OMG

მეცნიერული გათრიფვა მარიხუანაში

2 აგვისტო 2022

ზუსტად არ ვიცი, ცხოვრებაში მიღებულმა რა გადაწყვეტილებებმა მიმიყვანა აქამდე - თუმცა ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე მარიხუანაზე სამეცნიერო ნაშრომი დამეწერა. 

ალბათ, იმანაც იმოქმედა, მაგისტრატურაზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე და საბოლოოდ სამაგისტრო ნაშრომის დაწერა მომიწია.
ის მომენტი ხომ იცით, კაი ხასიათზე რომ ხარ, რაღაც ტიტანურ საქმეს შეეჭიდები და როგორც კი ეიფორია დამთავრდებდა და შენი ტვინი ისევ ჩვეულ ქიმიურ დისბალანსს დაუბრუნდება, მაშინვე ხვდები - მაგრად მიგიქარავს მანიაკალური ეპიზოდისას. 

 

ჰოდა, ეს ამბავიც დაახლოებით ასე იყო. 

დროა ჩემი ნაშრომი დრაივის ბიბლიოთეკის ბნელი, მტვრიანი თაროდან ჩამოვიღო და გიამბოთ, მაინც, რა მოხელეა ეს მარიხუანა, ანუ, როგორც სამეცნიერო წრეებში ვეძახით, კანაფის მცენარე ;*

 

იყო თავისთვის, იზრდებოდა ჩინეთში ... 

 

მოკლედ, ერთი სასახელო მამულიშვილი იმპერატორი ჰყავდა ჩინეთს - შენ ნუნგი. რომ დაიღლებოდა ხოლმე საიმპერატორო მოვალეობების შესრულებისგან, მოიდგამდა მცენარეებს და ღეჭავდა. ასე აღმოაჩინა მან ბევრი მცენარის სამკურნალო თვისება და ჩვენამდე მოღწეულ “Materia Medica”-ს თუ დავუჯერებთ, კანაფის მცენარის სამკურნალო თვისებებიც პირველად მან აღწერა - თავის ტკივილს, გონებაგაფანტულობას და მალარიას შველისო. მაშინ გონებაგაფანტულობას რა იწვევდა - არ ვიცით. სმარტფონები და ინტერნეტები არ არსებობდა, დედებს მაგისთვის რომ დაებრალებინათ.

 
კანაფმაც გადაწყვიტა ინდოეთი მოენახულებინა, შემდეგ დასავლეთშიც გათრიფა და ამერიკაში მოხვდა. 

თუ გამოიცნობთ, რა ბედი ეწია რელიგიაში, მედიცინაში, კულტურასა და სპირიტუალურ მოღვაწეობაში ინტეგრირებულ მცენარეს?

პლოტ ტვისტი #1: 

1937 წლიდან მისი მედიკამენტოზური მოხმარებაც კი აიკრძალა.
ნუ, მესმის, განა არა. იმ პერიოდში ყველაზე საჭირო ფოკუსირებული, ფიზიკურ საქმიანობაზე ორიენტირებული მუშა ხელი იყო - კანაფისგან მოგვრილი ბედნიერება, შეიძლება ადამიანის რუტინულ ყოფას იმ ორ ფერსაც აცლიდა, რომელიც შერჩენოდა და ადამიანებიც ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ უინტერესო, მძიმე საქმეში მთელი რესურსი ჩაედოთ. 

თუმცა ნეირობიოლოგიის განვითარებასთან ერთად, კანაფის მცენარეს უძღები შვილებივით კვლავ უკან მივუბრენდით. 

ამასობაში კაპიტალიზმმაც, აკრძალვებმაც და ადამიანის ბუნებამაც თავისი ქნა და ნელ-ნელა კანაფის ქიმიურ შემადგენლობაშიც ავაფათურეთ ხელები. 

გამოცდილ ხალხს გეცოდინებათ, რომ კანაფის შემადგენლობაში ორი ფსიქოაქტიური ნივთიერება გამოიყოფა - THC & CBD. 

THC & CBD-ს ერთმანეთის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. სწორედ THC არის ის კომპონენტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისას იწვევს თრობის განცდას, სასიამოვნო შეგრძნებებს, ეიფორიას და რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს ნეგატიური გავლენა პოპულაციის ფსიქიკურად მოწყვლად სეგმენტზე: მაგალითად, ინდივიდებზე, რომელთაც აქვთ უფრო დიდი შანსი ფსიქოზის განვითარებისა. მოკლედ, ის მთავარი გამთრიფავია, ფერებს რომ ცვლის, ბაბოლისფერ ვარდისფერ სათვალეს გიკეთებს და გალაკტიონად გაქცევს- მთლად უნიჭო თუ არ ხარ. 

აი, CBD კი, ანტი-ანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით გამოირჩევა. იგი არის არატოქსიკური, აქვს შფოთვის საწინააღმდეგო, ანტიფსიქოზური და ზოგიერთ შემთხვევაში, ანტიდეპრესანტული ეფექტი. 

 

პლოტ ტვისტი #2:

უწინ THC-ს რაოდენობა მცენარეში მხოლოდ 4% იყო, ახლა 12%-ია. და აქვე, CBD-ც შეამცირეს. 

მიზეზი? აკრძალვებმა საჭირო გახადა, მცენარის ჰიბრიდიზაცია დაეწყოთ და გამოეყვანათ სახეობები, რომელთა მცირე რაოდენობაც უკვე ინტენსიურ თრობას გამოიწვევდა. მცირე რაოდენობის ტრანსპორტირება კი მარტივია. ანუ, dis is business. შესაბამისად- მცენარეში THC-ს პროცენტული რაოდენობაც გაიზარდა.
და განიცადა ძალდატანებითი ევოლუცია იმ კანაფმა, ინდოეთში შივა რომ აბოლებდა და დღეს უკვე მარიხუანის spin off-ებს მოვიხმართ. 

 

აქვე ვახსენებთ იმ ამბავს, კანაფის ორი სახეობა - სატივა და ინდიკა რომ ვიცით. ამბობენ, რომ სატივა ამაღლებს განწყობას, გმატებს ენერგიას, გხდის უფრო კრეატიულს, ხოლო ინდიკას მეტად დამამშვიდებელი მოქმედება აქვს - გადუნებს, “განელებს”. თუმცა, სამეცნიერო წრეებში ამ ორი სახეობის მოქმედების ეფექტების გამოყოფას ასე ცალსახად, არ ეთანხმებიან. მიზეზი, ისევ მცენარეების ჰიბრიდიზაციაა.
დასკვნა: აუცილებელია დავაკვირდეთ თითოეული მცენარის ქიმიურ შემადგენლობასა და მასში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბალანსს - და არა იმას, ვის მამას რა ერქვა და ვისმა მამიდამ პოლონეთში რაები ქნა. 

ახლა, როცა გავიგეთ, რომ მცენარის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არა, ფესვებიდან იზომება, მოდი, იმაზეც ვიმსჯელოთ, საერთოდ რატომ მოქმედებს კანაფი, და რეალურად - რას ამბობს მეცნიერება, რატომ მოქმედებსო.

 

თუმცა, ამაზე პასუხს თუ ეძებთ, შეგიძლიათ იუთუბზე ქართული თოქ-შოუები დასერჩოთ, სადაც მამულიშვილი ქართველები მეცნიერულად გაუმყარებელი, ემპირიულად დაუმტკიცებელი პირადი გამოცდილებებით გეუბნებიან, მარიხუანა ესა და ეს არის, მაგრამ ისა და ის არ არისო ;* 

 

რას გვიამბობს მეცნიერება
 

ევოლუციამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, ადამიანებს სჯობს ისეთი ნერვული სისტემის მექანიზმი მივცე, რომელიც ბალანსის აღდგენაში დაეხმარებათ - ატკივებულს - გააყუჩებს, დასტრესილს - დააწყნარებს და მოკლედ, ცოტა, ყოფას შეუმსუბუქებსო. და ამ სისტემას - მერვე დღეს ღმერთმა, ენდოკანაბინოიდური სისტემა დაარქვა. 

 

პლოტ ტვისტი#3

და იქვე, ბუნებაში შექმნა მცენარე, რომელიც სწორედ ამ სისტემაზე იმოქმედებდა. 

ჰოდა, კანაფიც სწორედ ამ სისტემის გავლით ახდენს საკუთარი პოტენციალის განხორციელებას. 

 

პლოტ ტვისტი#4

კანაფზე დამოკიდებულებაც, ზოგს ილუზია რომ ჰგონია, რეალურად ამ სისტემის ფიდბექური მექანიზმით ხდება - როცა ორგანიზმს გარედან მიეწოდება ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში უკვე არსებულ სისტემაში ფიზიკურ ადგილს იკავებს, ორგანიზმი წყვეტს საკუთარი ნივთიერებების ბუნებრივ გამოყოფას. და ასე, ნელ-ნელა ორგანიზმი ხდება გარედან მიღებულ ნივთიერებებზე დამოკიდებული - კანაფის შემთხვევაში კი - THC-ზე.

 

მოკლედ, რაც ვიცით - მარიხუანის დიდი რაოდენობით მოხმარება აქვეითებს ყურადღების, აღმასრულებელი სისტემის ფუნქციონირებას, რაც გამოიხატება დასწავლის უნარის შესუსტებაში, ყურადღების კონტროლისა და გონებრივი მოქნილობის დაქვეითებაში. 

 

აქვე, ბოლო ნათელ წერტილსაც დავსვამ - ტვინის კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის მოხმარება იწვევს ტვინის მორფოლოგიურ - ანუ, აგებულებით - ცვლილებებს. 

 

თუმცა ეს საგანგაშო მოვლენა არაა - ნებისმიერი ჩვენი ცხოვრებისეული მაღალემოციური გამოცდილებაც ამას აკეთებს. ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებაც - სწორედ თავის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მათ შორის - კოფეინი. 

საქმეც შესაბამისად სიკარგე სიცუდეში არ მდგომარეობს - მთავარია ვიცოდეთ რა რისკები და რა ბენეფიტები აქვს ერთი ნივთიერების მოხმარებას. 

 

მარიხუანა და მენტალური ჯანმრთელობა

 

მოკლედ, საქმე ასეა: 

ინდივიდების ნაწილი კანაფს მოიხმარს იმისთვის, რომ მოიხსნას შფოთვის

სიმპტომები, რელაქსირდეს, გაუმარტივდეს სოციალური ურთიერთობები და სხვა.

კავშირი არსებობს ასევე დეპრესიასა და კანაფის მოხმარებას შორის - ლოგიკურია, რომ ნივთიერება, რომელიც გიქმნის ამაღლებულ განწყობას მძიმე დეპრესიის ფონზე, პოპულარულია ამ პრობლემების მქონე ხალხში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანას ხშირი მოხმარება ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს და ზრდასრულ ასაკში დაკავშირებულია სუიციდთანაც.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიის არსებობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება კანაფის მომხმარებელი გახდება. 

მიუხედავად იმისა, რომ კანაფის მომხმარებელთა ნაწილი მცენარეს შფოთვასთან

გასამკლავებლად იყენებს, კვლევებმა დაადგინა, რომ იმ მომხმარებლებში, რომელთაც უკვე აქვთ შფოთვა, კანაფის მოხმარებამ დროთა განმავლობაში შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.
ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ურთიერთობის მთავარი პლოტ ტვისტიც ესაა - შეიძლება გასამკლავებლად იყენებდე, თუმცა რეალურად უკუშედეგი გამოიღოს. 

 

აქ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ საუბარი მიზეზ-შედეგობრიობაზე არ არის, ანუ ერთი მეორის გამომწვევი მიზეზი არაა- შეიძლება ფსიქოლოგიური დისტრესია (Distress) ის საფუძველი, რომელიც ადამიანს კანაფის მოხმარებისკენ და შვებისა და რელაქსაციის ამ გზით მიღწევისკენ უბიძგებს და ისიც, მძიმე ემოციურ თუ ფსიქიკურ მოცემულობას ამ გზით უმკლავდება. 

 

აქვე, საინტერესოა კავშირი კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზს შორის. მაღალი THC-ის შემცველი კანაფის გამოყენება ადრეული ასაკიდან, ყოველდღიური მოხმარება და გენეტიკური მოწყვლადობა ერთად, განაპირობებს ფსიქოზის განვითარებისთვის „ნაყოფიერ“ ნიადაგს. ამ შემთხვევაში გარემოსა და გენეტიკის ურთიერთგადაკვეთა ხდება - გენის გამოხატვას ახდენს პიროვნების შეხება, ექსპოზიცია, ამ კონკრეტული გენის ან გენების მატრიგერებელ გარემოსთან. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ოჯახის ისტორიაში გამოკვეთილი აქვთ შიზოფრენია, წამალდამოკიდებულება და სხვა აშლილობები. 

 

როგორც იქნა, მივედით დასკვნამდე

 

რა გავიგეთ: კი, განაფი კოგნიტურ ფუნქციებზე ახდენს გავლნას და ეს ლოგიკურიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბუნებიდან გამომდინარე.

 

კი, მოწყვლად ჯგუფებში არსებობს საფრთხე, მარიხუანის მოხმარებამ დამატრიგერებელი როლი ითამაშოს და უფრო გაამწვავოს მდგომარეობა. განსაკუთრებით, თუ საქმე აფექტურ აშლილობებს ეხება.
 

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს: უსაფუძვლო შიშის ან სტერეოტიპების ქონა, მავნებელია საზოგადოებისთვის. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება თვალი აგვიხვიოს და ვერ დავინახოთ ის სარგებელი, რომელიც ბუნებაში არსებული რესურსების სასიკეთოდ გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს. კანაფის მცენარეს სასიკეთო თვისებებიც აქვს და მისი, როგორც მედიკამენტის ინტეგრაცია ბევრ ადამიანს ეხმარება ყოველდღიურ ნორმალურ ფუნქციონირებაში. 

 

შესაბამისად, ამ საკითხზე ცოდნის მიღება და გააზრებაა ის ბერკეტი, რომელიც ერთი მხრივ დაგვიცავს რეალობისგან მოწყვეტილი იდეოლოგიების თავს მოხვევისგან და მეორე მხრივ, მოგვცემს ინსაიტებს, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები საერთო კეთილდღეობისთვის. 

ან უბრალოდ უსაფრთხო, კარგი თრიფისთვის.