ყავა, ლეპტოპი, თასქები

25 ნოემბერი 2022

ანუ უფასო სამუშაო ადგილები თბილისში 

თუ თქვენც ციფრული სამყაროს მორევმა ჩაგითრიათ და თქვენი საქმე ძირითადად ლეპტოპის ეკრანთან ჯდომა, მეილების წერა, კოდის წერა ან უბრალოდ საკუთარ თავთან გუგლ-დოქ-ში ბრეინშტორმინგია, ალბათ გამოგიცდიათ მოწყენა, რომელსაც ერთი და იმავე ხედის ცქერა ჰქვია. 

ზოგჯერ გინდა ჭიქა ყავა შენი საყვარელი სახლის ან ოფისის ჭიქიდან კი არა, რაიმე ლამაზი კაფის მოზრდილი ფინჯნიდან მიირთვა. სხვა თუ არაფერი, დიდი შანსია, იმაზე უკეთესი კაპუჩინო ჩაგივარდეს ხელში, ვიდრე სახლში გააკეთებდი იაკობსის ან ნესკაფე-გოლდის მეშვეობით.

კაფეში სამუშაოდ გასული ადამიანის კლიშე სრულყოფილად რომ შედგეს- ეფლის მსუბუქი ლეპტოპი აუცილებელი არაა, შეგიძლია hp ან microsoft surface-იც გამოიყენო!

მოკლედ, ხალხზე ცოტა მაღლა, მაგრამ მაინც ხალხში სოლო მუშაობისთვის რამდენიმე კაფეს გაგიზიარებ- სადაც არც 20 წუთში ლეპტოპის დახურვასა და ტერიტორიის დატოვებას არ მოგთხოვენ და თან ფინჯან ყავასაც, და თუ საჭიროა სუპსაც მიირთმევ!


ჩაის სახლი

 

 

რადგან კაფეში ლეპტოპთან მუშაობა ავტომატურად  ბიტკოინების ფლობას არ ნიშნავს. ჩაის სახლი ძალიან ბიუჯეტური ვარიანტია სტუნდენტებისთვის და უბრალოდ იმ ხალხისთვის, რომლისთვისაც ოჯახს დიდი ქონება არ დაუტოვებია და ისევ მოჩანჩალე ლარის არასტაბილური ხელფასი აქვს.

მაინცდამაინც საღამოს ნუ მიაკითხავთ, თუ ყურსასმენი გაფუჭებული გაქვთ და ხალხის ხმაურსაც დიდად ვერ იტანთ. ვაიფაი? არის. ყავა, ჩაი, ნამცხვარი? არის. შუადღეს თუ მიაკითხავთ, მაგიდაც აუცილებლად ექნებათ!

ლოკაციები, რომლებსაც თავადაც ხშირად ვსტუმრობ- ჩაის სახლი თსუ-სთან, სადაც გარეთ დაჯდომა შეგეძლებათ და ჩაის სახლი ქიაჩელზე- თუმცა, ამ უკანასკნელში უფრო მეტი ხალხია ხოლმე, როგორც წესი


 

კოფისტა


 


მართალია, რუსთაველის ფილიალში ლეპტოპი არც კი გამახსნევინეს, თუმცა გალერეა თბილისის ფილიალში შეგიძლია სავარძელში მოკალათდე და ლეპტოპიც თავისუფლად გადახსნა! იქვე, სკამის გვერდზე, დენცქვიტებსაც ბლომად შეხვდებით!

 

8000 მოსავალი


 


თუ ყავასთან ერთად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება შენთვის ჭიქა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ 8 K ოპტიმალური გამოსავალია! როგორც წესი ღვინის ბარების ოღრაშობა საღამოს 7 დან იწყება, ასე რომ, თუ დღის საათებში გინდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მუშაობა, შეგიძლია რვაათასს გაურისკო!

პირადად მე, აბაშიძის ფილიალის კუთხეში მდგარ მაგიდას გავუწევდი დიდ რეკომენდაციას- ვაიფაიც არის და თქვენთვის გაზიარებასაც არ დაგზარდებიან!

 

Books From Past

 


ამა წლის 10 მარტამდე კაფედ და წიგნების მაღაზიად იდენტიფიცირდებოდა, თუმცა, ჩემი ფეხის შედგმიდან 1 თვეში უბრალოდ წიგნის მაღაზიად გარდაიქმნა, სადაც ყავით გაგიმასპინძლდებიან. 

თანა-სამუშაო სივრცე ნამდვილად არაა,თუმცა თუ ლამაზი, სასიამოვნო და ძველი წიგნების ენერგიით დამუხტული ადგილი გინდა და საუზმეთაც ძირითადად მხოლოდ ყავას მიირთმევ, მაშინ უეჭველი სანახავია!

11:00-20:00-მდე მუშაობენ და შენც ამ პერიოდში უნდა მიუსწრო. ლამაზი ვერანდა და უკანა ეზო სოლო-ბრეინშტორმინგში და ეგზისტენციალურ ფიქრებთან გამკლავებაში დიდად დაგეხმარება! 

 

Coffee Lab


 


თუ ყავის სნობი უფრო ხარ, ვიდრე ვორკაჰოლიკი, მაგრამ წუთისოფლის სიავე მაინც უკანასკნელისკენ გიბიძგებს, მაშინ ყავის ლაბორატორია უდაოდ კარგი გამოსავალია! ყველაფერთან ერთად, ცხოვრების დიდი ნაწილის საბურთალოს ტერიტორიაზე გატარება თუ გიწევს- მაშინ, ისღა დაგრჩენია ყაზბეგზე მათ ფილიალს მიაკითხო და ვაიფაის პაროლიც გამოითხოვო! 

Disclaimer: ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები მულტივერსის ამ ვარიანტში ნამდვილად არსებობს, თუმცა co-working ადგილებად არ იდენტიფიცირდებიან, ასე რომ, მაინცდამაინც ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთებას მანდ ნუ მოინდომებთ- ამისთვის, დედაენის ბაღში, კარგ ამინდში- ანუ, სადღაც, ასე, მაისისკენ- გაისეირნეთ.