WTF

მამული, ენა, ჰომოფობია

5 ივლისი 2021

 

 

რად მინდა მამული ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი თუ არ მატარეს? ან ენა რად მინდა, თუ სათქმელი არ დამაცადეს? ან  სულაც, რად მინდა სარწმუნოება, თუ ავადმყოფად და ცოდვილად გამომაცხადეს?

 

ილია ვერ გვიპასუხებს, მაგრამ მე თუ მკითხავ ამ ქვეყანაში ყველაფერი არჩეულია. შენ მარტო თავი უნდა აქნიო და უკვე  არჩეული არჩევანი გააკეთო.

არჩეულია :

ფიქრი

სიტყვები

კაცთა უემოციობა

ქალთა დედობის აუცილებლობა

პატიოსნების კრიტერიუმები

ცხოვრების წესი

კაბის სიგრძე

თმის ვარცხნილობა

და სიყვარულიც

გაგანია ზაფხულია, რუსთაველზე ქართველობის დაკარგვით შეშინებული, ქრისტეს ნაკარნახევი შემწყნარებლობითა და მოყვასის სიყვარულით აღსავსე ტრადიციების დამცველნი გამოვარდნილან და  საშიშ, აგრესიულ ბრბოდ გადაქცეულან. 


ბრბო, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში შიშველი მუხლებით დასასჯელად დაჩოქილი  ბავშვების წარმოდგენაზე არ აღშფოთებულა, თბილისის ქუჩებში პრაიდის დროშის აფრიალებაზე  დაირაზმა. დარაზმულ ბრბოს მთავრობამაც კვერი დაუკრა და არჩეული დასავლური კურსის ფასადურობაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა. კონსტიტუციაში ნაღაღადარ თანასწორობას კი უნიტაზში გადაუძახა.
 


ვინ მიცავს, როცა კანონი ჩარეცხილია, ხელისუფლება კი მოძალადე? გადარჩენისთვის მეც მოძალადე უნდა გავხდე?


შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამ პატარა “1984” -ში დაცულობის განცდა ისევეა გაუჩინარებული, როგორც ჰომოფობთა უფსკრულიდან ამოსასვლელი გზა. თუმცა ჰომოფობთა გონებრივი განვითარება სულაც არ მადარდებს, მთავარი სადარდებელი ის არის, რომ ქვეყნის მართვაში პასუხისმგებელნი აგრესიულ ბრბოს საკუთარ ამომრჩევლად მიიჩნევს და არჩევნებზე ხმების მოლოდინში მთავარი ავიწყდება - დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება. 


მაინც რის მაქნისია ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია უნიტაზის თავზე შემოუდია? იქნებ მხოლოდ ადამიანთა უფლების შელახვაში გამობრძმედილა? 


გაგანია ზაფხულია, რუსთაველზე ქართველობის დაკარგვით შეშინებული, ქრისტეს ნაკარნახევი შემწყნარებლობით აღსავსე, სხვის საწოლში მომზირალი ბრბო ხალხს დაასახიჩრებს, მერე ეკლესიაში ვალმოხდილი სანთელს დაანთებს და ქართველთა შესაფერისი თავდადებისთვის უფლის მადლს დაელოდება.