
ივნისის თვეში, ადამიანები ფერადი დროშებითა და ხალისიანი სახეებით ქუჩებში დადიან, საკუთარი ორიენტაციითა და ცხოვრებით სიამაყეს მორიგ ჯერზე ადასტურებენ. თუმცა, მოდი, ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არც თანასწორ გარემოში და არც მშვიდად და დაცულად არ ცხოვრობენ. ღირსების მარშით პრობლემებზე კიდევ ერთხელ მიუთითებენ და ცდილობენ, თანასწორობას მიაღწიონ. LGBTQ+ Pride-ზე ამ საზოგადოების წევრები გვაგებინებენ, რომ ამაყი შვილები, მეგობრები, შეყვარებულები, მშობლები, თანამშრომლები ან სულაც არავისზე მიბმული, ინდივიდები არიან.
პრაიდის ჩატარების ისტორია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. თუმცა, ჰომოფობია ისევ დიდი მასშტაბის პრობლემაა. ქვიარებს ჯერ კიდევ უჭირთ ქუჩაში უსაფრთხოდ სიარული ან თანასწორი უფლებების მოპოვება. საქართველოში ღირსების მარში ჯერ არ ჩატარებულა, მიუხედავად მცდელობებისა. კარგი კუნთიანი მამრები ხან სამფეხა სკამებს დაავლებენ ხელს და ისე გარბიან რუსთაველზე, ხანაც მარშამდე გზად ყველას სცემენ. რომ ვთქვათ, მაინც და მაინც, არც პოლიტიკური ნება არსებობს, ყველასათვის დაცული იყოს სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. აქტიურად არც ადამიანები ითხოვენ ამას.
პრაიდი ძალიან ბევრ ქვეყანაში ტარდება, მათ შორის იქაც, სადაც ჰომოფობიური განწყობები ჭარბობს. სანამ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიაც შეძლებს იმავეს გაკეთებას, რამდენიმე ქვეყნის მაგალითს გადავხედოთ, ვნახოთ მათ რა გზა გაიარეს პრაიდამდე და იქნებ ჩვენი პრობლემების გადააზრებაში სხვისი მაგალითიც დაგვეხმაროს.
ბელგრადის პრაიდი - სერბეთი
სერბეთი ქრისტიანული ქვეყანაა, მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. ამასთანავე, ჰომოფობიური განწყობებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ევროპული ქვეყანაა.
სერბ აქტივისტებს პირველად პრაიდის გამართვის მცდელობა 2001 წელს ჰქონდათ. პრაიდის ჩატარებას ძალადობრივმა ჯგუფმა ხელი შეუშალეს და მომდევნო მარში თითქმის ათი წელი აღარ ჩაუტარებიათ. მეორე მცდელობაზეც 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
2014 წლიდან მოყოლებული, ბელგრადში, შესამჩნევი ინციდენტების გარეშე, ყოველ წელს ტარდება ღირსების მარში. ასეთი ჰომოფობიური და პრობლემური ქვეყანა წელს ევროპრაიდის მასპინძელიც კია.
2010 - 2014 წლებში სერბეთის მოსახლეობის განწყობა პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით მკვეთრად შეიცვალა. 2014 წლისათვის პრაიდის ჩატარების მზაობა უკვე, მოსახლეობის ⅔-მა გამოთქვა. ისინი ამბობდნენ, რომ ყველას აქვს ქუჩაში შეკრებისა და აზრის გამოთქმის უფლება. ესე იგი, ქვეყანაში, რომლის მოქალაქეთა 90%-იც ქრისტიანია და თანაც ძალიან ჰომოფობიური განწყობებია, შესაძლებელი გახდა პრაიდის ჩატარება. ამისათვის კი პოლიტიკური ნების გამოჩენა და ხალხის მხრიდანაც მოთხოვნების მკვეთრად განსაზღვრა გახდა საჭირო.
ბელგრადის პრაიდის ისტორიიდან ჩანს, რომ ძალადობით არაფერი გამოდის და ხალხსაც მსხვერპლი არ სძულდება, პირიქით, მისი დაცვის უფრო დიდი სურვილი უჩნდება.
ვარშავის პრაიდი - პოლონეთი
პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, პრაიდს “თანასწორობის აღლუმს” ეძახიან და 2001 წლიდან მართავენ. “თანასწორობის აღლუმი” შეფასებულია, როგორც ყველაზე დიდი გეი აღლუმი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე პოლონეთი კომუნისტური ბლოკის პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრაიდი გაიმართა.
2004 - 2005 წლებში პოლონეთის ოფიციალური პირები “თანასწორობის აღლუმის” ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. მათი აზრით, ვარშავაში გეი პრაიდის ოფიციალური დაშვება ხელს შეუწყობდა ჰომოსექსუალების ცხოვრების წესის პროპაგანდას. პროტესტის ნიშნად, ვარშავაში 2004 წელს ალტერნატიული ღონისძიება მოეწყო, სახელად "Freedom Veche", სადაც 1000-მდე ადამიანი მიიწვიეს. 2005 წელს, ივნისის თვეში 2000-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. მომდევნო წელს კი, ვარშავას იმდროინდელი პრაიდების ისტორიაში, ყველაზე ხალხმრავალი “თანასწორობის აღლუმი” გაიმართა.
პოლონეთი დღემდე რჩება EU-ს ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად. ბოლო წლებია, ხალხის ჰომოფობიური განწყობა აღარ არის ხელისშემშლელი პარაიდის ჩატარებისას. პოლიტიკური უგულებელყოფის მცდელობამაც არ გაამართლა. თუნდაც მართლა “95%-ზე მეტი” ღირსების მარშის წინააღმდეგი იყოს, ის 5% ხომ მაინც არსებობს?
კიევის პრაიდი - უკრაინა
კიევის პრაიდი პირველად 2013 წელს ჩატარდა. ღირსების მარშების ჩატარების მცდელობა შემდეგ წლებშიც იყო, თუმცა ცემით, ჩხუბით, ტრადიციების შეხსენებით, ოჯახის ფოტოების გამოტანით…
ერთ დროს კიევსაც უჭირდა პრაიდის ჩატარება. ეს ხალხი ხომ ჩვენზე ბევრად მეტად იყვნენ რუსული იდეებით ნაკვები და აქედან თავის დაღწევაც ჩვენზე მეტად უჭირდათ. უკრაინელებმა 2019 წელს მოახერხეს და ყველაზე მასშტაბური, თანაც ყველაზე მშვიდობიანი პრაიდი მოაწყვეს. ამას დიდწილად ხელი შუწყო პოლიტიკური ნების გამოჩენამ. ზელენსკი, სანამ არჩევნებში გაიმარჯვებდა და მას მერეც, ღიად ამბობდა, რომ მისი მთავრობა ტოლერანტული იქნებოდა LGBTQ+ ადამიანების მიმართ. 2019 წელს პოლიციამ 56 ადამიანი წინასწარ დააკავა, რადგან მათ პრაიდის ჩატარებისათვის ხელის შეშლა სურდათ. უკრაინელი ქვიარებიც აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი ცხოვრება. არადა, უკრაინაშიც ბევრი ეწინააღმდეგება პრაიდის ჩატარებასა და ბევრიც ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალები უკრაინას არ უხდებიან. კიევის პრაიდის შემთხვევაში, გადამწყევეტი პოლიტიკური ნების გამოჩენა იყო. ქვეყანაში ჯერ ისევ მაღალია ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა.
რასაც უკრაინას ვუყურებ, არ გამიკვირდება ივნისის თვეში, ცაში რომ სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ და კიევში პრაიდს ატარებდნენ.
თბილისი პრაიდი - საქართველო
თბილისში პრაიდის ჩატარების პირველი მცდელობა 2013 წელს იყო. პრაიდი ვერ ჩატარდა. შეიკრიბა ხალხი, რომელთა ძირითადი საყრდენიც საპატრიარქო იყო. ცემეს და დაააშინეს ადამიანები. 2013 წლის 17 მაისის მოვლენები ადამიანის უფლებათა ევრიოპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად, არაადამიანურ მოპყრობად აღიარა და სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. კომპენსაციისათვის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დაავალა.
2019 წელს ქვიარ აქტივისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა იმდროინდელ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს LGBTQ+ თემის უფლებების, სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს. ამ დროს გია კორკოტაშვილისა და ლევან ვასაძის ძალადობრივი ორგანიზაციები მძვინვარებდნენ.
2020 წელს თბილისში პრაიდის ჩატარება, პირდაპირ რომ ვთქვათ, სიცოცხლისათვის საშიში იყო. ამიტომაც, Tbilisi Pride-მა გადაწყვიტა, რუსთაველზე მსვლელობა არ გაიმართებოდა.
2021 წელს, პრაიდის თვეში რამდენიმე შეკრება გაიმართა და ამ წელს ყველაზე რეალურად გვეჩვენებოდა ღირსების მარშის ჩატარება. თუმცა, სანამ ღირსების მარში მსვლელობას დაიწყებდა, 53 ჟურნალისტი უკვე დაშავებული იყო. ძალადობრივმა ჯგუფებმა გზადშემხვედრებიც ცემეს. ვერ ვიტყვი, რომ ამით რაიმეს იცავდნენ. შესაძლებლობა, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, გამოიყენეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზეც მსჯელობენ.
ხელისუფლება გვეუბნება, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა არაა მზად თბილისის მთავარ მოედანზე პრაიდი ჩატარდეს. არ ვიცი, შეიძლება რაიმე შიდამოხმარების კვლევა ჩაატარეს, რომლის ობიექტურობაც მაეჭვებს. მაღალი პოლიტიკური ფიგურებისგან ამ ერთ წელში არანაირი მხარდამჭერი სიტყვა არ გაგვიგია, არც LGBTQ+ თემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გვინახავს, არც ფერადი დროშა შეგვინიშნავს რომელიმეს გულსაბნევად, არანაირი სოლიდარობის აქტი მმართველი პარტიის წევრებს არ გამოუჩენიათ. სამაგიეროდ, ბოლო 6 წელში 25%-ით არის შემცირებული ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ LGBTQ+ თემის წევრებს უნდა ეკრძალებოდეთ შეკრება და მანიფესტაცია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” კვლევის მიხედვით, ქვიარების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულად დაცვას გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს. განსაკუთრებით ტოლერანტულები კი 18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფია.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ხშირად ამ ადამიანებს მხოლოდ პრაიდზე შეუძლიათ საკუთარი იდენტობის გამოხატვა. ჰომოფობიური განწყობები მცირდება. ადამიანებიც აღიარებენ, რომ უმრავლესობის აზრის გათვალისწინების გამო, უმცირესობები უფლებრივად არ უნდა დაიჩაგრნონ. საქართველოშიც ყოველ წელს უფრო ახლოს მივდივართ პრაიდის ჩატარებამდე და თუ მეგობარი ქვეყნების გამოცდილებასაც გავიზიარებთ, მეტწილად სწორად ვიმოქმედებთ კიდეც ამისათვის.
