WTF

"ქართველებზე არ ვაქირავებ"

6 ოქტომბერი 2022

იქამდე სანამ იმ სტუდენტების გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომლებიც თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდნენ და ბინის ძიების არც თუ ისე მარტივი პროცესი გაიარეს, მოდი უბრალოდ Google-ში დავსერჩავ -  “ქირავდება ბინა თბილისში”.
 

ვაკლიკავ ერთ-ერთი უძრავი ქონების ვებგვერდს და პირველი 40 ბინიდან მხოლოდ ერთის ფასი მხვდება ლარში. ისიც გლდანში, სულ რაღაც 650 ლარად. დანარჩენების ფასები კი 500 $-დან იწყება და უბნების  მიხედვით 1000 $-ზე მეტსაც უკაკუნებს.
 

ზოგი უცხოელ სტუდენტებს ითხოვს, ზოგი ორი თვის წინასწარ გადახდას, ზოგი მხოლოდ გოგოებზე აქირავებს, ერთმა საერთოდ 350 ლარად მოგაქირავებთ ოღონდ მობინადრე ბიჭს შემოგისახლებთო.
 

მოკლედ ან ძალიან უნდა გაგიმართლოს ან უბრალოდ ფული უნდა გქონდეს ოხრად, რაც სტუდენტისთვის, რომელიც თბილისში სასწავლებლად ჩამოდის და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, ნამდვილად იშვიათობაა.
 

ამჯერად სხვა ვებგვერდზე გადავდივარ, ბევრს ვსქროლავ, მაგრამ მოცემულობა არ იცვლება. ყველაზე იაფიანი ბინა სამგორში ქირავდება  35 მ²  500 ლარად.  სამგორი რამდენად ხელსაყრელი ადგილია სტუდენტისთვის, რომელიც დილის 9-ზე ლექციაზე უნდა იყოს, მეორე საკითხია.
 

ბინების ძებნას თავს ვანებებ და ვიწყებ იმ სტუდენტების შესახებ მოყოლას, რომლებისთვისაც თბილისში გადმოსვლის პროცესი ძალიან სტრესული აღმოჩნდა.  


ლუკა, 17 წლის აფხაზეთიდან - “ის მიწყობს ხელს, რომ სწავლის საფასური დამიფინანსეს,  თორე არვიცი საერთოდ თუ შევძლებდი სწავლას.”
 

ლუკა თბილისში ჟურნალისტიკის შესასწავლად ჩამოვიდა. ბინისთვის ყოველთვიურად 500-600 ლარი ჰქონდა გათვლილი. როგორც ამბობს, ამ თანხის ფარგლებში ძალიან ცოტა ბინა ხვდებოდა. ხშირ შემთხვევაში კი, ბინები არ იყო აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკითა და საჭიროებებით. არ იყო მაცივარი, სარეცხის მანქანა, წყლის გამათბობელი და ბუნებვრივი აირიც კი. ამიტომ ლუკა იძულებული გახდა ბინის ძებნა 800-900 ლარის ფარგლებში დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტაპიც ძალიან გაჭიანურდა, საბოლოოდ დიღომში 800 ლარად 30მ² ფართობის ბინა იქირავა.
 

“კომუნალურების და სხვა ხარჯებისთვის  ყოველთვიურად 1200-1400  ლარი მჭირდება. მომიწევს ვიპოვო სამსახური, სადაც 1400 ლარზე მეტს გადამიხდიან, მსგავსი სამსახურის პოვნა სტუდენტისთვის კი  ურთულესი გამოწვევაა. “
 

ლუკა ახლა სამსახურის ძებნის პროცესშია, თუმცა როგორც თავად ამბობს ანაზღაურებები 600-დან 700 ლარამდე მერყეობს, ამ თანხით კი ბინის ქირის გადახდასაც ვერ შეძლებს.
 


გიორგი, 17 წლის სოფელ ქვემო აკეთიდან -  “მესაკუთრეების მოთხოვნები მაგალითად: ბინას ვაქირავებ მხოლოდ გოგონებზე, ქართველებზე არ ვაქირავებ და ა.შ ბინის პოვნის პროცესს უფრო ართულებდა.”
 

ლუკას მსგავსად გიორგიც თბილისში ჟურნალსიტიკის შესასწავლად ჩამოვიდა. ბინას 2 თვის განმავლობაში ეძებდა. ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები კი ძალიან მაღალი გადასახადი, არასასურველი პირობები და მესაკუთრეთა მოთხოვნები იყო. “ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ბინებს მხოლოდ სტუდენტ გოგონებზე ან არაქართველებზე აქირავებდნენ, შესაბამისად ბიჭებს ორმაგად გაგვიჭირდა ბინის მოძებნა”
 

ძებნიდან 2 თვის შემდეგ გიორგიმ ახლობლის დახმარებით 400 ლარად შეძლო ბინის ქირაობა. “ეს მხოლოდ ჩემი ახლობლის დახმარებით მოხდა, სხვა შემთხვევაში ალბათ მომიწევდა მეც 600-800 ლარი გადამეხადა. სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ ბევრი სტუდენტი იძულებული გახდა განსაზღვრულზე ორჯერ უფრო ძვირად ექირავა ბინა.”


საბა, 17 წლის გურიიდან - ”საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი ბინას. ძალიან სტრესული იყო. ბოლოს მეგონა საერთოდ ვეღარ ჩამოვიდოდი”
 

საბას თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი პოლიტიკის შესწავლაა. როგორც სხვებს მასაც ძალიან გაუჭირდა ბინის მისთვის ხელმისაწვდომ ფასში ქიარაობა, რადგან ბინების უმეტესობას დოლარში აქირავებდნენ.
“ბინისთვის 500 ლარი მქონდა განსაზღვრული, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ 700 ლარადაც ძლივს ვიქირავე. თანხის გადახდაში მშობლები მეხმარებიან”
როგორც საბამ თქვა, პირველი ფაქტორი, რამაც ბინის პოვნის პროცესი გააჭიანურა ბინების დოლარში გაქირავების ტენდენცია იყო. მეორე ხელის შემშლელი ფაქტორი კი მისი სქესი აღმოჩნდა. “ორ სტუდენტ გოგოზე გაქირავება ზოგისთვის პრიორიტეტი იყო. ბევრმა მაგის გამო უარი მითხრა

ბოლო თვეებში რუსების მასობრივად შემოსვლამ ფაქტობრივად სრულად შეცვალა უძრავი ქონების ბაზარი. Bloomberg-ის მონაცემებით მხოლოდ ივნისში საქართველოში დაახლოებით ასი ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. შესაბამისად ბინების ფასმაც წინა წლებთან შედარებით 70-80%-ით მოიმატა. მაგალითად თუ წინა წელს სტუდენტი ბინას 500 ლარად იქირავებდა, წელს იგივე ბინა 850-900 ლარი ღირს. საქართველოში გამოქცეული ოკუპანტები კი, რომლებსაც ფაქტობრივად საშუალო შემოსავლების მქონე თბილისელზე უფრო მეტის გადახდა შეუძლიათ თანაც დოლარში, ცხადია უპრობლემოდ ქირაობენ ბინებს და ჩვენი სტუდენტების თბილისში განათლების მიღებასაც უქმნიან ბარიერებს, სხვა გამოწვევების შექმნაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ამ ფონზე კი სტუდენტი ძლივს ქირაობს 700 ლარიან ბინას სამგორში, მოუწესრიგებელი ტრანსპორტისა და საგზაო მოძრაობის გამო საცობებში კარგავს 2 საათს და ამავე მიზეზით ზოგჯერ ლექციაზეც აგვიანებს. თუ სწავლასა და მუშაობას ვერ ათავსებს ერთმანეთთან, ან 12 წლიანი სასკოლო განათლების პირობებში ვერ დააგროვა შესაბამისი უნარები, რომ უნივერსიტეტთან შეთავსებადი ვაკანსიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, თავიდან ბოლომდე მშობლების ფინანსებზე რჩება დამოკიდებული. ანდაც დასაქმებულია მომსახურების სფეროში, თვიურად ბინის ქირის საფასურსაც ვერ გამოიმუშავებს და მაინც მშობლებზეა დამოკიდებული. ასეთი მშობლების უმეტესობას კიდევ რამდენ ძალისხმევად უჯდება ქალაქში საწავლებლად წასული შვილის სოფლიდან რჩენა, ცალკე სტატიის თემაა.

 

ფაქტი ერთია, ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტები ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს ფაქტი ჩვენს ხელისუფლებას საერთოდაც არ ადარდებს.


ქავერისთვის გამოყენებული სტენსილის ავტორი: გაგოშა