OMG

Nani?! - ანუ რომელი ანიმე ვნახოთ?

1 აპრილი 2022

საიდან უნდა დავიწყოთ თუ დაწყება გვეზარება 

 

ანიმე სამყარო მეორადების ბაზრობასავითაა

ქექვა უნდა. 

ბევრი ყრია, ლარადაც მოგივა, 3 ლარად ზმანს ააწყობ. 

მაგრამ აქვს კი ღირებულება? 

მეორე სეზონზეც მოგინდება იმავეს ჩაცმა? 

თუ იმ ნაგავსაყრელზე გადავა, რომელსაც შენი კარადის ბოლო თარო ჰქვია?

ეს შიშები ზუსტად იმ კარშია გაჩხერილი, რომლითაც შეიძლება ანიმე სამყაროში გახვიდე- თუ ბედმა გაგიღიმა, კარის მეორე მხარეს შეიძლება შენი სპირიტ გაიდი- რომელიც ხშირად შენივე მეგობარი ან რედიტზე ვინმე უცნობი- ჩირაღდნით ხელში დგას და ცდილობს გზა და ასტრალური სხეული ერთდროულად გაგინათოს. 

 

ჰოდა, ის  ბედი, რომელიც ახლა გიღიმის, მე ვარ. 

ვწუხვარ.

დიდი ანიმეშნიკი ვერა ვარ, ამიტომ მხოლოდ ნარჩევ ანიმეებს გაგიზიარებ, ანიმეურ სნობიზმში რომ გადაგისვრის თავიდანვე და ქექვა აღარ მოგიწევს.

 

მაშასადამე, აი:


Terror in resonance
სულ რაღაც 11 ტკბილი სერია. ტკბილს ვწერ, ამიტომ, როცა ნახავთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და მიჩივლოთ. 
ხარისხი? არის. კარგი ტრეკები? კიბატონო. სევდა? რა თქმა უნდა. უფრო მეტი სევდა? კი კი კი. კი კი. სიმპატიური ბიჭი, რომელიც დროდადრო კომპიუტერთან ზის და კლავიატურაზე წკაპუნით ატომებს ხლეჩს? ეგეც. სხვას ვერაფერს გეტყვით, არ წამომესპოილეროთ, ნასროლი ქვების ამცდენი მე არ ვარ. ვერ. 


Samurai champloo

იაპონური ჰიპ-ჰოპი, უარტესი ანიმაცია, 26 კანფეტი ეპიზოდი. ჩხუბი გინდა? არის. ორი წიწკვი ბიჭი, ორი კატანით? ერთმანეთზე უკეთესი? ისე ვერც მე ვნახავდი. ხარისხი? უპირობო, ისეთი, რომ ვერც კი მიჩივლებთ, რომც წახვიდეთ. თითოეული სერია ცალკე ამბავია, სახალისო, სევდიანი, ყოფითი, არაყოფითი- როგორც ხდება ხოლმე რა, ყველა კარგი ხარისხის კარგად მოთხრობილ ისტორიაში. ახლა რომელიმე სერიას რენდომად ჩავრთავ და მერე გავაგრძელებ რეკომენდაციებს. პაკაა. 

პ.ს ისე კარგადაა გახმოვანებული ინგლისურად, მისდღემჩი dub-ზე სნობურად განწყობილი ხალხიც კი თანხმდება, ვა, კაიაო. 


Cowboy bebop

სადაც samurai champloo ვახსენეთ, იქვე სპაიკის ამბავიც უნდა ვახსენოთ. ვაჰ, თვალზე ცრემლი მადგება რა. 26 ლავა-ქეიქივით ღრმა და არომატული სერია. 90-იანების დახვეწილი სტილი. ბლუზი. სექსუალურობა, ცეცხლი, ვნება, შოკოლადები! სევდა, ეგზისტენციალურად მსუბუქი სიმძიმე! და მთავარი შეკითხვა: რატომ არ არის ხორცისა და ბულგარული წიწაკის კერძში, ხორცი?! იმიტომ, რომ გაჭირვებაა, ჩემო სპაიკ. 

ჰო, სპაიკი მთავარი ახოვანი, მაღალი, ღარიბი, არც ისე მდაბალი ტიპია. მეტს აღარ მოვყვები, იქ, სხვა კარგი ხალხიც გელოდება. ცრემლები რბილი ქაღალდით შეიმშრალე, ისე, კანი გაგიღიზიანდება. ჰო, რაც მთავარია, ყოველი სერია იმედისმომცემი ფრთიანი ფრაზით მთავრდება. მაგ: you're gonna carry that weight. ბარემ დამახალეთ ის ყველა ტყვია, ინგამ რომ მურტალოს ააცილა. 


Naruto 

აქ ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ:

no one:
naruto: sasukeeee
sasuke: narutoooo
sakura: tasuketeee (მიშველეს ნიშნავს)


ნარუტო ის ანიმეა, ზუსტად რომ ვერ ვხვდებით, ჯერ დავიბადეთ და მერე დავიწყეთ ყურება, თუ პირიქით. თუმცა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მე პირადად 2020-ის უხსენებელი კარანტინის დროს ვნახე 4.5 კვირაში. შეიძლება, უფრო ნაკლებშიც, მაგრამ უხერხულია ამის თქმა. 

ეპიკური ამბავია, და როგორც ყველა ეპიკური ამბავი- ნარუტოც არქეტიპულ ნარატივს იტევს საკუთარ თავში. თუ ეს წინადადება ვერ გაიგეთ და თქვენთან ვერ რეზონირდა, შემდეგ ბლოგებში განვავრცოთ, რას ნიშნავს არქეტიპული ამბავი, რატომ მოგვწონს ნარუტო, სუპერმენი და აირონ მენი ერთად. 


One piece
 

ტკბილი და გრძელი ლუკმა. 
ზოგნი იტყვიან, ნამეტანი გრძელიო, მაგრამ მე ემოციურად და კრიპტოვალუტურად ინვესტირებული ინსომნიაკი ვარ op-ში, ასე, რომ, ჩემთვის ‘ნამეტანი გრძელი’ ანიმეს კონცეპტი არ არსებობს და ვინც აქამდე თავს ‘ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ვან ფისში სერიები’-ს გამო იკავებდით, გამოასწორეთ, ხომ, მიდგომა, ასე ვერც შორს და ვერც ევროკავშირებში წავალთ, მეკობრებო. რატომ “მეკობრებო”, ამას, ყურებას რომ დაიწყებთ, მერე მიხვდებით. მოიწერეთ მერე, ვიჭორაოთ. 

 

Attack on titans

უხსოვარ დროში ვნახე, მაშინ, ახალგაზრდებო, ჯერ კიდევ ნახევარი სეზონი იყო გამოსული, და მეც, აი, ველოდები დასრულებას, რომ გემრიელად ჩავუჯდე. მაგრამ მსოფლიო დონის ანიმეშნიკეები, როგორებიც არიან- არვიცი ვინ-დიდ რეკომენდაციას უწევენ და იმ ერთი სეზონიდან, რაც მინახავს, გეუბნებით, რომ გეტკინებათ, მაგრამ სასიამოვნოდ.

არ მოგატყუებთ, კიდევ ბევრი კარგი ანიმეა, ამიტომ მათზე სხვა ბლოგში ვიჭორაოთ, თორემ, ჰო ხედავთ, გამეწელა.

სიტყვა. 

 

თქვენი და უცხოპლანეტელების ერთდროულად, Witch of the Assassinwood.