OMG

კი მარა, მაინც რა საჭიროა ეს ორი დამოუკიდებლობის დღე?

26 მაისი 2022

ალბათ მაისი ყველასთვის საყვარელი თვეა ბევრი დასვენების დღეებით, შატალოებით, უფროსკლასელების ბოლო ზარით და მაკდონალდსში ეკონომ მენიუსთვის შეგროვებული 3 ლარით და 45 თეთრით. უზრუნველი ბავშვობა არ გვქონია, მაგრამ თავისუფლების გემოს ნელ-ნელა შევიგრძნობდით ხოლმე.

 

ბავშვობაში არ ვფიქრობდით ხოლმე იმაზე, თუ როგორ მოვედით აქამდე. Უბრალოდ ვტკბებოდით თავისუფლებით.

 

ერთ დღესაც მე-9 თუ მე-10 კლასში ვიყავი საქართველოს უახლეს ისტორიაზე რომ გვიხსნიდა გაკვეთილს ჩვენი მასწავლებელი და აი მაშინ დავფიქრდი, რომ ჩვენ, ქართველებს, ერთი კი არა ორი დამოუკიდებლობის დღე გვქონია. 

 

უცნაურია არა? ზოგადად რომ გადავხედოთ მსოფლიოს, წელიწადში მხოლოდ ერთი დღე ისვენებს ხალხი დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ კი ორჯერ. Ბავშვებსაც ხო გვიხაროდა რაც შეიძლება მეტი დასვენების დღე გვქონოდა, ოღონდაც სკოლაში არ წავსულიყავით.

 

Მაგრამ რაღაცა ისე არ იყო და ჩემს თავს მას შემდეგ ვუსვამ კითხვას, კი მაგრამ რატომ აღვნიშნავთ 26 მაისს როგორც დამოუკიდებლობის დღეს და არა 9 აპრილს? 

 

ცოტა ჩვენი ისტორიაც რომ მიმოვიხილოთ…

 

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლის მიხედვითაც ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ. ცოტა ხნით, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. 

 

 

 

 

Ძლივს რუსეთს “გავეყარეთ”, მაგრამ მომავალი კარგსაც არაფერს გვიქადდა. ეს ჩვენი ჩრდილოელი “ძმა და მეგობარი” ერთმორწმუნე რუსეთი ხო ვერასდროს მოვიშორეთ. 

 

და სულ რაღაცა 3 წელში ისევ ჩაგვითრია საბჭოთა კავშირის სახელით და ფსევდო დამოუკიდებლობით, თითქოს ყველას თანაბარი წონა გვექნებოდა ამ “ალიანსში”. Ასე მარტივად, ჩვენივე ნების საწინააღმდეგოდ ამჯერად უკვე “გაგვაწითლეს”. 

 

ნუ ქართველები მებრძოლი ხალხი ვართო, სკოლაში კი გვიყვებოდნენ ზღაპრებს, მარა საბჭოთა კავშირმა ზურგზე დაგვცა და მხოლოდ დისიდენტების ამარა ვიყავით ამდენი ხანი.

 

და თუ არა დისიდენტები, სხვა ვინ იბრძოლებდა და გააერთიანებდა “ბედკრულ” საქართველოს. მართლაც რომ ბედკრულნი ვართ, აბა რა ვართ. XXI საუკუნეში ჯერ კიდევ იმპერიალიზმს რომ “აწვება” ჩვენი საყვარელი კარის მეზობელი, რა გავაკეთოთ.

 

Ხო ხო, დავუბრუნდეთ ისტორიას... 

 

1989 წლის 9 აპრილია. Საბჭოთა კავშირს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი შებერვაღა უნდა და დაიშლება ნაწილებად. Და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დრო იყო, რომ დაგვეწყო ბრძოლა იმისთვის, რაც ჩვენია და ყოველთვის ჩვენი იყო, მაგრამ ძალით წაგვართვეს. Მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და მშვიდობიანი აქციის დარბევას ვერავინ გაბედავდა, მაგრამ გაბედეს. 

 

 

 

9 აპრილის ღამეს მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 400-ზე მეტი დაშავდა. 

 

ეს დღე საქართველოს ისტორიაში შემოვინახეთ, როგორც “სისხლიანი 9 აპრილი”, რომელიც გახდა გარდამტეხი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში.

 

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც მოვიქეცით და 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული არჩევნებიც ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად.

 

კი მაგრამ რაღაცა გამოგვრჩა… დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ გვაქვს გამოცხადებული და საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ “ბუნტის თავები” ვართ.

 

1991 წლის 31 მარტიც მოვიდა და ჩავატარეთ საყოველთაო რეფერენდუმი. და არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობას ვკითხეთ: 

 

„ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

 

Მაშ ასე, მეგობრებო, “აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”. 

 

 

 

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 

 

აქვე უნდა ვთქვათ, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარი თავი გამოვაცხადეთ არა საბჭოთა საქართველოს სამართალ მემკვიდრედ, არამედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, რომელიც უსამართლოდ იქნა ანექსირებული ჩვენი “ძმა და მეგობრის” მიერ. 

 

და დიახაც სიმბოლურად ჩვენთვის 26 მაისი გახდა მნიშვნელოვანი თარიღი, რომ არ დაგვავიწყდეს “საიდან მოვდივართ”.

 

მაგრამ ჩვენ ხო მაინც გვახსოვს 9 აპრილი. 

 

სწორედ ამიტომ, ამის მერე აღარ შეგვეპარება ეჭვი, რომ ორი დამოუკიდებლობის დღე თურმე საჭირო ყოფილა. ადამიანებს ხო ხშირად გვავიწყდება ჩვენი ისტორია.

 

Ბევრს კი გვიხარია, წელიწადში დამატებით ერთი დასვენების დღე, მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდე, ნახე “სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული”...

 

დღეს 26 მაისს აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხოლო 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს.