OMG

ფორმა, რომელსაც აღარ გავიხდი

24 ივნისი 2022

ოთხი წლის


ხალხი იძახის ომი დაიწყოო. კი, მაგრამ რა არის ომი? რა ხდება? ან ვინ არიან ის კაცები ერთნაირად რომ აცვიათ? საინტერესოა, ოთხი წლის ბავშვი რას ვფიქრობ, თუმცა ამას, დიდი ალბათობით, ვერც ვერასდროს გავიგებ.

 

თოთხმეტი წლის

 

აქტიური მოსწავლე ვარ და ვცდილობ ყველაფერში ჩავერთო. გაკვეთილზე დირექტორი შემოდის და გვაფრთხილებს, რომ დღეს ინფორმაციული შეხვედრა გვექნება და კარგი იქნება თუ დავესწრებით. არ უთქვამს ვის ვხვდებით, თუმცა მაინც დავთანხმდი, ჩემი რა მიდის? გაკვეთილების ბოლოა, ჩანთა ავიღე და ზარმაცად გავემართე შეხვედრის ოთახსიკენ. 


რა ვიცოდი, რომ ეს შეხვედრა მთელ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა?


ოთახში შევდივარ და ვხედავ ერთნაირად ჩაცმულ კაცებს, თუმცა ახლა ვხვდები თუ ვინ არიან ისინი. მათ დანახვაზე რაღაც ისეთმა გაიღვიძა ჩემში, რაც აქამდე არ განმიცდია. სიამაყე, სიხარული, პატივისცემა. ყველა გრძნობა ერთამნეთში აირია და მერე დალაგდა. თითქოს, ის, რაც მაკლდა, ერთიანად მომეცა. ეს გრძელი პროცესი სულ რაღაც წამის მეათედში მოხდა. გაცნობითი შეხვედრა საინტერესოდ გრძელდება. ვსვამ შეკითხვებს და ვიღებ პასუხებს. ყოველი პასუხის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, თუ რა იქნება ჩემი პროფესია. 

სახლში შევედი და ოჯახის წევრებს გამარჯობის ნაცვლად პირდაპირ გამოვუცხადე: „სამხედრო უნდა გამოვიდე“. პირველი მამაჩემს შევხედე. მანაც გამომხედა მშვიდი და აუღელვებელი სახით, რასაც ვერ ვიტყვი დედაჩემზე. ის შემეწინააღმდეგა, ეცადა გადაეფიქრებინა. მამაჩემმა კი არაფერი მითხრა, არადა ყველაზე კარგად ის ხვდებოდა, თუ რა რთულ გზას ვირჩევდი. ის ხომ უკვე ოცდაოთხი წელია საქართველოს საზღვარს იცავს და გამოვლილი აქვს ის, რაც მე უნდა გავიარო მომავალში. 

რა თქმა უნდა, თოთხმეტი წლის ბავშვის ასეთ გადაწყვეტილებას არავინ შეხვდა სერიოზულად. მახსოვს ჩემი მეგობრების დამოკიდებულება: ერთმანეთს შეხედავდნენ და ამბოდნენ „ჰო იცი, მაინც გადაიფიქრებს“. ცოტა არ იყოს მწყინდა, თუმცა შემდეგში მოტივაციას მაძლევდა, რომ დამემტკიცებინა ჩემი გადაწყვეტილების სიმყარე.

 

თვრამეტი წლის

 

უკვე ოთხი წელია ვიცი რაც მინდა. ახლა რას ფიქრობენ ჩემი ოჯახის წევრები? ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. მხარს მიჭერენ და ჩემს გვერდით არიან. ისინი ძალას მმატებენ, რომ ამ გზას ბოლომდე გავყვე. მამაჩემი მესაუბრა, ამიხსნა თუ რისი გავლა მომიწევს, რა პრობლემებს უნდა შევეჭიდო მომავალში. ამ ასაკში უკვე კარგად მესმის, თუ რამდენი გამოწვევის წინაშე დამაყენებს ჩემი არჩეული პროფესია. თუმცა წამითაც არ ვფიქრობ, გადაწყვეტილების შეცვლაზე. 

ოთხი წლის ბავშვი ვერ ვხვდებოდი, რომ მაშინ რუსებმა მიწები და ძმები წაგვართვეს. წლების მომატებასთან ერთად, უფრო ძლიერ მტკივა ჩემი ქვეყნის ოკუპირებული მიწების საკითხი. მტკივა არნახული ადგილი, რომელიც მხოლოდ უფროსი თაობის მოგონებებში მაქვს ნანახი. 

 

დღეს

 

უკვე წარმატებით გავიარე აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები. წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები და საწყისი მომზადების კურსია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპსავ წარმატებით გადავლახავ, არდგან ზურგს მიმაგრებენ ჩემი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. არ ვიცი რა იქნება მომავლაში, მაგრამ მწამს იმის, რომ ერთ დღესაც ენგურის ხიდთან ვიდგები და ჩემს და-ძმებთან ერთად ფეხს დავდგამ იმ მიწაზე, რომელიც ჩემს გონებაში ზურმუხტისფერია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.