WTF

პლასტმასის პანდემია

9 ივნისი 2021



კოვიდ პანდემიამ დიდი ცვლილებები მოახდინა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა პანდემიისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს მხოლოდ ადამიანთა კისერზე არ გადაუვლია.
ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთჯერადი სამედიცინო ნიღბები გარემოს გლობალური დაბინძრების ერთ-ერთი მიზეზი გახდებოდა. ქუჩაში სეირნობისას რამდენჯერ შეგიმჩნევია ძირს დაგდებული პირბადე? ალბათ ძალიან ბევრჯერ. ყოველთვიურად დედამიწის მოსახლეობა 129 მილიარდ პირბადეს იყენებს. ყოველდღიურად კი დაახლოებით 3,4 მილიარდი ნიღაბი იყრება და  აბინძურებს გარემოს.

სახის ნიღბები, ფარები და ხელთათმანები, რომლებსაც ყოველდღიურად კოვიდისგან თავდაცვისთვის  მასიურად ვიყენებთ, არ არის ბიოდეგრადირებადი, რაც იმის საშიშროებას იწვევს, რომ გადაგდებული დამცავი საშუალებების ნარჩენები ათწლეულების განმავლობაში დარჩება, ეს კი ძალიან სახიფათოა დედამიწის ეკოსისტემისთვის.
ჟოანა პრატამ, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტის ეკოლოგიური ჯანმრთელობის მკვლევარმა და პანდემიის გავლენით პლასტმასის ნარჩენების ზრდის შესახებ კვლევის ავტორმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ კოვიდ 19 - ისგან დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისა და გადამუშავების შესახებ.
ჰონგ-კონგში დაფუძნებული საზღვაო კონსერვაციის ორგანიზაცია OceansAsia - ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ოკეანეებში 1,56 მილიარდი პირბადე მოხვდა.

მრავალჯერად სამედიცინო ნიღაბს ბუნებაში დასაშლელად 450 წელი სჭირდება. წარმოგიდგენია? ნიღაბი, რომელსაც ხანდახან მხოლოდ რამდენიმე საათით ვიყენებთ, დედამიწაზე იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე - ჩვენ. ამასთანავე, პლანეტისთვის  სავალალო ეკოლოგიური შედეგების მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს.
საუკეთესო რამ, რაც შეიძლება პლასტმასის პანდემიის შესაჩერებლად გააკეთო (თუ არ მიეკუთვნები რისკჯგუფს ) ერთჯერად პირბადეებზე უარის თქმაა. გამოიყენე მრავალჯერადი, რეცხვადი პირბადე, რომელიც თავადაც შეგიძლია გააკეთო. რაც შეეხება ლატექსის ხელთათმანებს,  მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება კლინიკურ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ რეგულარულად ხელების დაბანა საუკეთესო მიდგომაა, რადგან ხელთათმანის ზედაპირიც ისევე შეიძლება დაბინძურდეს, როგორც შიშველი ხელი.

პლანეტის დაცვა გლობალური საზრუნავი და ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათთვის იმ საფრთხეების გაცნობა, რომლის წინაშეც დედამიწა და მისი მოსახლეობა დგას. პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ გაღებული ძალისხმევა დაგვეხმარება შევამციროთ  ოკეანეებისა და ზოგადად გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი, გარკვეულწილად დავძლიოთ კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული პრობლემები და მხარი დავუჭიროთ ბიომრავალფეროვნებას.