OMG

პირველი B, ანუ როგორ დავკარგე A-შვილობა

7 აპრილი 2023

 

ვის რისი დაკარგვა გვაბედნიერებს და ჩემთვის A-შვილობა საუკეთესო რამაა, რაც ოდესმე დამიკარგავს. 

 

ამბავი იწყება სკოლიდან - დაუვიწყარი დღე!

 

 

 

მეხუთე კლასში ვარ და მათემატიკას უსაყვარლესი კაცი გვასწავლის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვაფასებთ და აბა თუ გამოიცნობ რა ხდება გაკვეთილებზე?

კი, ზუსტად, ოღონდ უარესი.

ამ სანიმუშო ყოფაქცევამაც უკვალოდ არ ჩაიარა და ლამაზი 6-იანი მოიხაზა ჟურნალში, საკონტროლოს გრაფაში

იმ დაწყევლილ დღეს ქართულის გაკვეთილზე გადავწყვიტე მათემატიკის მეცადინეობა მეორე დღისთვის (საქმეს წინ წავიგდებ - მეთქი), დავალებებს კი ვწერდი ისე. ხოდა ერთი საუკეთესო მეგობართან ნათქვამი საიდუმლოები რჩება დაფარული და მეორე ჩემი ასეთი ამბები დარჩა სკოლაში. დასვენებაზე ტელეფონმა დამირეკა, დედამ იცის და სახლში მელოდება! - ამ მომენტიდან რომ გული ამიჩქარდა, რამდენიმე დღე არ გაჩერებულა 🙁 ყველაფერი გაშავთეთრდა, ყველაფერმა მოიწყინა, უცებ დაღამდა…

ბედად ცეკვა მქონდა სკოლის შემდეგ, მახსოვს ჯგუფელებთან ერთად რაღაცაზე ვიცინოდი და უცებ დედა გამახსენდა, რომელიც სახლში მელოდება და ოპაა! ალბათ, პირველად მაშინ დავსაჯე თავი სიცილისთვის (ეს არასდროს ქნა! - ოღონდ თუ პანაშვიდზე არ ხარ). 

კიბეებზე ავდივარ, ისედაც პატარა გული სადაცაა სულ გაიპაროს, ვაღებ კარებს და მესმის:

“შენ იცი რომ (პაუზა) 10 წლის სიცოცხლე დამაკლდა?!” და გაგრძელება…

ახლა, 11 წლის მე წარმომიდგინე, დედა რომ ამას გეუბნება… 10 წელიი? მე საერთოდ სულ მაგდენი ვიცხოვრე.  

ამ დღეზე პირველად ვსაუბრობ, ალბათ, არც დედას ახოვს და არც იმ მასწავლებელს, ვინც ეს დედას უთხრა, მაგრამ მე არასდროს დამვიწყებია, ნერვიულობის არც ერთი წამი წაშლილა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მაგდენი კიდევ ვიცხოვრე. 

მესმის მათი, ჩემთვის კარგი უნდოდათ, და ვფიქრობ, დღესაც თვლიან, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ არა 🙁 სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ctrl + z არ მუშაობს, undo-ს ვერ იზამ, რაღაც გატყდა, რაც არავითარ შემთხვევაში უნდა გამტყდარიყო და მითუმეტეს, ასე!

ბავშვს სიცელქე უნდა აცალო, აცალო გაიგოს. ცუდი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, პირიქით პირველივე კლასიდან ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საკუთარ თავში გარკვევა არ მაცალეს და ბავშვური ცელქობისთანავე, ეს მკაცრად მაზღვევინეს და ასე მიმაჯაჭვეს კარგ ნიშნებზე. ამის შემდეგ ნიშნები შემზიზღდა, მაგრამ შემზიზღდა ისე, რომ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სწავლა არ შემძულებია, ნიშნების გამო სწავლა შემძულდა, მაგრამ ისე რომ პირველ რიგში, ნიშნების გამო ვსწავლობდი და მერე იმიტომ, რომ ზოგადად სწავლა კარგია.  

ნიშნებზე მიჯაჭვულობა უაზრო ფორმულების დაზეპირებასა და ნერვიულობაში გადმოითარგმნა, მასწავლებლებთან ხვეწნაში, რომ დაუმსახურებელი 10 დაეწერათ, რადგან სხვა ყველაფერში 10 მყვებოდა, დარდი ყოველი 8-იანის შემდეგ … 

 

არც ობიექტურ შეფასებას ვერჩი რამეს და არც გარე მოტივატორს სწავლაში დაგეხმაროს, იმ აზრისგანაც შორს ვარ, რომ სტრესი შეგიძლია სულ გააქრო წარმატების გზაზე, მაგრამ რომელი მედალი ღირს იმ გულისგამხეთქავ დღეებად 11 წლის ბავშვმა რომ გადავიტანე?! მიზანი არასწორად დამისახეს და მითხრეს, რომ საკუთარი ნერვები შემეწირა, რადგან ან ათოსანი ხარ ან არავინო! 

სწორად რომ გამიგო, ათოსნობა ზოგადად ცუდი არაა, აქ მთავარია ეს რის ხარჯზეა და რისთვის - ამიტომ არ მიყვარს ჩემი ოქროს მედალიც!

 


 

 

 

 

 

 

უნივერსიტეტი და პირველი ორი კურსი

 

სკოლაში არ დასრულებულა ჩემი და ნიშნების ტოქსიკური ურთიერთობა, უნივერსიტეტმა 10-იანის ნაცვლად A დამახვედრა, თურმე რა სკოლა და ეროვნულები, ჯერ სად ხარ…

გამოცდების პერიოდი შემზიზღდა - ღამეების თენება, სტრესი, აუ, ნეტავ რა მოვა, ასობით გვერდის სწავლა, ნერვიულობა… მერე გამოცდის წერა… გამოსულზე ნაპოვნი შეცდომები და ამაზე ხელახალი ნერვიულობა - აუ როგორ შემეშალა, რამდენს დამაკლებს… ძილის წინ ან ახალგაღვიძებულზე წამომივლიდა ხოლმე და გული მისკდებოდა, ვაიდა იმ შეცდომის გამო B-ზე რომ დავხურო - თან განა უსწავლელობის გამო მოსული შეცდომები იყო, აი, ადამიანი რომ ხარ და შეგეშლება, ეგეთები რა. 

შედეგი მუდამ კარგი იყო - აბა, სტიპენდია სტიპენდიაზე, GPA 4.0, საშუალო 98 ქულა… 


მაგრამ მე ვიცი და ჩემმა დამ, რომელიც მიყურებდა, თუ რა იდგა ამის უკან. როგორც ვთქვი, სწავლა მსიამოვნებდა, მაგრამ ნერვიულობის გარეშე. გამოცდა კი იქცა ჯერ ნერვიულობად და მერე სწავლად.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

GPA 3.96

 

ამ ეტაპზე ვარ და უცებ საგანს 88-ზე არ ვხურავ (3 ქულა მაკლდება A-მდე!), მეთქი ოპააა, გიორგის B, ეს როგოორ, როგორ და ეგრე! და კიდევ კაი, რომ ზუსტად ეგრე. ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ არც შუალედურის ქულა გამისაჩივრებია და არც ფინალურის მერე “მიმათხოვრია” სამი ქულა.

სასაცილოა შეიძლება, მაგრამ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა - არაუშავს, არაუშავს, გიორგი! და დავაჯერე! ზოგჯერ წამომივლიდა, რომ გიო B რომაა, სტიპენდიას რომ ვერ აიღებ, მაგრამ ისევ ძალისხმევა და ნელ-ნელა საბოლოოდ დავიჯერე, რომ არაუშავს!  

თუმცა, A-შვილობა მაშინ არ დამიკარგავს, როდესაც პირველი B მივიღე. ეს ძალიან დიდი და რთული პროცესი იყო. გამოცდებზე ნერვიულობა ისევ გრძელდებოდა, სტრესს ისევ განვიცდიდი, და გულდაწყვეტით ისევ შემეხედებოდა ერთადერთი B-სთვის - მაგრამ პროცესი დაიწყო და ის ვეღარაფერმა შეაჩერა! 

ფილმებში რომ ჯაჭვის ბორკილებს შუაზე გაწყვეტავენ, საკუთარ თავში ასე  ღრიალით გადავლახე ქულების მონობა. ჩემს თავს დაველაპარაკე: მეთქი, გიორგი, ახლა ნახე, გიღირს? კი თავისით ხდება, მაგრამ აიყვანე თავი ხელში, შეგიძლია გააკონტროლო და როცა წამომივლიდა, სულ ვეკითხებოდი - გიღირს? გიღირს? ხოდა არა, არ მიღირს და ვმშვიდდებოდი. 

ასე ამოვისუნთქე, მერე გაბრაზებულზე საერთოდ სწავლა შევწყვიტე დროებით, მაგრამ მალევე დავბრუნდი, აი, ციხიდან რომ ნატანჯები გამოდიან და ლაღ ცხოვრებას იწყებენ, ასე მოხდა ჩემშიც. სწავლა გავაგრძელე, ოღონდ ქულის გამო აღარ და აქედან დაიწყო ბედნიერზე ბედნიერი და წარმატებულზე წარმატებული დღეები. 

ესაა და ეს, ასეთი ისტორია რომ ვინმეს მოეყოლა ადრე, მე საქმე ბევრად გამივარტივდებოდა და ბევრად მალეც მივხვდებოდი, თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, ამიტომ მოგიყევი შენც და ძალიან გამიხარდება, თუ პატარით მაინც დაგეხმარე.