lorem ipsum: ჩიხირთმა წმინდა გრაალში

24 მაისი 2022

რაც თავი მახსოვს, რაღაცებს ვიგონებ. წესით, რა პრობლემაა, თუ თავს მწერლად, ან - კვაზი-მწერლად მაინც ასაღებ. ჩემ უხასიათობას თუ გაითვალისწინებ, საერთოდაც კვაზიმუდო შეგიძლია დამიძახო. ისე, ბავშვობაში დედაჩემი ხშირად მიმეორებდა: “წელში გაიმართე, თორე რო გაიზრდები კუზი ამოგივა”, მე კი ჯიუტად მოხრილი დავდიოდი ქუჩებში და მსუნაგი ძაღლივით ხარბად ვეწაფებოდი მიწიდან წამოსულ სუნებს. ცაში იშვიათად ვიხედებოდი, - ძირითად შემთხვევებში საინტერესო იქ მაინც არაფერი ხდება. აქ კი, თითქმის ყველა კუთხეში სიცოცხლე ან სიკვდილი დუღს, გემოვნების ამბავია. ყველას თავისი. ბოლო-ბოლო, ცისთვის რომ დავბადებულიყავი, რომელიმე ფრინველი არ ვიქნებოდი? თუნდაც სულელი ბატი, სამგზავრო თვითმფრინავის ძრავაში რომ მოხვდება და წამებში სისხლის, ფარშისა და ბუმბულის აყროლებულ მასად გადაიქცევა. მაგრამ, მე მიწაზე დავიბადე (ჩავისახე მაინც, თუ ჩემებს დავუჯერებთ) და მალევე რაღაცების მოგონება დავიწყე. თვითმფრინავების ჩამოგდება კი კამიკაძე ბატებს მივანდე. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მიხედვით, მარტო ამერიკის ავიაციას ყოველწლიურად 400 მილიონის ზარალი ადგება ფრინველების სუიციდური მისწრაფებების გამო. 1988 წლის შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გაემგზავრა იმ ქვეყნად. წარმოიდგინე: მთელი წელი ფული აგროვე, ზაფხულში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ნანატრ შვებულებაში რო წასულიყავი ათი დღით, სადმე კანარის არქიპელაგზე, ვთქვათ - ფუერტევენტურაზე. თვითმფრინავში ილუმინატორთან ზიხარ, ღრუბლების ქვეშ გაშლილი სამყაროს თვალიერებით ტკბები და უცებ ბახ!!! ხედავ, როგორ ვარდება ძრავაში ფრთებგაშლილი ბატი, იქიდან კი სისხლის შადრევანი ამოხეთქავს, ცოტა ხანში ცეცხლის ალსაც დაინახავ და სალონში გამაყრუებელი სიგნალი ირთვება. ცოლ-შვილს უყურებ და იმედი გაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება: მეორე ძრავა საკმარისი აღმოჩნდება, ან პილოტი ივაჟკაცებს, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში უაზრო სტატისტიკის ნაწილი ხდები.

 

დედამოტყნული ჩიტები!

 

მოდი, ისევ საწყისს დავუბრუნდეთ.

 

რაც თავი მახსოვს, რაღაცებს ვიგონებ. არაერთხელ მიფიქრია, - რატომ? მაგრამ, მგონი ჯერ ვერ მივაგენი პასუხს, რომელიც დამაკმაყოფილებდა. შეიძლება, უბრალოდ ასე მუშაობს ჩემი ტვინი. შეიძლება, ცხოვრება იმდენად მოსაწყენად მესახება, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის დასამძიმებლად დამატებითი ფილტრების მოგონება და მორგება მჭირდება, როგორც ინსტაგრამზე, ან სნეპჩეტში. შეიძლება, ყველაფერი ერთად. მაგრამ, ადამიანი ვერ ადგები და ფანტაზიებში ვერ გადაცხოვრდები. კიარადა, როგორ ვერ, მაგრამ ჩემი მიზანი და სურვილი ეს არასდროს ყოფილა. არსებობა კი, ომი შემოვა შიგნით, პანდემია, სოციალური ურითერთობობების კომპლექსურობა თუ ვალდებულებები, დღის ბოლოს მაინც აუტანლად მსუბუქია. როგორც თვითმფრინავის ძრავაში მოხვედრილი ბატისგან დარჩენილი ბუმბული.

 

უკვე კრედოსავით მაქვს: “ვიგონებ, მაშასადამე - ვარსებობ”. თავის დროზე ხო მეც მომიგონეს, წარმომიდგინეს, მერე კი ხორცი შემასხეს. რამდენად დაემთხვა წარმოდგენა საბოლოო შედეგს, უკვე სხვა საკითხია. მაგრამ, სამყაროს ამდენი სუბიექტური ინტერპრეტაციის თანაარსებობაში, ისედაც რთულია რაღაცები დაემთხვეს. კიდევ კარგი! მონოლითურ საზოგადოებაში მტერსაც არ ვუსურვებდი ცხოვრებას. მტვერსაც!

 

იქნებ, ამ მიდრეკილებისთვის, - რაღაცები მოვიგონო - სწორი კალაპოტი რო მიმეცა, რამე სასარგებლოც გამეკეთებინა კაცობრიობისთვის. ჰიპოთეტურად, თორე ამაზე ფიქრი ყოველთვის მეზარებოდა. მიდი და არკვიე, ვისთვის რა არის სასარგებლო. თან ეს განზოგადებული “კაცობრიობას გამოვადგე” დამოკიდებულებაც ზედმეტად ეგოცენტრული მეჩვენება, ბუნდოვანზე რო აღარაფერი ვთქვა. ჩემგან მესია არ დადგება (არც მესი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). პასუხისმგებლობები ისედაც არ მაკლია, ამხელა ლოდი რო არ ავიკიდო ზემოდან კიდე. მე არ ვარ ის ადამიანი, შვებას, ან კმაყოფილებას სხვების დახმარებით რო განიცდის. საკამათოა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს (თუ ყველაფრის ორ პრიმიტიულ პოლუსამდე დაყვანა მოგვინდება), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩემთვის მარტივადაა: მთავარია კმაყოფილი ის დარჩეს, ვისაც ვეხმარები და არა - პირიქით. ხოლო თუ მთელ შენ ცხოვრებას სხვების ყოფის შემსუბუქებას (ან შემსუბუქებულის დამძიმებას. პერსპექტივას გააჩნია) დაუთმობ, შენზე ვინღა იზრუნებს? ალბათ, საბოლოოდ აქაც “კაცია და გუნება” პრინციპი მოქმედებს. ადამიანი ზედმეტად კომპლექსური ორგანიზმია იმისთვისაც კი, რომ ერთი ცხოვრება ეყოს საკუთარი თავის შესაცნობად და მეც დიდად სურვილი არ მაქვს, ვიღაცების ალტრუისტული სულისკვეთების სიღრმეებს ჩავწვდე და გავაანალიზო. მითუმეტეს ახლა, როცა ნაბახუსევზე ვარ და ერთი სული მაქვს, გლოვოს კურიერი კარზე როდის დამიკაკუნებს და წმინდა გრაალით ჩიხირთმას მომიტანს.

 

“მთავარია, რომელ სიტუაციაში ხარ ყლე და რომელში - არა”.

 

გაღვიძების პირველივე წუთებიდან ეს ფრაზა მიტრიალებს თავში და ვხვდები, გუშინდელი დღიდანაა გამოყოლილი. ვერ ვიხსენებ, ვინ მითხრა, სად, ან - რატომ. ვერც გუშინდელ დღეს ვიხსენებ. მაგრამ, ამაში ახალი არაფერია, დამეთანხმები. გასული ღამის გაბლარული პროექციიდან ტუალეტის კაბინაში ვიღაცებთან ერთად ყოფნის იმიჯი შედარებით მაღალ ხარისხში მიტრიალებს თვალწინ. 480 P მაინც იქნება, HD-მდე ვერ ქაჩავს. ხელში გადაჭრილი საწრუპი მიჭირავს, ცალი ფეხი უნიტაზზე მაქვს შემოდგმული, ბევრნი ვართ და ადგილი არ გვყოფნის. მგონი, რაღაცაზე ვიცინით. თან, წესით, ჯერ პრე-კლუბში ვართ და დღის დამაგვირგვინებელ მთავარ “ტუსოვკაზე” არც გადავსულვართ.

 

სამზარეულოში უკვე თითქმის ერთი წუთია ჩაიდანს ვუყურებ და მიუხედავად იმისა, ზუსტად ვიცი, ჯერ ყავა არ უნდა დავლიო, წყალს მაინც ვადუღებ.

 

ნელ-ნელა რაღაცები მახსენდება, ძირითადად - საღამოს პირველი ნახევრიდან, სანამ ჯერ კიდევ ფხიზელი ვიყავი და რაციონალურობა ბოლომდე არ დამეკარგა. ისე კი, რატო დაგიმალოთ და ჩემი ცნობიერის მოტორიკით გულწრფელად ვამაყობ, აგერ უკვე დეკადაზე მეტია, ერთხელაც რომ არ გაუცრუებია იმედი არაფხიზელ მდგომარეობაში.

 

“ბლექ დოგში” ვარ, მე და ჩემი ძმაკაცი ჭაჭის შოტების მერე ვისკის ვუკვეთავთ, ორ-ორი ყინულით (წლებმა თავისით ჩაანაცვლა გასართობი ლონგ-დრინქები - “იაგერი-ალუბლის წვენი”, “ვოდკარედბული” და “კუბალიბრე” - 100, ან 150 გრამი ვისკით და ორი ყინულით, მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭასთან ნებისმიერი ალკოჰოლის კომბინაცია საწყისშივე ცუდი იდეაა), ის ბარში აგრძელებს თავის ძველ ნაცნობთან ლაპარაკს, მე - გარეთ გავდივარ სიგარეტის მოსაწევად და ჩემდაუნებურად მთვრალ ხუთკაციან (სამ კაციან და ორ გოგოიან) ჯგუფში ვხვდები. ორი უკრაინელია, დანარჩენები ამათი ქართველი მეგობრები, მეც მთვრალი ვარ და ბევრი რო აღარ გავაგრძელო, პიანი ბაზრის ძირითად ნაწილს რუსეთის და რუსების დედისტრაკის გინება შეადგენს. მერე ჩემი ძმაკაციც გამოვიდა და მალევე პრე-კლუბში წავედით უკრაინელ წყვილთან ერთად. დანარჩენებმა, - ქართველებმა, - რატომღაც დარჩენა ამჯობინეს, ამათ კი სავარაუდოდ შემეცნებითი არხი ქონდათ გახსნილი ტვინში ან ღვიძლში და მოკლედ, უკვე ნათლად მახსოვს, რო ტუალეტში ოთხივე ერთად ვიყავით, პლიუს ვიღაც ტიპი, მგონი ჩემი ძმაკაცის ნაცნობი, ულვაშზე თეთრი პუდრით, როგორც ფქვილში ამოგუნგლული ბავშვი.

 

თავი მტკივდება. ამაზე მეტს ჯერ ვერ გავიხსენებ. ღირს საერთოდ გონების დაძაბვა? ან, რა არის რო გასახსენებელი? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი პირიდან ამოვიდა ის სიტყვები? რა აზრი აქვს გუშინდელს? ეს ტექსტიც მეტი არაფერია, თუ არა - lorem ipsum. მატარებელი ისედაც სწრაფად მიდის და შენ ხუშტურებზე არ ჩერდება. მაქსიმუმი, რაც შეგიძლია ქნა - შეახტე, ან ჩამოხტე, როცა მოსახვევში შეანელებს. წმინდა გრაალში მოტივტივე ქათმის თეთრი ხორცის მოლოდინში “ნუროფენ ფორტეს” ვსვამ, მზის სათვალეს ვიკეთებ და აივანზე სიგარეტის მოსაწევად გავდივარ. ქალაქის სუნი ცხვირში მიღიტინებს. გულის რევის შეგრძნება მაქვს, ახალმოკიდებულ სიგარეტს ვაქრობ და ტუალეტში გავდივარ, მაგრამ გული არ მერევა.

 

რაც თავი მახსოვს, რაღაცეებს ვიგონებ. და რასაც არ ვიგონებ, ისეთი მოსაწყენია, გახსენებაც არ ღირს. რაღაცის მოგონება კი ძიების უსასრულო პროცესია. ერთხელაც ალბათ გავიგებთ, რას ვეძებთ (ცალ-ცალკე, კოლექტიურად). შეიძლება, ეს სულ სხვა რამ აღმოჩნდეს, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია. შეიძლება, მთელი ამ საძიებო ექსპედიციის ლოგიკური დასასრული, ნაპოვნის ხელახლა დაკარგვა და ყველაფრის ახლიდან დაწყებაა. იქნებ, სულაც შუაღამის უანგარო კოცნას ვეძებთ ახალი წლის ღამეს? თუნდაც, როგორც მხოლოდ სიმბოლურ ჟესტს, მარტოობის უძირო ოკეანეში მოტივტივესთვის გადაგდებულ მოჩვენებით სამაშველო რგოლს. როგორც ალექს ჰოლდრიჯის იმ რომანტიკულ ტრაგიკომედიაში. ვილსონი+ვივიანი≠შ, და ეს ასეც უნდა იყოს. რადგან სინამდვილეში ოკეანეს, როგორი ღრმაც არ უნდა იყოს, ფსკერი მაინც აქვს.

 

კარზე ზარია. უეჭველი ჩემი გლოვოა. არ გამოვრიცხავ, კართან თვით მარიამ მაგდალინელი იდგეს დამტვერილი ჩაფხუტით თავზე, ყვითელი კვადრატული ჩანთით ზურგზე, მიმტევებლური ღიმილით სახეზე და ხელში წმინდა გრაალით, საიდანაც ნივრის და ძმრის გამაჯანსაღებელი სურნელი იფრქვევა. შეიძლება ღია კარშივე დავეცე მუხლებზე და ხმამაღლა ლოცვა დავიწყო: ამაო ჩვენო…

 

კაი, ცოტა ხანში აზრზე მოვალ და მერე ვნახოთ, იქნებ თვითმფრინავსაც კი შევუფრინდე ძრავაში და რომელიმე ოჯახს დეტალებამდე დაგეგმილი შვებულება ჩავუშალო.