OMG

ომი აფხაზეთში − შეცდომები და შედეგები

22 ოქტომბერი 2022

ყველა წინადადება, რაც საქართველოში მომხდარ ქვეყნისთვის საზიანო პროცესებს უკავშირდება ან საბჭოთა ოკუპაციით იწყება, ან საბჭოთა კავშირის დაშლით. მეოცე საუკუნეში მომხდარ არცერთ სხვა ფაქტორს არ ჰქონია ისეთი უარყოფითი გავლენა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე, როგორც ამ ორ, ერთმანეთისგან 70 წლით დაცილებულ მოვლენას ჰქონდა. 

 

ერთდროულად სასაცილოც არის და ტრაგიკულიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ სარგებელზე მეტი ზიანი მოგვაყენა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არასრულ სამ წელიწადში საქართველომ დაკარგა აფხაზეთზე კონტროლი. 13 თვისა და 13 დღის მანძილზე გაგრძელებულმა სამხედრო მოქმედებებმა 9 ათასამდე ეთნიკურად ქართველი შეიწირა, მათ შორის 800-მდე ქალი და ბავშვი.

 

ომში დაიღუპა 4 ათასი აფხაზი ეროვნების მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი ქართველების რიცხვი 260 ათასს აღემატებოდა. 

 

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. წელს 29-ე 27 სექტემებრი გავიდა და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთი. ძირითად არხებზე გავიდა 2 წუთიანი სიუჟეტები, სადაც სევდიანი და სერიოზული სახეებით დამშვენებულმა საჯარო ფიგურებმა თაიგულებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალები. განცხადებებიც მოვისმინეთ აფხაზი დებისა და ძმების და ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, ბედნიერი, ერთი სიტყვით, არარსებული მომავლის შესახებ. 

 

ბლოგში განხილულია ის ძირითადი მიზეზები, რამაც 90-იანი წლების საქართველო და მისი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მორიგ კატასტროფამდე მიიყვანა. მარტივად, შევეცდები პასუხი გავცე კითხვას, რატომ დამარცხდა საქართველო აფხაზეთის ომში. 

 

თავიდანვე დავასახელებ სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტორს, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ომის დაწყებასა და მიმდინარეობაზე და განსაზღვრა კონფლიქტის შედეგები.

 

ისტორიული კონტექსტი და ეროვნული მოძრაობის გაჩენა - ადრეული 80-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი თანდათანობით იწყებს რღვევას. გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებული იმპერიის მოდერნიზაციის იდეა წარუმატებელი აღმოჩნდა. საჯაროობამ და გარდაქმნამ, ანუ „გლასნოსტმა“ და „პერესტროიკამ“ ვერც ტოტალურ კორუფციას უშველა და თან ეროვნული მოძრაობების გაჩენაც წაახალისა. საქართველოში 70-80-იან წლებში რამდენიმე არალეგალური ჯგუფი იწყებს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1988 წლის 22 ნოემბერს, საბჭოთა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პასუხად, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებს კავშირიდან გასვალს უკრძალავდა, თბილისში, უზენაესი საბჭოს წინ პროტესტანტთა ჯგუფი შიმშილობას იწყებს. ოთხ თვეში, თბილისში დაწყებული პროცესების პასუხად და საპირისპიროდ, აფხაზეთშიც იწყება „გამოღვიძება“. 1989 წლის 18 მარტს, სოფელ ლიხნში შეკრებილი გავლენიანი აფხაზები წერილს აგზავნიან მოსკოვში. წერილში დაგმობილია საქართველოს ისტორიული ძალმომრეობითი კონტროლი აფხაზეთზე და გამოთქმულია სურვილი, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 

 

პინგპონგის ბუთრთი ისევ თბილისის მოედანზეა. ლიხნის შეკრების პასუხად თბილისში 9 აპრილი ვითარდება. მშვიდობიანი პროტესტანტები სეპარატისიტი აფხაზი ლიდერების დასჯას მოითხოვენ. 

 

 

რუსული საჯარისო ნაწილები სასტიკად უსწორდება პროტესტის მონაწილეებს. პროტესტს 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება, 500-მდე კი მძიმედ შავდება. 

 

 

 

კლანურ-ტრაიბალური კონტექსტი და ძალაუფლების დანაწილება - 9 აპრილის მსხვერპლი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების რღვევის საფუძველი გახდა. ისედაც პოპულარობადაკარგული კომუნისტური პარტია 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მარცხდება. გამარჯვებული „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო” უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდიას ირჩევს. აფხაზეთზე გავლენის, ხოლო ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, გამსახურხდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  ვლადისლავ არძინბას კანდიდატურას უჭერს მხარს. გამსახურდიას მიერ არძინბას სასარგებლოდ დადებული ფსონი სულაც არ აღმოჩნდა გამართლებული. იმედი, რომ თბილისი არძინბას მხარდაჭერით სოხუმზე კონტროლს შეინარჩუნებდა არ გამართლდა. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ძალაუფლების ცენტრები მყიფე ხდებოდა და როგორც თბილისში, ასევე აფხაზეთში ყველა ძალა, კლანი თუ საჯარო ფიგურა საკუთარი გავლენების გაფართოებასა და ბუნდოვან მომავალში სტაბილური ადგილის დამკვიდრებისთვის ცდილობდა ბრძოლას. აფხაზეთის ქართული პოლიტიკური ელიტაც დიდმა არეულობამ და შეუთანხმებლობამ მოიცვა. ქაოსი ხილვადი იყო ყველა დონეზე და ამ ქაოსში საკუთარი, არც თუ მოკრძალებული წვლილი მოსკოვსაც შეჰქონდა. 

 

მრავალი დათმობის მიუხედავად არც გამსახურდიას ძალაუფლება იყო სტაბილური. 1991 წლის პირველ ნახევარში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

 

დამოუკიდებლობის აღდგენა გაფორმდა იმავე წლის 9 აპრილს. იმავე წლის 26 მაისს გამსახურდია ამომრჩეველთა 86 პროცენტმა აირჩია პრეზიდენტად. არასრულ 7 თვეში, 1991 წლის 22 დეკემბერს გამსახურდიას წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო. გადატრიალებამ  შეიწირა რუსთაველის გამზირი და ლეგიტიმური ხელისუფლება. 6 იანვარს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. 

 

განუკითხაობა და აქტიური საომარი მოქმედებების კონტექსტი - გამსახურდიას მიერ ქვეყნის დატოვების დღიდან საქართველო მთლიანად მოსწყდა ყოველგვარ ცივილურ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყანა პოლიტიკის ძალადობრივი მეთოდების რეალიზების სივრცედ იქცა. პუტჩის შემდგომი საქართველო სახელმწიფოს დღემდე ცნობილ არცერთ განმარტებაში არ ჯდება. ის ხდება საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული ტერიტორია, რომელზეც ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები, პუტჩისტები და ათობით სხვა შეიარაღებული ბანდფორმირება წარმატებით ხოცავს ერთმანეთს. არარსებობს სუვერენული ძალაუფლების ცენტრი, ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენით არის დაკავებული. 

 

გასამხედროებული კრიმინალური ბანდები ცდილობენ, არსებული ქაოსიდან სხვადასხვაგვარი სარგებლის მიღებას. ქვეყანაში არსებული არაფორმალური სამხედრო ძალაუფლება ორ დაჯგუფებას - მხედრიონსა და ეროვნულ გვარდიას შორის ნაწილდება. პირველს კანონიერი ქურდი და თეატრთმცოდნე ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობს, მეორეს კი - მხატვარი თენგიზ კიტოვანი. 

 

 

ხელოვანთა ამ არაჩვეულებრივ ტანდემს, 1992 წლის შვიდ მარტს, ვაკანტური სახელმწიფო ხელმძღვანელის თანამდებობისთვის მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე ჩამოჰყავს. 

 

კიტოვანი და იოსელიანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ საბჭოურ დიპლომატიაში გამოქექილი შევარდნაძე ქვეყანას საერთაშორისო აღიარებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას მოუტანდა, თავად კი მართვის რეალური სადავეები ექნებოდათ ხელში. 

 

თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ იყო. 

 

შევი საკუთარი გეგმებით იყო ჩამოსული და სულაც არ აპირებდა დრამატურგისა და მხატვრის მიერ მომზადებულ სცენაზე მათ მიერ განსაზღვრული როლი ეთამაშა. ეს მოგვიანებით, 2-3 წელიწადში გამოჩნდება. 

 

ახლადდაბრუნებული შევარდნაძისთვის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არსებული ქაოსის დასტაბილურება გახდა. თბილისში დაწყებული საომარი მოქმედებები რეგიონებს მოედო. გამსახურდიას მხარდამჭერები სამეგრელოში იყვნენ გამაგრებული, მხედრიონი ამ რეგიონში სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდა, აჭარაში ასლან აბაშიძეს საკუთარი საფეოდალო ჰქონდა მოწყობილი, აფხაზეთში კი არავინ იყო მოხიბლული სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სამშობლოში დაბრუნებით. 

 

ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ცენტრალიზებისთვის შევარდნაძემ ახალი ავანტიურა წამოიწყო. აფხაზეთში რკინიგზის დაცვის საბაბით ეროვნული გვარდიის ძალები გაგზავნა. 

 

 

ამ მანევრით შევარდნაძე ორი მიზნის მიღწევას ცდილობდა: 1. დასავლეთ საქართველოზე კონტროლის აღდგენას და იქ გამაგრებული კანონიერი ხელისუფლების მომხრეების განეიტრალებას; 2. აფხაზეთზე კონტროლის აღდგენას.

 

1992 წლის 14 აგვისტოს ეროვნულმა გვარდიამ და სხვა სამხედრო ფორმირებებმა გადაკვეთეს ენგურის ხიდი. დაიწყო აფხაზეთის ომი. 

 

აფხაზეთის დაკარგვა - 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვისა და 13 დღის თავზე, 1993 წლის 27 სექტემებრს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

შიდა არეულობა, გამოუცდელი სამხედროები, კომუნიკაციის ნაკლებობა და ხშირად არარსებობა, შეიარაღების სიმცირე, რუსეთის მიერ აფხაზებისადმი გაწეული სამხედრო დახმარება, მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჯაჭვი და ნულოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ ცხადი მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რამაც აფხაზეთის ომში საქართველოს მარცხი გამოიწვია. 

 

ცალკე ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ საბჭოთა კავშირის ნგრევით განაწყენბული რუსეთი, საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური ელიტით, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ქაოსი რეგიონზე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის გამოეყენებინა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ 1992-1993 წლებში არც რუსეთის სახელმწიფოს ულხინდა, მან მაინც მოახერხა გადამწყვეტი როლის თამაში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. ვახსენოთ მხოლოდ ერთი ფაქტი: 

 

1992 წლის 3 სექტემბერს, აფხაზეთში აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მოსკოვში იწვევს ედუარდ შევარდნაძეს. ელცინის შუამავლობითა და თავდებობით შედგა შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. შეთანხმება ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტასა და ძალათა დაშორიშორებას. რუსეთი პასუხისმგებლობას იღებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები არ ჩაერეოდნენ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. თუმცა:

 

  1. აფხაზური მხარის წარმომადგენელმა, ვლადისლავ არძინბამ, ხელი არ მოაწერა შემაჯამებელ დოკუმენტს, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ქართულ მხარეს;
  2. ერთ თვეში, გაგრას შეუტია რუსულმა, აფხაზურმა და ჩრდილო-კავკასიურმა გაერთიანებულმა ძალებმა. გაგრა დაეცა. 
  3. 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომელიც ნებას რთავდა აფხაზეთში განლაგებულ რუსულ ჯარებს ცეცხლი გაეხსნათ ქართული პოზიციებისთვის.
  4. რუსული ავიაცია ომის მიმდინარეობის მანძილზე აქტიურად ბომბავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობასა და საჯარისო ნაწილებს. 
 

ტრადიციისამებრ, 3 სექტმებრის შეთანხმებამაც საპატიო ადგილი დაიკავა რუსეთის მიერ დარღვეული ათასი სხვა შეთანხმების გვერდით.

 

შეჯამება

 

აფხაზეთის ომის დაწყების დღიდან წელს 30 წელი გავიდა. 30 წლის თავზე თითქოს ყველაფერი ნათლად ჩანს და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც მარტივი აღსაქმელია, თუმცა ეს სულაც არ არის ასე. ყველა მსჯელობა, რომელიც აფხაზეთის ომსა და 90-იან წლებში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება ზედაპირულია და ზოგადი. ძნელია, მოიძიო ერთი სრულფასოვანი კვლევა მაინც, სადაც ამ ქაოუტური პროცესებისა და მასში მონაწილე პოლიტიკური თუ სამხედრო ფიგურების როლის მიუკერძოებელი ანალიზი იქნება წარმოდგენილი. 

 

წარსულში არსებული პოლიტიკური ქაოსის სისტემატიზება რთულიც არის და პირობითიც. ამ პირობითობის ნაწილია ბლოგში გამოყენებული სამფაქტორიანი დაყოფაც, რომელიც ისტიურიულ კონტექსტს და ეროვნული მოძრაობის გაჩენას, კლანურ კავშირებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას და აქტიური საომარი მოქმედებების პარალელურ შიდასახელმწიფოებრივ ქაოსს აერთიანებს. 

 

კონფლიქტის გაჩენა, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად გაჩაღებული ომი და მარცხი ამ ომში სწორედ ამ სამმა ერთმანეთთან დაკავშირებულმა ფაქტორმა გამოიწვია. 

 

 

 

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.

 

 

 

ბლოგი მომზადდა “ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.