WTF

ქუჩა - სკოლაა

28 აპრილი 2021

 

 

თქვენც ამჩნევთ, რომ კონკრეტული ასაკის ადამიანებში მედიაციის გზები ქუჩურ მენტალიტეტს მონოპოლიზებული აქვს-?  ორ ან რამდენიმე ბიჭს შორის პრობლემა თუ იქმნება გვარდება  ძველ-ბიჭურად. ლეგენდის თანახმად არსებობს შავი წიგნი, რომელშიც აღწერილია კონფლიქტის მოგვარების ქუჩური წესები. 

1) გაკითხვა-ჯერ თანატოლებში უნდა გაიკითხოთ ვინ არის ის, ვისთანაც გაუგებრობა გქონდათ და გაიგოთ რა ავტორიტეტის მატარებელია კონფლიქტის მეორე მხარე. ავტორიტეტს, წიგნის მიხედვით, მის მიერ დაჩაგრული ადამიანების რიცხვი,  უკან მდგომი უფროსი, იგივე „ვზროსლი“ ძმების და ამპსონების რაოდენობა  განსაზღვრავს. სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ, “ვზროსლი ძმის” განმარტებასაც- “ასაკით უფროსი ადამიანი, ყრმობიდან შავი წიგნის მიმდევარი, საცხოვრებელ არეალში მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება, რომელსაც სიტყვა ეთქმის სხვადასხვა უბანში”. ამპსონების რაოდენობა კი, სახელმძღვანელოს მიხედვით, მუდმივად ცვალებადია და დამოკიდებულია კონფლიქტის ხარისხზე. 

2) დაპირისპირებულთან მიდგომის პრინციპები- ჯერ საჭირო ადამიანებთან უნდა მოჰყვეთ შეულამაზებლად ისტორია, რომელიც განგსაზღვრავთ თქვენ, როგორც მართალს, იგივე „პრავს“ ან მტყუანს. თუ მართალი ხართ, მაგას რა სჯობს, თუ მსუბუქი დანაშაული მიგიძღვით კონფლიქტში, მაგასაც არაუშავს და თუ მტყუანი ხართ,  უნდა შეძლოთ თავის დაძვრენა ან საქმის ისე დასრულება, რომ ბევრი არ მოგხვდეთ ან ნაკლებად გაილანძღოთ. წიგნში გალანძღვა აღინიშნება ტერმინით - “დაყენება” და აღნიშნავს დამნაშავის ხელებჩამოშვებულ დგომას, რათა “პრავმა” სამართლიანობა აღადგინოს დამნაშავისთვის სახეში გალაწუნებით.   უკიდურეს შემთხვევაში განიხილება ბოდიში, რომელიც მეორე მხარემ შეიძლება არ მიიღოს. სახელმძღვანელოს მიხედვით ბოდიში უნდა მოიხადოთ, ისე რომ თქვენში სინანული ნაკლებად იგრძნობოდეს, პირიქით თქვენი საუბარი ცხოვრებაში ერთადერთხელ ფეხაცდენილ და მუდმივად მართალი პიროვნების “დასტოინ”საუბარს უნდა ჰგავდეს. წიგნში საბოდიშო ტექსტის დასასრული ვარიანტებიც არის  მოცემული- ვის არ შეშლია მაგის დედა შევეცი -ერთ-ერთია.

 3) გუნდის დაკომპლექტების პრინციპები- საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა თქვენი „ვზროსლი ძმის“(განმარტება იხილეთ ზევით) საქმის კურსში ჩაყენება და ამავე ინდიკატორით უნდა განსაზღვროთ გუნდში შემავალ ადამიანთა რაოდენობა. თუ მოწინააღმდეგე უბანი სახელგანთმულია ქუჩურ რინგზე მაღალკვალიფიციური ბრძოლით, საჭიროა კოორდინაცია გაუწიოთ სპორტსმენი ახლობლების შემოკრებას, შავი წიგნში მითითებულია, რომ უკეთესია მოჭიდავე ან მორაგბე ათლეტები.

4) მეზობელ უბანში გადასვლის პრინციპები -  ტელეფონზე დარეკვით,  შეგნებულად გაწელილი და მდორედ აწეული ანუ “ნასწირნი” ტონით მოიხმობთ დაპირისპირებულს სასაუბროდ, „საბაზროდ“. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტში თქვენს ბედ-იღბალს სხვადასხვა, არამნიშვნელოვანი დეტალები განაპირობებს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებასთან არანაირ კავშირში არ არის. სამაგიეროდ, გვერდში მდგომთა რაოდენობა, მათი აღნაგობა, ავტორიტეტი საუბრის მიმდინარეობას განსაზღვრავს. თავის მხრივ, მოსაუბრეზეც ბევრია დამოკიდებული, რომელსაც ერთი არასწორი სიტყვაც თუ წამოსცდება ყველაფერი შეიცვლება. თუ სპიკერს რამე შეეშლება, რესპოდენტისგან დედის გინება და სახეში სილა არ ასცდება. გუნდებს შორის მასობრივი დაპირისპირება მოხდება თუ არა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კატეგორიის შეცდომა დაუშვა მოსაუბრემ. თუ სპიკერი მაგრად შეცდა, ჯგუფებს შორის დაპირისპირების ალბათობა ნაკლებია, რადგან მოსაუბრის მხარე ცალსახად დამნაშავეს ვერ გამოესარჩლება. საშუალო და მსუბუქი შეცდომების შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია!  შავ წიგნში სიმართლე იმისკენ არის, ვისაც კონფლიქტური საკითხის ინტერპრეტაცია, იგივე “ბლატაობა” კარგად შეუძლია. გაიმარჯვებს ის, ვინც მდიდარი ფანტაზიით შელამაზებული აზრის გადმოცემას აგრესიული ტონითა და ერთი შეხედვით, საშიში მიმიკებით კარგად მოახერხებს. სხვა უამრავი დეტალის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ერთი სიმართლეა, რომ სიმართლე არავის აინტერესებს.

5) ყაიმი - შემთხვევა, როცა კონფლიქტის მხარეები დაპირისპირების გარეშე “გვარდებიან”. ეს ხდება, მაშინ, როდესაც შუაში აღმოჩნდებიან ავტორიტეტული ნაცნობები ორივე გუნდიდან. ამ შემთხვეავში  ჯილდოსა და სასჯელის სიმძიმე მცირდება. “მტყუანს” მსუბუქი, ფამილიარული გალანძღვა, ხოლო მართალს ღიმილნარევი სახით, აღიარებული დანაშაული და ბოდიში ერგება.  

 

წყარო: შავი წიგნი

საქმე იმაშია, რომ შავი წიგნი ყველგან პოპულარულია. უფრო მეტიც, შავი წიგნის მიმდევრობა ერთგვარი ელექტორალური პოპულარობაა პოლიტიკაში და ვაჟკაცობა ქართულ საზოგადოებაში. ჩვენი საქმე რომ ასე დალაგებულია ამგვარი აზროვნების ბრალია თუ პირიქით, შემდეგ ჯერზე გავარკვიოთ.

 

მომავალ შეხვედრამდე!