მეტი ქალი ანგელოზ ინვესტორებში - მოკლედ, ხელია მოსაწერი

19 დეკემბერი 2022

თუ ბალანსი ყველაფერში გეგემრიელებათ, გილოცავთ! 

 

პირის ჩასატკბარუნებელი ამბავია, ოღონდ შაქარი თქვენი მოსაყრელია და არ დაიშუროთ - მანიფესტზეა ხელი მოსაწერი.

 

გახსოვთ ადრე რომ მოგიყევით, ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელ (EBAN) -ს ახალი წევრი გური ქოიავა შეუერთდაო? 

 

იქვე ავხსენით, თუ რას წარმოადგენდა ეს ქსელი და ვის ვეძახით ანგელოზ ინვესტორებს. 

 

არ იდარდოთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ რთულია ამდენი ინფოს დევნა, ამიტომ აქვე დაგირთავთ ბლოგს, მეხსიერების დასარეფრეშებლად.

 

მოკლედ, რაშია საქმე

 

ხსენებულმა EBAN-მა სამწუხარო რაღაც გვამცნო - თურმე, ანგელოზ ინვესტორებში ქალების წილი 10%-ზეა გაჩერებული ევროპაში.

 

ამიტომ, ქსელმა საკუთარ თავზე აიღო ამ ეკოსისტემაში ქალების რაოდენობის გასამმაგება. ხსენებული მიზნის მისაღწევად კი მანიფესტი შემოგვთავაზა, რომელსაც თქვენი ხელმოწერა დიდად დაამშვენებდა.

 

რა წერია მანიფესტში?

 
  1. EBAN აქტიურად აპირებს იმუშაოს და ძალები გააერთიანოს ბიზნეს ანგელოზების ქსელებთან ევროპის მასშტაბით, მათ შორისაა საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი  - “აქსელიც”;
 
  1. ქსელი მოუწოდებს ანგელოზებს და საინვესტიციო საზოგადოებას, ინვესტიციები არ დაიშურონ ქალთა მიერ მართულ სტრატაპებში (მინიმუმ თავიანთი კაპიტალის 30% მაინც). ამით  მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ მომავალი თაობის ქალ ანგელოზ ინვესტორებს;
 
  1. EBAN ასევე შთააგონებს ანგელოზ ინვესტროთა საზოგადოებას, რომ გაზარდონ გენდერული მრავალფეროვნება საკუთარ ბორდებში, კომპანიების საბჭოებსა და სტრატეგიულ კომიტეტებში.

 

ხომ იმსახურებს ეს მანიფესტი ხელმოწერას?!  - მაშ, რაღას უცდი..

 

ამ მანიფესტს და EBAN-ის ხედვებს საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელიც (Axel)  სრულად მიესალმა და იზიარებს. ხოდა, რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 2030-ს და ვიმედოვნებ, რომ გასამმაგებულ რიცხვში ამ სტატიის მკითხველებსაც გიხილავთ.