OMG

ფოთი ჩემი სიყვარული

22 ივლისი 2021

 

ფოთი საინტერესო ქალაქია… ორნითოლოგებისთვის, დამსვენებლებისთვის არც ისე.
 


 

ტურისტები? კი, ტურისტები როგორ არ არიან, ძირითადად გზააბნეული ტურისტები გაჩერებენ და გეკითხებიან ბათუმი საით არისო, ან ქობულეთი, ფოთში დასასვენებლად არავინ ჩამოდის.


 

რატომ?


 

ამაზე პასუხს ჭირდება ისტორიული ექსკურსი. ამიტომ აღიჭურვეთ ისეთი ფაქტების მოსასმენად, რომელიც შეიძლება არასოდეს არაფერში გამოგადგეთ.

 

 


მაშ ასე, ფოთი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქია, რომლის წინაპარასაც ფაზისი ერქვა. ეს ის ადგილია, სადაც იასონი და არგონავტები ჩამოვიდნენ, მერე მდინარე რიონით აუყვნენ გზას კუტაიამდე (ქუთაისი), მეფე აიეტს მედეა და ოქროს საწმისი მოსტაცეს, შინ კი ისევ ფაზისის გავლით დაბრუნდნენ. მედეას ძეგლი მაინც ბათუმში დგას (WTF?)

 

 


მოკლედ, თემას ძალიან რომ არ გადავუხვიოთ, ფაზისი ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეშიც არსებობდა. აქ საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა და იმდროინდელი სტანდარტებისთვის ქალაქი საკმაოდ თანამედროვე იყო. აქვე მდებარეობდა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლაც, მოკლედ ფული და განათლება მაშინდელ ფაზისელებს არ უჭირდათ.

 


გამოხდა ხანი და 1892 წელს ბატონი ნიკო ნიკოლაძე დაინიშნა ქალაქის თავად. ჰოდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც მაშინ ქალაქის წინაშე იდგა, იყო ცუდი გზები. ეს პრობლემა ბატონმა ნიკომ გადაჭრა. მისი ძალისხმევით დიდი პორტიც აშენდა და ქალაქმაც ამოისუნთქა. გაჩაღდა მუშაობა, ცეკვა, სიმღერა, აღებ-მიცემობა და ა.შ. კიდევ ერთხელ გამოხდა ხანი და აგერ 129 წლის შემდეგაც ქალაქის მთავარი პრობლემა ცუდი გზებია, ცუდი გზები არა, უფრო უგზობა.


 

სახლიდან გამოსვლა, ან სახლში დაბრუნება იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ფორტ ბოიარდში გასაღების მოპოვება. ოფროუდის და პარკურის სქილები აუცილებელია. სამაგიეროდ ტაქსი ძალიან იაფი ღირს, იმდენად იაფი, რომ მოგერიდება ქალაქის ირგვლივ სამი წრე, რომ მოგატარა იმ ადამიანისთვის ლარი და ოცის გადახდა.

 

 

თუმცა ტაქსი სწრაფი ნამდვილად არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მოკლე მანძილზე მიდიხარ, მაინც დიდი ხანი ხარ გზაში. თუ გამოცდილი მძღოლი შეგხვდა, რომელმაც იცის სად რამხელა ორმოა და როგორ ააცილოს, ხომ კარგი. თუ არადა მოგიწევს ისე ჯაყჯაყი თითქოს შენი კოსმოსური შატლი მეტეორების წვიმაში მოხვდა.
 

 


გზას ვინ ჩივის, ზღვასთან ახლოს ვიქნები და უმალ ვიჭყუმპალავებო იტყვის ვინმე არაშავიზღვისპირელი, თუმცა ასეც არ არის. ფოთის სანაპიროდან თუ შავ ზღვაში ჩაბრძანდებით, იმაზე ბინძური ამოხვალთ უკან, ვიდრე იყავით. იმ დღეს კი არა, ვიდრე ოდესმე იყავით. 


 

საღამოს, როცა მზე ჩავა და მორჩებით დაზაგვრას პლიაჟზე ძროხებთან, პოლიეთილენის პარკებთან, კბილის ჯაგრისებთან, ცალ ფეხსაცმელთან და სხვა გამორიყულ ნაგავთან ერთად, მოგინდებათ კინოში წასვლა, ან კაფეში, ან რავიცი რა მოგივლით, ზოგადად ფოთში რო ისვენებს, ის ადამიანი რას ფიქრობს, ან რა უნდა, კაცმა არ იცის…
 

 


კინო არ გვაქვს. ადრე იყო, მახსოვს. შენი კასეტით უნდა მისულიყავი. ცირკია არა? Ჰოდა ზუსტად ძველი ცირკის შენობაში იყო ეს “პონტი”. ახლა აღარ არის. საჭმელად კარგი ადგილები შეიძლება იპოვოთ, შეიძლება ვერც იპოვოთ, თქვენს მონდომებაზეა რა.


 

სამაგიეროდ ფოთში ბევრი საროსკიპოა, მოგეცა ლხენა, სასტუმროს ვერ ნახავ, კვნესის ხმა რომ არ გამოდიოდეს… ან ნახავ, ზოგადად ფოთი არაპროგნოზირებადი ქალაქია.


 

ფოთში ლუდს სვამენ, მგონი იმაზე ბევრს ვიდრე სხვაგან. განსაკუთრებული ლუდი იქ არ გვაქვს, სამაგიეროდ ხანდახან ისეთი შებოლილი თევზის სუნია მთელს ქალაქში, ლუდს შეგიძლია არაფერი მიაყოლო და უბრალოდ ღრმად ისუნთქო.


 

მოკლედ, მე, როგორც სამი თაობის ფოთელი და ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მკაცრი ვარ და მოყვარეს პირში ვუძრახებ ხოლმე. მონდომებულ ადამინს შეუძლია აქ დასვენება. უბრალოდ მუღამის დაჭერა უნდა. მუღამის და იმ ერთი კოღოსი, მთელი ღამე რომ წუის და არ გაძინებს…


 

არც ისეთი ცუდი ქალაქია ფოთი. ხელის შევლება ჭირდება. დაგეგმარება იდეალური აქვს, პარიზის გეგმის მიხედვით ააშენა ნიკოლაძემ თანამედროვე ფოთი თავის დროზე. მას მერე დიდად არაფერი შეცვლილა ქუჩის სახელების გარდა.

 

თუმცა, წელს რაღაც მაინც შეიცვლება, ფოთში. ოქროს ტბის ტერიტორიაზე, იქ სადაც 1991 წელს წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, ჩატარდება Swing Festival 2021.


 

ფესტივალი 30 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს სტუმრებს და მიზნად ისახავს როგორც ამჟამად დაპაუზებული ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის, ისე ისტორიულად მდიდარი და ცნობილი ადგილის გამოცოცხლებას. აგერ ივენთიც და მადლობა მერე გადამიხადეთ.


 

ელექტრონული მუსიკა თუ გიყვართ, კოღოების არ გეშინიათ და თვლით, რომ გართობაც არ გაწყენდათ - სვინგ ფესტივალზე შევხვდებით! იმიტომი იქ იქნება, სადმე სცენასთან, ან ბარში ან ხიდიდან გადმოხტება ან წყლის თხილამურებზე იდგება, მოკლედ კარგად დაძებნეთ.