
არ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა.
ჩემს დიდ თავზე და ოდნავ უფრო პატარა მხრებზე ავიღე ფეიქების ხმაურით ლეწვის დიადი საქმე.
არ ვინდობდი ჩემს ერთგულ, თუმცა სულელ ძმაკაც ბესოს;
არ ვინდობდი კოვიდზე გავრცელებულ ათასზე ცოტა მეტ სისულელეს;
არ ვინდობდი ბაბუაჩემის ძმაკაცებს, რომლებიც ჩემი მკლავიდან 5G-ის დაჭერას ცდილობდნენ, იმისდამიუხედავად, რომ არც კი იცოდნენ 5G რა იყო.
მოკლედ, შემიძლია ვთქვა, რომ ვიღვაწე, წ-ზე მახვილით.
პრინციპში, ვ-ზეც.
და აი, დადგა ეს დღეც.
ცოტა ხნის წინ ბატონმა ბაიდენმა, ან, როგორც ჩემი რედიტის ვოლზე ვეძახი, ბაიდენი ბიძიამ, ჯანმოსთან ( ბესოს საყურადღებოდ ვწერ- ანუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ) ერთად საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ კოვიდ პანდემია დასრულდაო.
და მიუხედავად იმისა, რომ თავად კოვიდი 1 თვის წინ გადავიტანე და ახლა ჩემი ძმაკაციც ახველებს, ვირწმუნე.
მორჩა ოღროებით და ჩოღროებით ავსებული კოვიდიანი 2 წელიწადი.
2020 წლის ერთ მშვენიერ ზამთარს მეხივით დაცემული
და 2022 წლის ზაფხულს, შვებით დამთავრებული.
ამ ხნის განმავლობაში გამოვიარეთ ლეღვის ნახარშზე უფრო დიდი უბედურებები.
ფეიქები, შეთქმულების თეორიები და ყალბი არგუმენტებით ვერგამყარებული ტყუილი ფაქტები;
მაღაზიებიდან გაზიდული ტუალეტის ქაღალდები- რომლითაც, ჩემი აზრით, სინამდვილეში ცრემლებს იწმენდნენ.
ჩუმად ნაყიდი წყალბადის ზეჟანგები, რომლის მიღმაც იმალებოდა იმედი- იქნებ, კოვიდი ამაცილოს ან მომირჩინოსო.
თუმცა, ზოგ რამეს ვერ აიცდენ.
და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, კოვიდი ასეთი მარტივი სამკურნალო რომ ყოფილიყო, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს არ მოუწევდათ ყველა ღამის თენება და ყველა დღის დაღამება ლაბორატორიებში კოვიდ ვაქცინის შესაქმნელად. უბრალოდ, აიღებდნენ და მართლა დალევდნენ.
იმ მასონებს ხომ ისედაც უამრავი რამ შევტენეთ- ალბათ, ისიც, ჩვენს სადარბაზოებში მუდმივად ნაგავი რომ ყრია, აბა, პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ხომ არ ავიღებთ...
ხოდა ახლა ისიც შეეტენა, ვინმე მასონს ზაზას გამრავლება არ უნდა და აცრას აიძულებსო.
მე პირადად, მასონი რომ ვყოფილიყავი, ზაზა სულ ფეხებზე მეკიდებოდა რა. არაფერი პირადული, ზაზა, მაგალითისთვის ვამბობ.
თუმცა მოდი არ დავუკარგოთ ბაზარს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დიზაინის პირბადეები არ მოგვკლებია. ძაან მომენატრება ჩემი აკაცუკების პირბადის ტარება.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს სახლში ერთი პერიოდი ნივრის სულისშემძვრელი არომატები ტრიალებდა ჰაერში კი შემდეგი სიტყვები ისმოდა ‘დე, გავიგე ნიორი ძაან კარგი ყოფილა, მიდი ჩემი ხათრით ერთი გადაყლაპე’. ასე რომ, ფეიქებთან ბრძოლა ლოკალურადაც ოჯახის დონეზეც გრძელდებოდა.
გავუძელით რამდენიმე კომენდანტის საათს, რამდენიმე იზოლაციას. პირველი ძაან რთული არ იყო, მეთქი, როგორც იქნა ფორტნაითის თამაშის დრო მაქვს... მერე ლოლიც დავიწყე მაგრამ აი სადღაც შუაში უკვე ამ თინეიჯერმა ბიჭმა ღიპის დადება რომ დავიწყე ... მივხვდი, რომ ზედმეტი იყო.
ახლა, ავტობუსებში ისევ თავისუფალი ჭყლეტვაა, უპირბადოდ, 9-ზე არც არავინ მიმარბენინებს სახლში და ყოველი დაცემინებისას დედაჩემს შიშის ზარი არ სცემს.
კოვიდფეიქები დამსხვრეულია, თავები განძრეული.
ეს ერთი ბრძოლაც გადატანილი.
თუმცა, დავითა, ფეიქებთან ბრძოლას არასდროს შეწყვეტს!
