WTF

მომსახურების სფეროს დრამები

11 ივლისი 2022

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ქუჩაში დაყუდებული სიმპათიური ბიჭების ჯგუფს დიდი ნაგვის პარკით ჩავუვლიდი და ჩემი შავი პარკის ურნაში მოსროლის პარალელურად ბენტლიდან სოლიდურად ჩაცმული ქალი გადმოაბიჯებდა. აი, ფილმებში როა ხოლმე, ნაგვის პარკიანი წლების მერე რომ ბენტლიანი ქალის ადგილას იჩითება, ეგეთი ვაიბი მოაქვს ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ ამ კადრს.

ბენტლი არ მომწონს, რო რამე ვინტაჟურ მერსედესს ვამჯობინებ, მაგრამ კომპლექსების რაოდენობა ერთიათად რომ შემიმცირდა, შეგვიძლია მომსახურების სფეროში მუშაობას ერთ პლიუსად ჩავთვალოთ.

 

მომსახურების სფეროში 8 თვე ვიმუშავე. მთელი ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამეაზრებინა რამდენად გამაღიზიანებლები არიან ადამიანები.  

 

აქვე აღმოჩნდა, რომ შემძლებია - 12 საათი ფეხზე დგომა და რბილად რომ ვთქვათ, მულტითასქინგი; სამსახიობო ნიჭითაც ვყოფილვარ დაჯილდოვებული და  ნერვებათხრილზე სახეზე ღიმილის შენარჩუნებაც მარტივი ოპერაცია ყოფილა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, კონკრეტულ დრამებზე გადავალ.
 


საარსებო მინიმუმი = ანაზღაურება
 


ჩემი მუშაობა ლოქდაუნებს დაემთხვა და იმ ორ კაპიკსაც ძლივს ვხარჯავდი. თუმცა ჩნდება კითხვა - 13 საათში გამომუშავებული 26 ლარი რამდენად საპირწონეა იმ დატვირთის, რომელსაც ყოველდღიურად კისერზე შემოდებული ლოდივით დავათრევდი?

აქვე ჩნდება მეორე კითხვა - იმ სტუდენტს, რომელსაც მშობლებისგან დამოუკიდებლობა ან თუნდაც ქირის ფულის გადახდა უნდა, როგორ უნდა ეყოს 500 ლარი დღევანდელი ეკონომიკის პირობებში? 



შესვენება 0 წუთზე ცოტა მეტი
 


კი, ვითომ ნახევარი საათიო, მაგრამ შენი მეწყვილე, რომელიც გამგელებულ მომხმარებლებს შეატოვე, შეიძლება მოსასულიერებელი დაგხვდეს. ამიტომ ჭამა, მოწევა, დასვენება და თუნდაც წაძინება 5 წუთში უნდა მოასწრო.


კაციც შენა ხარ, ქალიც და ვუაფშე ყველაფერი
 


მომსახურების სფეროში მუშაობისას მხოლოდ ერთი საქმის შესრულების ბედნიერება ძირითადად არ გაქვს. სალაროსთანაც უნდა იდგე, მაცივარში ბოთლებიც გადაავსო, თაროებიც შეავსო, წვენიც დაწურო და ბანანიც აწონო. გააჩნია სად მუშაობ, დამატებით 2-3 საქმის შესრულება თითქმის სულ გიწევს, მეტის თუ არა. მოკლედ ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი იჩითები და კი ბევრჯერ გაწყდები წელში, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერი ვეღარ შეგაშინებს ;)


უსაყვარლეს მომხმარებლებთან გამკლავება
 


როგორც ჯიმ ქერიმ ვერ აიღო ოსკარი გასაოცარი სამსახიობო ოსტატობისთვის,  ისე ვერც მე. 


თავში რომ ანბანის მიხედვით გინების კორიანტელი გიტრიალებს, მაგრამ მშვიდად გაწონასწორებულად და სასიამოვნო ღიმილ-ნარევი სახით რომ ემსახურები სწერვა მომხმარებელს, ამაზე მეტი მსახიობობა რა გინდა? უმეტესობა ისეთი სიბრალულის მზერით იყურებოდა, ვერც იფიქრებდა გულში თუ სალანძღავ სიტყვებს აყრიდი და ერთი-ორჯერ იპონზეც გყავდა გონებაში დაგდებული. 

თუ შენც ჩემსავით პირველი სამსახურის სტატუსი მომსახურების სფეროს უნდა მიუძღვნა, გამაგრდი! წინ საკუთარი თავის ბევრჯერ გამოცდა, კომპლექსების ფეხებზე დაკიდება და იმ უნარებში დარწმუნება გელოდება, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდი.

ჰოდა, შემდეგ უკეთეს სამსახურში რომ დაიდებ ბინას, ყველა წინააღმდეგობა მარტივ ოპერაციად მოგეჩვენება.