WTF

პოლიტიკური წრიული

30 სექტემბერი 2021

ჩემი პირველი პოლიტიკური მოგონება ვარდების რევოლუციაა. მიშა შევარდნაძის ჩაის სვამს, მე სტაფილოს ვჭამ, რომელიც დედაჩემმა სუპისთვის საგულდაგულოდ დაჭრა.

მეორე პოლიტიკური მოგონება 2007 წლის 7 ნოემბერია. 8 წლის მე სკოლიდან  სახლში ადრიანად ვბრუნდები. გაკვირვებული მივუყვები ნაწვიმარ ქუჩას და ვერაფრით მივმხვდარვარ გაკვეთილების დასრულებამდე რატომ გამომიშვეს.

ნაცრისფერი ტელევიზორის ეკრაზე პოლიციელები ხალხს სცემენ.

დედაჩემი ტელევიზორს თიშავს...

შემდეგ იყო ბევრი რამ.

ომი

პირველად გაგონილი კოჰაბიტაცია

ოცნებები, რომლებიც ოცნებებად დარჩა

ფსკერამდე დაცემული ეკონომიკა

გამოუძიებელი საქმეები

გავრილოვის ღამე

დარბეული აქციები

ნაცემი ჟურნალისტები

ახლა 22 წლის ვარ. ამ 22 წლის მანძილზე პირადად ჩემზე არაფერს გადაუვლია, არც ჩემი თვალის გუგა შესწირვია ამ ქვეყანას, მაგრამ იმ ორ მოგონებას, რომელიც ღრმა ბავშობიდან იწყება, ბევრი შეემეტა და მტკივნეული უიმედობის განცდა დამიტოვა, თითქოს ყველანი დამპალი სისტემის  წრიულში ვსხედვართ და ველოდებით შემდეგ მოშიმშილეს, შემდეგ უწამლოდ დარჩენილ მოხუცებულს, შემდეგ ამოთხრილ თვალს, შემდეგ მოკლულს, შემდეგ დაუსჯელს, შემდეგ გამოფენილ ცხოვრებას, შემდეგ იმედგაცრუებას თუ უიმედობას.

კი, უიმედობა მარტივია.
მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და ფიქრი, რომ არაფერს აქვს აზრი, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული, რომ შენ არაფერი შეგიძლია, მარტივია, მაგრამ ძირეულ ცვლილებებს საკუთარი თავის არარაობად აღქმა არ ბადებს. სინამდვილეში ისტორია სხვა რამეს გვეუბნება. თითოეული ადამიანი იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე თავად წარმოუდგენია და გაგიკვირდებადა ერთ ადამიანს ისტორიის შეცვლაც კი შეუძლია.

ამ წრიულს, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ ყველა  მოვხვედრილვართ დასასრული არ ექნება იქამდე, სანამ თავად არ მოვინდომებთ დასასრული დასაწყისად ვაქციოთ.

არ არსებობს სხვა, ვინც შენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. არ არსებობს სხვა, ვინც შენს მაგივრად უკეთეს სახელმწიფოში იცხოვრებს და ჩამომპალ სისტემას წარსულში მოიტოვებს.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღე, რომელიც შეგიძლია ცვლილებების საწყისად აქციო.