მეცადინეობა თავისუფლებაში

9 აპრილი 2021

1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში, სოფელ ლიხნში, გაიმართა კრება, რომლის მიზანი აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა იყო. ამის საფუძველზე, არაფორმალურმა გაერთიანებებმა საპროტესტო აქციების სერია გამართეს საქართველოს მასშტაბით. პროტესტმა პიკს მიაღწია 4 აპრილს, როდესაც  ადამიანთა  ნაწილმა  შიმშილობა დაიწყო. 5 აპრილისთვის რუსთაველის გამზირზე 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად. ერთი დღის შემდეგ, ეროვნული მოძრაობის მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა. გამოსვლების ლიდერებად მოიაზრებოდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია და სხვები.

დღესდღეობით საზოგადოების ფორმა ცალკეულ ინდივიდებს გარკვეულ თემებზე გახსნილად საუბრის საშუალებას არ აძლევს. 1989 წლის 9 აპრილი ერთ-ერთი საკითხია, რომელზე ლაპარაკიც ჭირს. ამ თარიღზე ინტერნეტში უამრავი რესურსია. მეტწილად წყაროებში დომინანტური, პატრიოტულ-ნაციონალისტური ნარატივია, რომელიც უშუალოდ 9 აპრილის დღის აღსანიშნავადაა შექმნილი. თვალსაჩინოა, რომ სამეცნიერო კვლევები ამ საკითხზე 30 წლის თავზეც მწირია. 

მეცადინეობა თავისულფლებაში-ასე ვუპასუხე  აუდიტორიაში თანაკურსელის დასმულ კითხვას, იყო თუ არა საჭირო რუსთაველის გამზირზე დგომა 1989 წლის 9 აპრილს. ფაქტები რაციონალურად გასაანალიზებელია, თუმცა ამან სენსიტიური კონტექსტის აღქმა არ უნდა დაგვაკარგვინოს. ისიც არის, რომ ემოციური საკითხი ისტორიულ-პოლიტიკურ დავებში უხერხულობას აჩენს, მაგრამ ფაქტი ერთია - სასანგრე ნიჩბებით გარდაცვლილებმა, დასახიჩრებულმა და ტოქსიკური გაზით მოწამლულმა ადამიანებმა შექმნეს ძლიერი სვეტები, რომლებიც 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, თანამედროვე საქართველოს თავისუფლების საყრდენებად იქცნენ.  6 აპრილს, რა დროსაც ეროვნული მოძრაობისა და იქ შეკრებილი ადამიანების მიზანი  საქართველოს სსრკ-დან გამოყოფა გახდა, უკან დასახევი გზა მოიჭრა, რადგან დაწყებული პროცესი უნდა დასრულებულიყო ან დამოუკიდებლობისთვის შეურიგებელი ბრძოლით ან თავისუფლების დათმობით, ეს ეჭვგარეშეა, თუმცა სადავო შეიძლება იყოს ეროვნული მოძრაობის წამოყენებული მოთხოვნა დამოუკიდებლობაზე, რამდენად იყო ქვეყანა თავისუფლად არსებობისთვის თვიმყოფადი, იყო თუ არა დროული ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილება. პარალელურად კითხვები- რომ არ ყოფილიყო 9 აპრილის სისხლიანი ღამე გამოცახდდებოდა თუ არა დამოუკიდებლობა, მოხდებოდა თუ არა რუსეთისგან მარტივი გამოთავისუფლება 70 წლიანი დაქვემდებარებისგან-ვფიქრობ  რელევანტურად უნდა მიიჩნეოდეს.

სავსებით შესაძლებელია, წარსულის ამ ნაწილზე კონკრეტული დასკვნა არ გქონდეთ, რადგან სუბიექტური წყაროების გარდა ინტერნეტში არ არსებობს კვლევა ისტორიის ამ მონაკვეთზე. საინფორმაციო წყაროები ბეჭდავს ნაციონალისტური  იდეით ნაჟღენთ ტექსტს, განსხვავებული აზრებია საქართველოს დამოუკიდებლობის მზაობაზე, ორსახოვანი იდეებია ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე, კამათია იმაზეც, არის თუ არა  9 აპრილი გლოვის დღე თუ ეს სტატუსი მაშინდელი საბჭოთა პრესის ნარატივია, რომელიც „პერესტროიკისა“ და „გლასტნოსწის“ დისკურსში პატარა ერის გამარჯვებას გლოვად მოიხსენიებდა. ამას  ისიც ემატება, რომ  შესაძლებელია თამამი კითხვების დასმა გაჭირდეს, რადგან ამ თარიღს დიდი ემოციური დატვირთვა აქვს და ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ სენსიტიურობა მაღალია. არადა მსგავს მოვლენებზე ჰაერივით საჭიროა გახსნილობა და სწორად გაკეთებული დასკვნები, რათა ისტორია არ განმეორდეს, მითუმეტეს, რომ მეზობელი სახელმწიფო იურიდიულად იწოდება დემოკრატიულ ფედერაციად, ხოლო ფორმა 30 წლის წინანდელის იდენტურია.

90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ზღვა შეუთანხმებელი, გაურკვეველი დროითი სივრცეებია, რომლებზეც გახლეჩილი და დანაწევრებული აზრების გარდა არაფერი არსებობს. 9 აპრილიდან 30 წლის თავზე  სამოქალაქო საზოგადოების კონსოლოდაცია შეუძლებელია. სოციუმი სავსეა დაუსაბუთებელი აზრებით და ბრმა რწმენებით, კრიზისია პოლიტიკურ ველზეც, სადაც ვერ ხერხდება მედიაცია. ამ მძიმე ფონზე, ერთადერთი ნათელი წერტილი მგონია დასმული კითხვები, რომლებზე პასუხებიც გულწრფელობითა და ძველი ჭრილობების გახსნის უმტკივნეულესი პროცესით  არის შესაძლებელი.