WTF

ილიაუნის მტკივნეული პერიპეტიები

18 ივლისი 2022

პერიპეტიები ისეთი სიტყვაა, ორდიპლომიანმა ვერშემდგარმა პიროვნებამ წესით რომ უნდა იცოდეს.

მაგრამ, ალბათ, აინშტაინი იტყოდა, წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიოო.
თუმცა იმ კრიტიკული აზროვნების წყალობით, რომელიც უნივერსიტეტმა ბლომად  დამაფერთხა, დაგუგლვის გარეშეც, რამენაირად მივხვდები.

მოკლედ, მე ის ტიპი ვარ, უნივერსიტეტებს შორის მობილობის ტიტანური საქმე ბოლომდე რომ მიიყვანა და ამით თავისი წინაპრები, სამი რელიგიის ღმერთი და ინდური წმინდა ძროხაც რომ გააოცა.
CU- ში სწავლის 1.5 წლის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო მდიდრული (?) ცხოვრების ღარიბულად გამოცდა და სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნდი- კერძოდ, ილიას ფსიქოლოგიის ფაკულტეტს. 

დრო იყო მძიმე და ფინალურებით სავსე

ჭავჭავაძე კი - გადაკეტილი. 

სოციალური წნეხიც დიდი იყო - თსუ-ში არ ჩაბარების და ილიაუნის არჩევის და იქვე - ‘დიპლომატიურზე ჩაგებარებინას’ წნეხიც. 
სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამაჩნია. 

მე ის ტიპი ვარ, უნივერსიტეტში ერთი მეგობრით რომ შევიდა, და უკანვე ერთი მეგობრით რომ გამოვიდა. ძირითადად არ ვიყავი საუნივერსიტეტო ცხოვრების ბობოქარ ფერხულში ჩართული.
 

ჯერ კიდევ ის აზრები მტანჯავდა:
 

2 წლის სასწავლს 4 წელი რატომ წელავენ?
 

ქართული განათლების სისტემა რატომ არ ინგრევა?
 

პრეზენტაციებს ლექტორები და სტუდენტები სლაიდებიდან რატომ კითხულობენ?
 

ამით სამსახურს უეჭველი ვერ ვიშოვი!
 

კიდე კაი ამის სწავლაში ფულს არ ვიხდი...
 

და კიდევ სხვა მრავალი.

სხვა მხრივ, არაფერს ვემდური.
ჰოდა, კავკასიის სტერილური და ყოფილი-საავადმყოფოს ვაიბის შემდეგ, ერთდროულად სკოლასა და სტომატოლოგის კაბინეტს რომ ჰგავდა, ილიაში მოვხვდი და აუდიტორიის შემაღლებული სკამები დავინახე.
ის ის იყო ვიფიქრე - არიქა მეშველა მეთქი, რომ თვალებში აპოკალიფსის ოთხ მხედარს ჩავხედე. 

 

მაშ ასე, ამბავი აპოკალიფსის  ილიაუნის ოთხი მხედრისა:
 

 

არგუსი
 

 

ზოგადად ადამიანებს გარკვეული არქეტიპული ცოდნები დაგვყვება.
მაგალითად, ბავშვებს, ან მაიმუნებს - არ მახსოვს ზუსტად - გველების თანდაყოლილი შიში აქვთ, რადგან მათმა წინაპრებმა გველთან ჭიდაობის სიმწარე იცოდნენ და გენომში სამარადჟამოდ აისახა.

წიწილებს ქორის ჯერ კიდევ კოდას კვერცხობის პერიოდიდან ეშინიათ.

ასეთივე თანდაყოლილი ცოდნა გაგვაჩნია საქართველოს მოსახლეობას - დიდს, პატარას, დედას, მამას, ქართლის დედასა თუ უჩა ზერაგიას - არგუსზე. 

არგუსი რომ ასთვალა მონსტრია ბერძნულ მითოლოგიაში იცოდით?

თუ არა, დამიჯერეთ, რომ ვინც ილიაუნის ინფორმაციულ და ოპერაციულ ბაზას არგუსი დაარქვა - მასონია და სახელი ჩვენს დასაცინად შეურჩია. 

მართლაც რომ მონსტრია, რომელსაც ვერც გამოცანის სწორად გამოცნობის, ვერც ატომის გახლეჩისა და ვერც ლარის გამყარების შემდეგ გაექცევი.

უფრო მეტიც, არც საგნების 100 ქულაზე დახურვა გიშველის და არც ის წმინდა ძროხა, მაღლა რომ გააოცე.

 

საგანიც ან არჩეულია ან არა, ვერავინ გაიგებს.

ვერც ვერავის შესჩივლებ - სახელმწიფო უნივერსიტეტია და როდის იყო, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიუროკრატია მარტივი, გასაგები და რიგითი - არალამაზი და არანათესავი ხალხისთვის მსუბუქად გადასალახი ყოფილიყოს. მადლობა თქვი, პასპორტში თავისუფალი მოქალაქე რომ გქვია და მონა მხოლოდ ქუჩებში რომ ხარ.

citizen in the sheets, slave in the streets, არა?

 

ერთი ორი სიტყვა, ლექტორებსა და უნიფუდის ფრიზე ...
 

 

მას შემდეგ რაც ყოველი სემესტრის დასაწყისს არგუსის ლიმბოდან თავს ვერ დააღწევდი, იწყებოდა ახალი გამოწვევა - თითოეული კაციადაგუნება ლექტორის ფსიქოანალიზი, მათი ბავშვობის ტრავმებისა და მათგან დანატოვები ახირებების გაგება და ისე ასხლეტვა, რომ ბოლოს საგანი ნორმალურ ქულაზე დაგემთავრებინა, სტიპენდია აგეღო და სახლში პურის ფული შეგეტანა. 

ან სულ ცოტა, ის გამხმარი ფრი მაინც გეჭამა, ილიაუნის კაფეტერიაში 100 გრ 1.5 ლ რომ ღირდა, ცუდი იყო, მაგრამ მაინც ყველა ჭამდა.
ანუ, ილიაუნის კაფეტერიაში კვება ქართველობას ჰგავდა - არ მოგწონდა, ცუდი იყო, კენწეროშიც მწარე, ძირში კიდევ უფრო მწარე და საბოლოოდ სინანულის მოუშორებელ განცდას გიტოვებდა მუცლის მიდამოებში - აუდიო გაფორმებით.

 

მაგრამ სხვა რა გზა გქონდა, მეტის ფული სახელმწიფო ბიუჯეტს არ ჰქონდა და ისევ იმ ბუნდოვან პოტენციურ დაავადებას ამჯობინებდი, სამომავლოდ ეს მრავალცხიმნაწრთობი ფრი რომ გამოიწვევდა და რომლის მკურნალობა ისევ ცუდი სახელმწიფო დაზღვევით მოგიწევდა.
 

მე ჯერ კარგად ვარ, მაგრამ აწი ვნახოთ. 

 

შთა - შიშითა თვისითა ამაღლდები 

 

შთას მხოლოდ იმიტომ ვახსენებ, რომ ისიც არგუსივით არქეტიპული ცოდნაა. რაღაც აბრევიატურა, რომლის მნიშვნელობა ყოველ ჯერზე მავიწყდება, ამიტომ ყოველ ჯერზე ახალს ვქმნი. 

მოკლედ, დედამ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში დაარქვა, მაგრამ ვაზისუბნელი იყო და ქუჩაში შთას ეძახდნენ. 

სიმართლე გითხრათ, ეგეთი რთულიც არაა ფილოსოფოსების ნააზრევის 3 გვერდიანი პერიფრაზის გადასქროლვა და იქიდან ათასი დემაგოგიის გამოჩიჩქვნა. 

უბრალოდ, შურის მომენტი მქონდა.

მეც მინდოდა იმდენად მოცლილი ვყოფილიყავი, რაღაცებზე, რაზეც აქამდე სხვას არ უფიქრია 5 წუთით დავფიქრებულიყავი, შემდეგ 99 გვერდიანი წეელვადი ნაშრომი გამომეცხო კონცეპტზე, რომელიც რეალურად 3 სიტყვითაც აღიწერებოდა - მაგალითად “it is what it is”- ით.
მაგრამ შთამ ბევრ სტუდენტს გაუმწარა ცხოვრება. 

ვწუხვარ

თუმცა არა. 

ეს ცხოვრება სიმწარეა. 

ამას ბაღიდანვე თუ ვერ მიეჩვიე, დროა უნივერსიტეტიდან დაიწყო.
სჯობს გვიან ვიდრე უფრო გვიანო. 

 

საგნები, რომლებიც არ უნდა ისწავლებოდეს 

 

მაშინ, როცა არგუსიდან საგნებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მქონე ელიტა დაიტაცებდა, არგუსის ნაგავსაყრელზე რჩებოდა საგნები, რომლებიც მატრიცაში არსებული გლიჩის გამო არსებობდა და რომლის გავლაც მხოლოდ იმიტომ გიწევდა, რომ სხვა გზა არ გქონდა. არ აქვს მნიშვნელობა თეორეტიკული ფიზიკოსი იყავი თუ ნეირომეცნიერი, “კავკასიის მულტისახეობრივი მუხის წარმოშობა და გავრცელება” შენც მოგწვდებოდა, მდიდარს ღარიბთან გაათანაბრებდა, ჰუმანიტარს- საბუნებისმეტყველო მეცნიერთან და ასე აგრძელებდა უნივერსიტეტი ცხოვრებას, მამაშენის ან სახელმწიფოს ფულებისგან ახალი პუფების ყიდვას, რომელშიც ვერასდროს ჩაჯდებოდი, რადგან ვიღაც რენდომი ტიპი, რომელიც ეჭვი მაქვს უნივერსიტეტში ცხოვრობდა და ანდერგრაუნდ სკოლა ჰქონდა დაფუძნებული- ყოველთვის იქ იჯდა. 

უმადური არ ვიქნები და ვიტყვი, რომ პლუსიც ბევრი ჰქონდა ილიას. 

არ გვჭირდებოდა ფურცლებით სირბილი, გადაქსეროქსება და ფარაონების კუბოებიდან ამოთხრა სასწავლო მასალების. საპირფარეშოც იმდენი იყო, რო  რიგრიგობით შესვლა არ გვიწევდა. უნილაბიც გვქონდა- ციფრული სამყაროს შემსწავლელი საზოგადოება. 

მაგრამ მაინც… კიდევ კარგი, ფულს არ ვიხდიდი!

ჭირი იქა, ხინკლები აქა! 

თქვენი, ასასინთა ტყის გრძნეული