WTF

მადლობა დედას, მამას და ვაქცინებს

22 აგვისტო 2022

მადლობა დედას, მამას და ვაქცინებს 



 

მოკლედ, ასეთი ამბავი გვაქვს... თითქოს ყველაფერში პროგრესია - ადამიანებმა ჯერ იყო და გახვრეტილი 5 თეთრიანი გამოიგონეს ლიფტში მრავალჯერადად ჩასაგდებად და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის დასასტაბილურებლად; მერე რობოტებიი; ახლა ვფიქრობთ ჩვენი ცნობიერება ჩიპზე როგორ ავტვირთოთ - კიდეევ უფრო მეტად

და ხვალ-ზეგ მარსზე კოლონიის დაარსება გვინდა თავისი 24 საათიანი, 39 წუთიანი და 36 წამიანი სადღეღამისო მარკეტებით..

 

მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, მაინც იმას ვლაპარაკობთ - ვაქცინაცია სახიფათოა, რადგან 5G-ის დაგვაჭერინებს და უშვილოს გაგვხდისო. პლოტ ტვისტი ისაა, რომ უმეტესობამ არც კი იცის საერთოდ ეს 5G რას ნიშნავს. 

 

ახლა მოგიყვებით მოკლე ამბავს ვაქცინებზე - რატომ იყო საჭირო და როგორ იხსნა მრავალჯერ კაცობრიობა ადამიანების ამ გამოგონებამ. 

 

ზოგადად იმუნიზაციის პრაქტიკა ასობით წელს ითვლის. ამბობენ, რომ ბუდისტი ბერები გველის შხამს იღებდნენ წინასწარ პოტენციური ნაკბენისგან თავის დასაცავად. ედვარდ ჯენერი დასავლეთში ვაქცინოლოგიის სულისჩამდგმელად ითვლება მას შემდეგ რაც 8 წლის ბიჭი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა და დაამტკიცა ყვავილზე გამომუშავებული იმუნიტეტის ეფექტურობა. 

 

ამრიგად 1798 წლისთვის პირველი ყვავილის ვაქცინა შემოვიდა ხამრებაში და ედვარდ ჯენერი გამოდგა იმ პერიოდში ყველას მამა და მარჩენალი, რადგან ყვავილის ვირუსს 30% იანი სიკვდილის მაჩვენებელი ჰქონდა. 

 

და კი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი შეიწირა ამ ვირუსმა და გამოსავალი არსად ჩანდა - ედვარდ ჯენერის ვაქცინას რაღაც სამეცნიერო წრეებშიც კი არ ენდობოდნენ. 

 

თუმცა, როგორც შედეგებმა გვიჩვენა, მალე ესეც შეიცვალა და ვაქცინაციის შედეგად, 1979 წლისთვის ამბავი ამ ვირუსის აღმოფხვრით დასრულდა. 

 

შემდეგ მოვიდა ყივანახველის (1914), დიფტერიისა (1926) და ტეტანუსის (1938) აცრების ჯერიც, რომელთაც ყვავილის ვაქცინასთან ერთად რუტინული ვაქცინაციის დროს ურჩევდნენ. 

 

ვაქცინა, რომელსაც მშობლები განსაკუთრებულად ელოდნენ - პოლიომეილიტის ვაქცინა იყო. მისი გამომგონებელი ჯონას სალკი, 1955 წელს ვაქცინის დადასტურების შემდეგ გმირად იქცა.

1970 წლამდე კი უკვე გამოგონილი იყო წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინებიც. 

 

ახლა რაც შეეხება ბოლო ყველა წლის ყველაზე აქტუალურ თემას, ვირუსსა და საზოგადო მოღვაწეს - COVID-19-ს და მის ვაქცინებს შევეხოთ. ცოტა გაუძელით, რთული სიტყვები და სამეცნიერო ტერმინები მოდიის... 

 

მოკლედ - ვაქცინები იმიტაციის გზით მუშაობენ - ჩვენს ორგანიზმს ვირუსებთან, ბაქტერიებთან ბრძოლას ‘ასწავლიან’. 

 

ამისთვის ორგანიზმში ინაქტივირებული - მკვდარი ვირუსი შეჰყავთ, რის წინააღმდეგაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს, რათა სამომავლოდ უკვე ცოცხალი ვირუსი იცნოს და მას ებრძოლოს! მაგალითად, სინოვაკი და სინოფარმის ვაქცინა სწორედ ამ ტექნოლოგიით შეიქმნა. 

 

ვაქცინის მეორე ტიპია - ვექტორული ვაქცინა. 

ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს, რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ორგანიზმი ამ ინსტრუქციას სწავლობს და ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, უკვე ხვდება რას უნდა ებრძოლოს! ამ ტექნოლოგიით შექიმნა, მაგალითად, ასტრაზენეკა. 

 

შედარებით ახალი ტექნოლოგია უკვე - mRNA-ია.  ის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის დნმ-ზე. ასე რომ, თუ საიდანმე მოისმინე, დნმ-ს ცვლის და ჩემი წინაპრებისგან ბოძებული გენომი დაირღვევაო - არ შეგეშინდეს! ისევ ემსგავსები ბაბუაშენს! მოკლედ, ამ ტექნოლოგიითაა შექმნილი ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები.

 

თუ გაურისკავ და რთული სამეცნიერო ტერმინების წაკითხვა არ დაგეზარება, ინტერნეტში შეგიძლია უფრო დეტალური ინფორმაცია მოიძიო კოვიდის ვაქცინებზე- როგორ მუშაობენ, რას წარმოადგენენ და როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი თავები მომავალ 5 წელიწადში! 

 

მოკლედ, გადაამოწმე, არ ენდო ტროლბოტებს, ენდე ემპირიულ მტკიცებულებებს და, კრიტიკული აზროვნებაც თუ დაგანათლა გენმა, ოჯახმა, ძმაკაცმა, განათლების სისტემამ, წმინდა ძროხამ თუ სხვამ- იმასაც!