მანგას ისტორია

1 სექტემბერი 2020

მანგა იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი გრაფიკული ნოველაა, რომლის დასავლური შესატყვისი კომიქსია.  მიიჩნევა, რომ მანგის ისტორია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დაიწყო და რომ მარჯვნიდან მარცხნივ კითხვის სტილს, საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა. მანგას კონცეფციის ჩამოყალიბება ედოს პერიოდს უკავშირდება, რადგან ერთ-ერთი პირველი წიგნი Toba Ehon სწორედ ამ დროსაა გამოცემული. წიგნში წარმოდგენილი ნახატები ადრეული ნამუშევრების მიხედვით იყო შექმნილი და ძირითადად ისეთ კარიკატურებს შეიცავდა, რომლებშიც ცხოველები ადამიანისთვის დამახასიათებელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი.

სიტყვა მანგას გამოყენება 1798 წელს სანტო კიოდენის Shiji no yukikai-ის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი გამოიცა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა: აიკავა მინვას  Manga hyakujo და ჰოკუსაის Hokusai Manga, რომელშიც ფლორა და ფაუნა, პეიზაჟები და ყოველდღიური ცხოვრებაა აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები მის წინამორბედებთან შედარებით, უფრო კომპლექსური და დახვეწილი იყო.

მე-19 საუკუნის ბოლოს იაპონიაში ევროპელი იმიგრანტების დახმარებით გავრცელდა დასავლური სტილის კარიკატურები, რამაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. 1890-იან წლებში კი უკვე ამერიკული სტილის გაზეთის გამოცემას ჩაეყარა საფუძველი, რომელშიც კომიქსები იბეჭდებოდა. 1900 წელი მანგას ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან სწორედ ამ წელს Jiji Shinpo-ში Jiji Manga გამოიცა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სიტყვა მანგა თანამედროვე მნიშვნელობით გამოიყენეს. 1902 წელს კი რაკუტენ კიტაზავამ პირველად დაიწყო თანამედროვე იაპონური კომიქსების გამოქვეყნება. კიტაზავა ამერიკული სტილით იყო შთაგონებული, მისი ნამუშევრები სავსეა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის კრიტიკით.

 

მანგას ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომმა. ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი წვლილის გაყოფა ორ ნაწილად, ომამდელ და ომის შემდგომ პერიოდებადაც შეგვიძლია. 60-იან წლებში, როდესაც იაპონია მილიტარისტული და ულტრანაციონალური ქვეყნიდან პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების გზას ადგა, არტისტებს საკუთარი თავის გამოხატვისა და სხვადასხვა სტილის ჩამოყალიბების შანსი მიეცათ.

ამ პერიოდში შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი მანგა და პერსონაჟი, რომლებმაც გავლენა იქონიეს როგორც მომავალ ავტორებზე, ასევე ზოგადად მთელ კულტურაზე. ესენი არიან ოსამე თეზუკას Astro Boy და მაჩიკო ჰესეგავას Sazae-san.

თეზუკას როლი მანგას განვითარებაში საკმაოდ დიდია, იმდენად, რომ მას ხშირად მანგას მამასაც კი უწოდებენ.  Astro Boy საი-ფაი ჟანრს განეკუთვნება, მისი მთავარი გმირი რობოტი ბავშვია, რომელიც ცნობილმა მეცნიერმა საკუთარი დაღუპული შვილის ჩასანაცვლებლად შექმნა.  თუმცა, დროთა განმავლობაში სიტუაცია უარესდება – მეცნიერი ბიჭს არასაკმარი ადამიანურობის გამო ცირკში ტოვებს, რის შემდეგაც მას სხვა მეცნიერი იშვილებს და მნიშვნელოვან როლს, ადამიანების ცუდი რობოტებისგან დაცვას დააკისრებს. რობოტი ბიჭი გამოირჩევა ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებით და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ მიილტვის. Astro Boy ადამიანების სამსახურში ყოფნის სურვილისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მასკულინობის გამოხატულებაა, რაც მანგასთვის ნამდვილად ახალი იყო.

 

თეზუკას შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია Buddha, რომელზეც იგი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. Buddha-ში ავტორი დეტალურად აღწერს სიდჰართა გაუტამას ცხოვრებას –  ფუფუნებაში დაბადებიდან სიმდიდრისა და ქონების უარყოფამდე და განდეგილობამდე.  
რაც შეეხება Sazae-san-ს, მისი წერა ჰასეგავამ 1946 წელს დაიწყო. მანგას მიხედვით შექმნილი ანიმაცია კი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე გრძელი სერიალი – ჯამში 2 500-ზე მეტი ეპიზოდით. მანგას მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სირთულეებითაა სავსე, თუმცა, Astro Boy-ის მსგავსად, იგი ადამიანებთან მჭიდრო კავშირს განიცდის. Sazae-san საკმაოდ კომპლექსური და ძლიერი პერსონაჟია, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული პრინციპებისგან, რომელთა მიხედვითაც ფემინურობა მორჩილებასთან ასოცირდება, ქალები კი კარგ ცოლებად და ბრძენ დედებად იზრდებიან. ამ პრინციპებს იაპონიის ადრინდელი მილიტარისტული რეჟიმი ზედმიწევნით იცავდა. ჰასეგავა და მისი შექმნილი მანგა კი ნამდვილად ნოვატორული იყო.

აღსანიშნავია, რომ მანგას ორი ძირითადი მიმდინარეობა აქვს, რომლებიც სქესის მიხედვით იყოფა. ბიჭებისთვის განკუთვნილ მანგას shonen, ხოლო გოგოებისთვის განკუთვნილ მანგას shojo ეწოდება. Shojo ძირითადად ემოციურ მდგომარეობებს აღწერს და გოგოების პირად ცხოვრებაზეა კონცენტრირებული - პერსონაჟები თვითრეალიზაციას ძირითადად სასიყვარულო ისტორიებში ახერხებენ. თუმცა, Shojo აქ ნამდვილად არ სრულდება, Sazae-san-ის მსგავსად, ახალი ნარატივისა და ძლიერი, მებრძოლი პერსონაჟების შექმნა Clamp-ის ჯგუფის წევრებმაც მოახერხეს, როდესაც 1993 წელს  Magic Knight Rayearth გამოსცეს.

ბიჭებისთვის განკუთვნილ Shonen-ში კი ჟანრობრივად ბევრად უფრო დიდ მრავალფეროვნებას ვხვდებით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საი-ფაია. Shonin-ში ხშირად შეხვდებით კოსმოსურ მოგზაურობებს, საგმირო-სათავგადასავლო ისტორიებს როგორც რობოტებზე, ისე ზებუნებრივი ძალების მქონე თუ ჩვეულებრივ ადამიანებზე. თვითდისციპლინა და მეგობრებისთვის თუ ოჯახისთვის თავის გაწირვა, Shonen-სთვის დამახასიათებელი ნარატივია.

 

რაც შეეხება Shonen-ში არსებულ ქალ პერსონაჟებს, თავდაპირველად ისინი მხოლოდ დედების, დებისა ან შეყვარებულების როლში თუ გვხვდებოდნენ. მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟების შექმნა ძირითადად 80-იანი წლებში ისეთი მანგით დაიწყო, როგორიცაა მაგალითად Dr. Slump-ი. Shonen-ში კომპლექსური ქალი პერსონაჟების გაჩენას სპეციალური კლასის ჩამოყალიბებაც მოჰყვა, სადაც მთავარი გმირები მებრძოლი კიბორგები არიან – ისეთები, როგორიცებიცაა Battle Angel Alita და Ghost in the Shell-ი.
Shonen-ის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჰარომუ არაკავას Fullmetal Alchemist, კოუტა ჰირანოს Hellsing, აკირა ტორიამას Dragon Ball, ეიჩირო ოდას One Piece, ჰიროჰიკო არაკის JoJo’s Bizarre Adventure და, რაღა თქმა უნდა, თეზუკას Dororo არიან. სამწუხაროდ, ჩამოთვლილთა დეტალური განხილვა და კიდევ სხვა მანგებზე საუბარი ერთ სტატიაში შეუძლებელია. თუმცა, იმის თქმა, რომ თითოეული მათგანი გამოირჩევა სახასიათო სტილით და რომ თავად ამ მანგების მსგავსად, მათზე დაყრდნობით შექმნილი ანიმეებიც უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნამდვილად შეგვიძლია.

მანგაზე საუბარი და მისი განხილვა ანიმეს გარეშე ალბათ შეუძლებელია. ანიმე მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და თანამედროვე კულტურაზე დიდი გავლენა აქვს – შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მანგა და ანიმე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დანარჩენი მსოფლიოსთვის იაპონიის შესახებ აღქმების ჩამოყალიბებაში. ყველაზე ხშირად იაპონურ კულტურაზე, საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე საბაზისო წარმოდგენები სწორედ მანგებისა თუ ანიმეების საშუალებით იქმნება.