ღვინო, ყურძენი წალმები

18 ნოემბერი 2022

სადღეგრძელო და ღვინო ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია. თავისი დასაწყისით, კვანძის შეკვრით, შემდეგ ამავე კვანძის გახნით და იქვე - ის ოციანიც ხომ არ გაგვეხსნა-თი. 

მოკლედ, ქართველისთვის, ღვინო არის ურთიერთობა და ღვინო არის ისტორია- დალოცვილი, მრავალ სეტყვა დაცდილი, თურქ-სელჩუკობა ნანახი და გეორგიევსკის ტრაქტატ გამოვლილი ალკოჰოლი, ანუ, იმ ყურძნის ფერმენტირებული წვენი, რომლის წინაპრებსაც იმაზე მეტი იბერია- გაბრწყინებული თუ გაუბრწყინებელი- უნახავთ და იმაზე მეტ ამბავს შესწრებიან, ვიდრე, შენ და შენს ღრმადპატივსაცემი წინაპრების უმრავლესობას- ერთად! 

მაგრამ, ვიცით კი, რატომ მივიჩნევთ ქართველები ღვინოს ჩვენი იდენტობის ნაწილად? ან ვინ დაამტკიცა, მართლაც, რომ საქართველო არა მხოლოდ ქართველების, არამედ ღვინის სამშობლოცაა?

ჰოდა, ახლა გიამბობთ ამბავს, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის და რომლის გაგების შემდეგ ქართული სადღეგრძელობის რიგს შეიძლება კიდევ ერთი სადღეგრძელო შეემატოს. 


ქართული ღვინის ამერიკული ისტორია
 

ადამიანი, რომლის პერსონალური სადღეგრძელოც ყველა ეროვნული სულისკვეთებით სავსე ქართველმა უნდა დალიოს- მერიკელი მოლეკულური არქეოლოგი, პატრიკ მაკგოვერნია-  პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი. ანუ ადამიანი, რომელმაც საქართველოს ღვინის სამშობლოს დამსახურებული და მეცნიერულად დამტკიცებული ტიტული მოუპოვა. 

პროფესორმა პატრიკმა საქართველოში 1998 წელს იმოგზაურა, 2003 წელს კი გამოსცა წიგნი “უძველესი ღვინო” სადაც პირველად გამოთქვა ვარაუდი, რომ კავკასია შეიძლება ღვინის ნამდვილი სამშობლო ყოფილიყო. თუმცა რადგან ვერ ხერხდებოდა გათხრების დროს ნაპოვნი ყურძნის წიპწის დათარიღება, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ამ ვარაუდებს ყურადღებას არ აქცევდა. 

თუმცა 2017 წელს ყველაფერი შეიცვალა. 2014 წლიდან ქართული ღვინის კულტურის ისტორიის შესწავლა აქტიურად დაიწყო და სწორედ პატრიკ მაკგოვერნის იყო ის ადამიანი, რომლის  ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულური კვლევების შედეგად- ქვემო ქართლში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე- გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ძვ.წ. VI ათასწლეულის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს, რომლებიც Vitis Vinifera Sativa-ს ვაზის ჯიშს ეკუთვნოდა. 

იმავე წელს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

გამოდის რომ ადრე თუ ეგონათ, უძველესი ღვინო ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ირანში აღმოჩენილი ნიმუში იყო, პატრიკ მაკგროვერის აღმოჩენამ დიდების შარავანდედი საქართველოს გადმოულოცა და დაამტკიცა, რომ ჩვენ 600-1000 წლით ადრე გვყავდნენ ღვინის ოსტატები! 

წარმოიდგინეთ, 8000 წლის წინ, ერთ ქვემო ქართლელ ოჯახს რთველი ჰქონდა, დაწურა ყურძენი, დააყენა ღვინო. შეიძლება შემდეგ დასაგემოვნებლად მეზობლებიც მიიწვია, ერთი- გამისინჯეთ, როგორი გამომივიდაო, შეიძლება ტომის ბელადს მიართვა, ვინ იცის. არც თვითონ იცოდა, რომ 8000 წლის შემდეგ, ზუსტად იმ ტერიტორიაზე გათხრებს ჩაატარებდნენ და 2017 წელს ერთი ამერიკელი კაცი საქართველოს უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყნის ტიტულს მოუპოვებდა! 

ამის შემდეგ, სუფრაზე ღვინით ტკბობისას, ქართველებმა წელშიგამართულად შეგვიძლია განვაცხადოთ- ღვინის სამშობლოში დამზადებულ ღვინოს ვაგემოვნებთო! 

ამიტომ, ყოველთვის, როცა ჭიქა ღვინოს ავწევთ, იქნება ეს ქართულ სუფრაზე თუ ღვინის ბარის უკანა ეზოში მეგობრებთან ერთად- გავიხსენოთ ერთი ამერიკელი მოლეკულური არქეოლოგი, პატრიკ მაკგოვერნი, რომელმაც საქართველოს ღვინის სამშობლოს ტიტული მოუპოვა! 

 

პ.ს თუ ტრადიციულ სუფრაზე ვსაუბრობთ, მაშინ მისი სადღეგრძელოს თქმა შეიძლება სადღაც დედმამიშვილებისა და სამშობლოს სადღეგრძელოებს შორის.