OMG

კოსოვო-საქართველოს მატჩის ეროვნული მნიშვნელობა

13 ოქტომბერი 2021

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში დაამარცხა იმ ქვეყნის ნაკრები, რომლის სუვერენიტეტს (UEFA/FIFA-სგან განსხვავებით) არ სცნობს. საქართველოსთან ერთად კოსოვოს დამოუკიდებლობას ის ქვეყნები არ ცნობენ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში ერთგვარი შიში სუფევდა, კოსოვოს მერე აფხაზეთიც არ ეღიარებინათ. გუშინდელი და მანამდე ბათუმში ჩატარებული საქართველო-კოსოვოს მატჩი საქართველოს დაბნეული პოლიტიკური ორიენტაციისა და ამბივალენტურობის ერთგვარი სიმბოლოა. 

 

მატჩებამდე უკრაინულმა მედიამ მეგობრობა სპორტშიც გამოავლინა და მხარი საჯაროდ დაგვიჭირა. კოსოვოს მწვრთნელი ამბობდა, რომ საქართველოსა და კოსოვოს თანაბარი დონის ნაკრებები ყავს და ასეთივე თამაშს ელოდება. მანამდე, ესპანეთმა კოსოვოსთან თამაშის ტრანსლაციისას კოსოვოს დროშა დამალა და კოსოვოს “ტერიტორიად” მოიხსენიებდა. მაგრამ საქართველოს მსგავსი პრინციპი არ გამოუჩენია. ბათუმის შეხვედრის დროს, კოსოვოს ჰიმნის მერე კომენტატორმა უბრალოდ კომენტარი გააკეთა, რომ კი, ავაფრიალეთ დროშა, ავაჟღერეთ ჰიმნი, მაგრამ კოსოვო, როგორც სახელმწიფო არ არსებობსო.

 

გუშინ კი საქართველომ ეს “არ არსებული” რესპუბლიკა სტუმრად 1:2 ანგარიშით დაამარცხა და 2012 წლიდან მოყოლებული პირველი წარმატება მოუტანა ნაკრებს. მოგებამ ეროვნული სიამაყე შეგვმატა, იმედი მოგვეცა, რომ ჩავარდნილ 9 წელიწადს ფეხბურთში მაინც გამოვასწორებთ. იმ 9 წელიწადს, როცა საქართველომ დაკარგა საკუთარი ორიენტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, ქართულმა ლარმა დაკარგა კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით, ქართული სტუმართ-მასპინძლობა ძალადობასთან ასოცირდება, პარლამენტში სპიკერებად ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები დავსვით, ეკლესიაში ოკუპანტის ენაზე ჩავატარეთ ლიტურგია. მაგრამ სამაგიეროდ, 9 წლის მერე ფეხბურთში მოვუგეთ იმ ქვეყანას, რომელიც “არ არსებობს”.