეეხება AGI-ის, იგი ადამიანის ინტელექტის დონისაა და სამწუხაროდ, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებსა და ფილმებში თუ გვინახავს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ როდის შევძლებთ AGI-ის შექმნას, თუმცა, თუკი AI-ის განვითარების ტემპებს გავითვალისწინებთ, იგი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც AI-ის მეშვეობით უფრო და უფრო ვითარდება მედიცინაა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, AI სისტემებმა მკერდის კიბოს აღმოჩენაში ექიმებს აჯობეს. კიბოს ადრეული გამოვლენა პაციენტის მკურნალობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ხშირია ცრუ ნეგატიური დიაგნოზი, რაც მამოგრაფიაში დიდ პრობლემას წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, AI-მ ცრუ ნეგატიური დიაგნოზის შემთხვევები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 9,4%-დან 2,7%-მდე შეამცირა. სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენებაც დაიწყეს და შედეგად მან მამოგრამების განმარტებისას საჭირო მეორე რადიოლოგიც ჩაანაცვლა.

 

2017 წელს კი, ასევე Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ალგორითმის დერმატოლოგიაში გამოყენებაც შემოგვთავაზა. სტენფორდის უნივერსიტეტის სისტემამ, დიაგნოზის დასმაში თითქმის ისეთივე წარმატებული შედეგები აჩვენა, როგორიც დერმატოლოგებმა. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, AI-ის შეუძლია ჩვილებში გენეტიკური დაავადებების ამოცნობა, რაც ახალშობილთა ადრეული მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთი ახალი ალგორითმი კი, კოგნიტური უნარების გაუარესებას წინასწარმეტყველებს, რასაც საბოლოოდ ალცჰაიმერის დაავადებამდე მივყავართ. შესაბამისად, თუკი პაციენტში კოგნიტური უნარების დაქვეითებას მალევე აღმოვაჩენთ, შევძლებთ ადრეულ ჩარევას და მკურნალობის დაგეგმვას.

 

თანამედროვე მედიცინის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა ბაქტერიები და მათი რეზისტენტულობის ზრდაა. მკვლევართა გუნდმა ამ პრობლემის მოგვარებაც AI-ის გამოყენებით განიზრახა. შედეგად, ალგორითმის გამოყენებით შეიქმნა ისეთი ანტიბიოტიკი, რომელმაც ძლიერი რეზისტენტულობის ბაქტერიების დახოცვაც შეძლო. საინტერესოა კიდევ ერთი, საკმაოდ ახალი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალგორითმის დახმარებით, ტრავმირებულ პაციენტებში პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD-ს) რისკი გამოთვალეს. AI-მ დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა, თუმცა, იმ ადამიანების 29%-ს, ვინც ალგორითმს რისკის ქვეშ არ დაუყენებია, მომავალში PTSD განუვითარდათ, რაც ალგორითმის არასწორი უარყოფითი შედეგის მაჩვენებელია.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც AI პოპულარულობით სარგებლობს, განათლებაა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ განათლების მიღება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი. ასევე, მსგავსი პროგრამები მოსწავლეებს/სტუდენტებს სუსტი მხარეების გამოვლენასა და მათზე მუშაობაში ეხმარება, ისევე როგორც მათთვის შესაფერისი პროგრამების შერჩევაში. AI-ზე დაფუძნებული ერთ-ერთი საგანმანათლებლო პლატფორმაა - Knewton. მისი პროგრამა alta, სტუდენტებს, მათ ცოდნაზე დაფუძნებით სხვადასხვა კოლეჯის დონის კურსებსა და პროგრამებს სთავაზობს. კიდევ ერთია ასეთი წამოწყებაა Querium. იგი AI-ის მეშვეობით უფროსკლასელებსა და სტუდენტებს STEM საგნების პროგრამებს სთავაზობს. AI სტუდენტის მიერ შესრულებულ ტესტებს აანალიზებს და შედეგებზე დაყრდნობით ინდივიდზე მორგებულ გარემოს ქმნის, რომელიც განვითარებისთვისაა საჭირო.

 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციასთან და ტროლებთან საბრძოლველადაც აქტიურად გამოიყენება. სოციალურ ქსელებში ორივე მათგანი საკმაოდ გავრცელებულია და საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხის მიმართ საერთო აზრის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა აქვს. ახალ ალგორითმს, რომელიც მკვლევართა გუნდმა შექმნა, სოციალურ ქსელებში ტროლების გამოვლენა შეუძლია. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული ალგორითმი სწავლობს იმ ტროლების ხელწერას, რომლებიც ქსელში აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ასეთი სახით საზოგადოების განწყობაზე ახდენენ გავლენას. გარდა ამისა, სხვადასხვა სტარტაპები აქტიურად მუშაობენ ისეთი სისტემების შექმნაზე, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში იქნება გამოსადეგი.

 

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ეჭვი — მიიჩნევა, რომ იგი ჩვენთვის პოტენციური საფრთხის მატარებელია და რომ, დროთა განმავლობაში, ის სხვადასხვა სფეროში ადამიანების ადგილს დაიკავებს. მედიცინაში და განათლებაში მიმდინარე ცვლილებებისა და AI-ის როლის ზრდის გამო, ხშირად ამბობენ, რომ ალგორითმები უამრავ ექიმსა თუ პედაგოგს სამსახურის გარეშე დატოვებს. თუმცა, ეს ალგორითმები ადამიანებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რასაც იმაზე ბევრად მეტი კარგის მოტანა შეუძლია, ვიდრე ცუდის. აღსანიშნავია, რომ ადამიანებში შიშს უფრო მეტად AGI იწვევს, რაც, როგორც ვიცით, ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ის კაცობრიობისთვის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.