ქალს არ შეეფერება...

20 იანვარი 2022

ქალი უნდა იყო ლამაზი, გამხდარი, ნაზი, მომთმენი და ცოტა დაუცველიც, ამასთანავე პრინცის კოცნასაც მძინარე პოზიციაში უნდა ელოდე. მე მუდამ მაოცებდა ორი რამ: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ათასობით სტერეოტიპი ქალების გარეგნობაზე, ცხოვრებასა და საქციელზე.

 

როგორი უნდა იყოს ქალი? მართალია, არც არავის აინტერესებს, მაგრამ ამ კითხვის პასუხი მრავალფეროვანი ნამდვილად არაა. დიდი ხნის წინათ წესების მთელი კოდექსი შეუდგენიათ, როგორი უნდა იყოს ქალი, რა ეკადრება და რა ნაკლებად, როგორ უნდა ჭამოს, სვას, ჩაიცვას და მოიქცეს. დროთა განმავლობაში კი კიდევ ათასგვარი პუნქტი მიამატეს ქალის იდეალური მოდელის მისაღებად. იმისათვის, რომ მაინც და მაინც მათ შესრულებაზე არ გაისარჯო, ზუსტ ინსტრუქციას ჩამოგიწერ ქვემოთ იმისას, თუ რას გვეუბნებიან, რა არ შეეფერება ქალს:

 

 


ჭამა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

 

ამ სტერეოტიპის განვითარების მოწმეები თავადგე გავხდით. თავიდან დიდი განხილვა და დავიდარაბა მიდიოდა, აქვს თუ არა გოგოს სამართლებრივი და მორალური უფლება პაემანზე ჭამოსო. ინტელექტურული ელიტა მივიდა კონსენსუსამდე, რომ - არა. დროთა განმავლობაში კი საქმე უფრო გაგვირთულეს და ახლა უკვე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჭამა ნამდვილად აღარ შეგვეფერება. ქალის ნებისმიერი საქციელის სექსუალიზება ხდება, ასეთივეა ჭამაც. როგორც დიდი ხანია გვკარნახობენ, განსაკუთრებით კი ბევრის მირთმევა და ცოტა ულამაზოდ ჭამა არ გვიხდება. ამ აზრსაც იქ მივყავართ, რომ ქალები ნაზები და ძალიან ესთეტიკურები უნდა ვიყოთ. 

 

 


სიძლიერე 

 

ქალი ნაზი უნდა იყოსო, ხომ გაგიგია? ამასთან ისიც გაგონილი გექნება, რომ არასწორია. მოკრძალებით უნდა გაიცინო, მიუხედავად შესაძლებლობისა, ქილა კაცს უნდა გაახსნევინო, გარეთ აუცილებლად უნდა შეგცივდეს, რათა ქურთუკი მოგაწოდონ… მეტიც, ბებიაჩემი მთელი ბავშვობა მიშლიდა ველოსიპედის სიყვარულს, ეგ რა გოგოს საქმეაო. 

არც ფიზიკურ და არც მორალურ სიძლიერეს ქალების დადებით თვისებად არ მიიჩნევენ. ჩვენგან თითქმის ყოველთვის ემოციურობასა და ფიზიკური ძალის არქონას მოელიან. ხოდა, იმედების გაცრუების მასტერკლასზე ხომ არ ჩავეწეროთ? 

 


ამბიციის ქონა

 

ქალს თუ ამბიცია აქვს ტუტუცია და თავზე ზედმეტი წარმოდგენა ჰქონიაო. აი, ასე, ერთი ხელის მოსმით ქალებს გადაგვიწყვიტეს, რომ საშუალოსტატისტიკურები უნდა ვიყოთ: ჩვეულებრივი სამსახური, ჩვეულებრივი შემოსავალი, ჩვეულებრივი განათლება და არავითარი გრანდიოზული მიზნები. ვაი, რომ მიზნებიც გვაქვს, ამბიციებიც, პრინციპებიც და მოთხოვნებიც. ახლა უკვე ყველას გვჯერა, რომ შესაძლებლობების უსაზღვრობას სქესობრივი განსხვავებულობა ხელს არ უშლის.

 


სურვილი, არ ყავდეს შვილები 

ქალს არ სურდეს შვილის ყოლა, ვერ იღებდეს პასუხისმგებლობას ან არ შეეძლოს შვილის გაჩენა განსაკუთრებით საგანგაშო საკითხად იქცევა ხოლმე. ქალს შვილის არყოლა არ შეეფერება… თითქოს თანდაყოლილი ვალდებულებასავით იყოს შვილის ყოლა, ოჯახის მოვლა, ცხადია, ამის საწინააღმდეგო არავინაა, თუ თავად ქალის სურვილია. 

ერთი სიტყვით, ქალი, პრველ ყოვლისა დედააო, რომ ამბობენ, ცხადად არასწორი რომაა ჩემგან არ გესწავლება. 

 


დამოუკიდებლობა 

 

კაცი არაა მანდ ვინმე? დამალაპარაკეთ…

ქალის დამოუკიდებლობა ჯერ კვლავაც არ ეთანხმებიან. ქალს არც დამოუკიდებლად მანქანის შეკეთება, ხელოსნის გამოძახება ან სხვა საქმის მოგვარება არ შეშვენის, თურმე. ნებისმიერ ასეთ დროს, მამის, ძმის, ქმრის ან შეყვარებულის მოწმედ მოხმობას გვთხოვენ ხოლმე. 

 

ალბათ, ისედაც ყოველ დღე გვახსენებენ, რომ მოკლე კაბა, გვიანობამდე გარეთ ყოფნა, ბევრი მაკიაჟი და უხეშობა გოგოს არ შეეფერება.

 

ამდენ სტერეოტიპში გახვეული კი უკვე ვეღარც ვხვდები, ქალებზე ლაპარაკობენ, თუ უბრალოდ ჰუმანოიდი რობოტის შექმნა სურთ, რომელსაც ქალის სახელი უნდა დაარქვან?