მე და აკნე

28 ივნისი 2022

აკნეს პირველი ნიშნები ნიკაპზე მეშვიდე კლასში გამიჩნდა. “გარდატეხის ასაკში იცის და გაგივლის” შეძახილების ფონზე კიდევ რამდენიმე დაემატა და ასე დავმეგობრდით მე და აკნე. ჩემი ნიკაპი განსაკუთრებით მოსწონდა ჩემს აკნეს და თითქმის სულ ერთსა და იმავე ადგილიდან მახსენებდა თავს.

ჩემი თვითშეფასება, რომელიც თითქმის არც არსებობდა, ცხიმოვანი ჯირკვლების ფსკერში ჩაიკარგა და არც  ჩემს  მეგობრებს ესმოდათ, როგორ შეეძლო კანზე გამოზრდილ რამდენიმე წერტილს სახლში დავეტოვებინე და ჯერ არ-შეყვარებული თავი შემეძულებინა.

თინეიჯერისთვის აკნე განსაკუთრებით მტკივნეულია. მაშინ როცა საკუთარი თავის განსაკუთრებულად აღქმა და თვითსიყვარული უნდა ჩამოგიყალიბდეს, სარკეში ჩახედვა ერთიათად გიგდებს თვითშეფასებას და გარეთ გასვლისას ადამიანების მზერაც აკნეზე მიმართული გგონია.

 

ახლა 23 წლის ვარ. ჩემი აკნე სახლში ვეღარ მტოვებს და ვერც საკუთარ თავს მაძულებს, მაგრამ ალბათ ხუთი დერმატოლოგი მაინც გამოვიცვალე და დერმატოლოგების ცვლაში მთელი ჩემი ანაბარიც შემომეხარჯა.
 

პირველი წინააღმდეგობა აკნესთან ბრძოლაში, სწორი ადამიანის პოვნაა. ადამიანის, რომელიც ყოველგვარი ანალიზის გარეშე 60 ლარიან დასაბან გელს არ დაგინიშნავს და ზედ 50 ლარიან დამატენიანებელს არ დაამატებს.
 

მეორე წინააღმდეგობა მიზეზის დადგენაა. აკნე ჰორმონალური დისბალანსით, ბაქტერიით, გენეტიკით, შენი კანის მიერ ჭარბი ცხიმის გამომუშავებით ან უბრალოდ სტრესით შეიძლება იყოს გამოწვეული.

თუ სახის  რუკას გადავშლით,  აკნე სახის კონკრეტულ ადგილას კონკრეტული მიზეზით ჩნდება.

შუბლი - საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული პრობლემები, ძილის რეჟიმის დარღვევა, სტრესი, თმის მოვლის პრიდუქტები.

ლოყები  -  ალერგია, გამოსაცვლელი ბალიშის პირი.
 

ნიკაპი  და ყბის ხაზი - ჰორმონალური დისბალანსი, მენსტრუაციული ციკლი.

ჩემი, როგორც ქალის, შემთხვევაში პირველ რიგში ჰიპერანდროგენია, ანუ ანდროგენების ჭარბი გამომუშავება უნდა გამორიცხულიყო. ჩემი ტესტოსტერონის ანალიზი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ციკლიც საათივით მქონდა აწყობილი და ერთ-ერთ კლინიკაში ჩათვალეს, რომ რაღაც 120 ლარიანი მაზი უსიკვდილოდ მიშველიდა. ჩემი კანის ფენებად დაფუქფქვისა და აქერცვლის შემდეგ ჩემი ნიკაპი ოდნავ გადაპრიალდა და გამონაყარიც შემცირდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ იგივე დაიწყო. მერე გავიგე რომ თითქმის ყველას ერთსა და იმავე 120 ლარიან მაზს უნიშნავდნენ. ჰოდა, ამ კლინიკაზე ხელი ავიღე და სხვა დერმატოლოგის ძებნა დავიწყე.
ზაზა თელიას რიგების ამბავი გეცოდინება. დეკემბერში დავრეკე და ივნისსში გვაქვს თავისუფალი ადგილიო. საბოლოოდ სხვა დერმატოლოგს მივაგენი, რომელმაც მიუხედავად ტესტოსტერონის დამაკმაყოფილებელი პასუხისა, გასაგებ ენაზე ამიხსნა ჩემს კანში მიმდინარე პროცესები.

ჩემი დილა შარდმდენით იწყება, რომელიც მხოლოდ სისხლის საერთოს, კოაგულოგრამისა და Ka-ს განსაზღვრის ანალიზების შემდეგ დამინიშნეს და მთავრდება კონტრაცეპტივით, რომელიც მხოლოდ გინეკოლოგთან კონსულტაციისა და მისი თანხმობის შემდეგ დავიწყე. დილას და საღამოს უსიკვდილოდ ვიბან სახეს დასაბანი გელით, ვიტენიანებ სახეს SPF-იანი დამატენიანებლით. ღამით აკნეს მაზსს ვისვამ, ოდნავ თვალებიც მეწვის რამდენიმე წუთი, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია შედეგი დაიდოს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 თვე მჭირდება.

 

ჩემი მთავარი რჩევა ისაა, რომ შენს სანაცნობოში სანდო ადამიანის შესახებ გაიკითხო. ვინც მასთან იყო მართლა შეძლო აკნეს დამარცხება? არა, ფეისბუქზე Before/After თუ უდევს შენს პოტენციურ დერმატოლოგს ან კლინიკას, მაგას არ ვგულისხმობ.
 

არ დაუჯერო ფეისბუქ კომენტარებს. მოუსმინე რეალურ ადამიანებს, რომლებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ.
არ იყიდო ვიღაცების ნარჩევი სახის მოვლის საშუალებები
არ დაიწყო თვითმკურნალობა კომპეტენტური დერმატოლოგის/გინეკოლოგის გარეშე
და მთავარი - Don’t Worry ! მე და შენ რომ დავბერდებით, ნაოჭები არ გვექნება, ასე ამბობენ და რა ვიცი ;)

 

აბა შენ იცი! იმედია ისევ ახალი დერმატოლოგის ძებნა არ მომიწევს.