OMG

Grime - ლონდონის ურბანული კულტურა

31 მარტი 2021

რამდენიმე წელია, რაც გრაიმი აღმოვაჩინე. Youtube-ზე ბრიტანულ რეპ ბათლებს ვუყურებდი და რეკომენდაციებში ერთ-ერთი „გრაიმ ქლეში“ ამოაგდო. თანდათან შევყევი, მომხიბლა ამ ახალმა და უცნაურმა სამყარომ. გრაიმ ტრეკები ძალიან თვითკმარები და უნიკალურებია. ამას ემატება სპეციფიკური ტექსტი, რომელიც დატვირთულია უცხო ყურისთვის გაუგებარი სლენგით. ამ სამზარეულოში გარკვევას დრო სჭირდება, თუმცა მუღამიც ეგ არის. როგორც წესი, საინტერესო კულტურას აქვს ზღუდეები, რომლებიც უნდა გადალახო.  გრაიმის სამყაროში მოხვედრისას, აღმოაჩენ არამხოლოდ უნიკალურ სიმღერებს, არამედ პროტესტულ კულტურას, რომელმაც გაიარა გზა აკრძალული, საიდუმლო ივენთებიდან- პოლიტიკურად მნიშვნელოვან ჟანრამდე. 

გრაიმის შესახებ მოყოლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ქართულ ენაზე მის შესახებ თითქმის არაფერი წერია. შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგიყვებით კონტექსტს, იქნებ თქვენც მოგხიბლოთ ამ უცნაურმა სამყარომ.

რა არის გრაიმი?

გრაიმი  ბრიტანული  მუსიკალური ჟანრი და ურბანული კულტურაა. გრაიმ არტისტებს აქვთ სახასიათო, უნიკალური სტილი. ამ მიმდინარეობის პოპულარობამ უკანასკნელი წლების განმავლობაში პიკს მიაღწია, თუმცა მას უფრო ხანგრძლივი და  საინტერესო ისტორია აქვს.


წარმოშობა

90-იან წლებში, ბრიტანეთში, წარმოიშვა ელექტრონული მუსიკის ჟანრი - UK Garage. ეს ჩქარი, ხისტი ურბანული მუსიკა სწრაფად ვითარდებოდა და  პოპულარული ხდებოდა. პოპულარობა კი  მეინსტრიმში გადასვლას გულისხმობს, რაც ხშირად, ჟანრის ძირძველ თაყვანისმცემლებში გაუცხოებას იწვევს. ასე მოხდა UK Garage-ის შემთხვევაშიც. ამ მიმართულების ძირითადი მსმენელისთვის, ხელმოკლე და აგრესიული აუდიტორიისთვის,  ჟანრის ახალი სახე მიუღებელი იყო. შედეგად შეიქმნა, იმ დროს ჯერ კიდევ UK Garage-ის ქვე-ჟანრები, დაბსტეპი და გრაიმი. 
 

გრაიმის ათვლის წერტილი უკავშირდება პირატულ რადიოებს, რომლებიც მრავლად იყო 90-იანი წლების ლონდონში. მათგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო Rinse FM, DJ Slimzee-ს რადიო, რომლის საშუალებითაც აუდიტორიამ გაიცნო ჟანრის ისეთი პიონერები, როგორებიც არიან Dizzy Rascal და Wiley. ეს იყო აგრესიული, ენერგიით სავსე ჟღერადობა, რომელიც შეისისხლხორცა  ძალადობითა და სიღატაკით სავსე ლონდონის უბნებმა. 
 

თანდათან გრაიმი ვითარდებოდა და ყალიბდებოდა როგორც დამოუკიდებელი მიმართულება და ეს, მნიშვნელოვან  წილად, განაპირობეს  ჟანრის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენლებმა - Wiley-მ, Dizzy Rascal-მა, შემდგომში ძმებმა - Jme-მ,  Skepta-მ და სხვებმა. 
 

რთულია ჟანრის ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა გრაიმისთვის, დიდწილად, დამახასიათებელია სწრაფი, 140 bpm(beats per minute) ბითები, აგრესიული სტილი და სპეციფიკური რიტმიკა.

 


გრაიმი და ჰიპ ჰოპი

ზოგადად, ხელოვნების ჟანრების კლასიფიკაცია და დაყოფა რთული საქმეა, რადგან ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. შეუიარაღებელი თვალისთვის, გრაიმსა და ჰიპ ჰოპს შორის  განსხვავების დანახვა რთულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
 

ცხადია, ჰიპ ჰოპ და გრიამ ტრეკებს აერთიანებთ რეპი, რეჩიტატივი. Dizzy Rascal-ის შეფასებით, გრაიმი  ჰიპ ჰოპის ქვეჟანრია, თუმცა ეს არაპოპულარული აზრია გრაიმ არტისტებს შორის.  ამ შემსრულებელთა  უმრავლესობა ბრაზდება, როდესაც  მათ ჰიპ ჰოპ არტისტებს უწოდებენ. 
 

გრაიმი ჰიპ ჰოპზე ახალგაზრდა ჟანრია და მას განსხვავებული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, ჰიპ ჰოპს  გავლენა ჰქონდა გრაიმზე, თუმცა ეს უკანასკნელი განსხვავებული, ბრიტანული, მეტიც - ლონდონური ფენომენია. მისი ჟღერადობა ელექტრონული და იამაიკური მუსიკის გავლენით ჩამოყალიბდა. რაც მთავარია, გრაიმი არ არის მხოლოდ მუსიკა,  იგი დამოუკიდებელი სუბკულტურაა. არ არსებობს მკაცრი ჩარჩოები, რომელთა მიხედვითაც  არტისტი, ან სიმღერა,  გრაიმს შეიძლება მივაკუთვნოთ. მთავარია,  თუ რომელ კულტურასთან აიგივებს თავს არტისტი და როგორ იღებს მას მსმენელი.
 

გრაიმი დამოუკიდებელ ჟანრად ათიან წლებში ჩამოყალიბდა. ჰიპ ჰოპისგან განსხვავებით, ამ ჟანრის პირველი ლეგენდები ცოცხლები და ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. მაგალითად, Dizzee Rascal-ი  მხოლოდ 36 წლისაა.

გრაიმი პროტესტის კულტურაა. გრაიმ არტისტებსა და მის აუდიტორიას შორის მრავლად არიან შავკანიანები, საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში მარგინალიზირებული იყო ბრიტანეთში. ეს არის ხელისუფლებისა და ძალოვანების მიერ დევნილი, ღარიბი, კრიმინალით განთქმული უბნების მუსიკა. მსხვილი მედია ამ ჟანრის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. წლების განმავლობაში, ბრიტანული მეინსტრიმ საზოგადოება  ამ ხალხს ყურადღებას არ აქცევდა. დარგოვილი აგრესია კი,  გრაიმ ტრეკებში გამოიხატებოდა.
 

სიტუაცია ბოლო წლებში შედარებით შეიცვალა და ამის  ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი - ჯერემი კორბინი გახდა. კორბინმა შეამჩნია ხალხი, რომლებსაც აქამდე არავინ სცნობდა და მათთან საუბარი დაიწყო. შედეგად, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კაპიტალისტური და პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჟანრი მემარცხენე ფლანგის ნაწილად იქცა. კორბინსა და ლეიბორისტულ პარტიას მხარი დაუჭირა არაერთმა გამორჩეულმა გრაიმ არტისტმა(Jme, Stormzy, Novelist, Wiley). გრაიმის ახალგაზრდა აუდიტორიამ კი არჩევნებზე სიარული დაიწყო.
 

ეს სულისკვეთება ჟანრის ყველა წარმომადგენელმა არ გაიზიარა. Dizzee Rascal-ის აზრით, კორბინის მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით შემოიფრაგლებოდა. Skepta-ც სკეპტიკურად იყო განწყობილი.
 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე, გრაიმ არტისტებისა და მსმენელების ენთუზიაზმი შემცირებული იყო წინა არჩევნებთან შედარებით. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება გრაიმისა და პოლიტიკური კლასის ურთიერთობა შემდგომ.

პოპულარობის პიკმა გრაიმს იგივე პრობლემა შეუქმნა, რაც თავის დროზე Uk Garage-ს. უფრო ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად,  ჟანრის ამერიკანიზაცია დაიწყო. Beatles-ის და Rolling Stones-ის ბრიტანული მემკვიდრეობის შესაბამისად, Skepta-მ გრაიმისთვის ამერიკაში ფანჯარა გაჭრა. მუსიკა ამერიკელ მსმენელს მოერგო,   რამაც მისი ჟღერადობის ცვლილება გამოიწვია. დაიბადა  შეკითხვები, თუ  რამდენად გრაიმია ტრეკები, რომლებიც საერთოდ აღარ ჰგავს ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ, კლასიკურ კომპოზიციებს. წინ წამოიწია ახალი მიმდინარეობები, რომლებიც გრაიმის გავლენით შეიქმნა, მაგალითად, Uk drill-ი.
 

პარადოქსულია, მაგრამ გრაიმი, რომელიც ხელისუფლების მიერ იდევნებოდა, მიწისქვეშეთში ყოფნისას უფრო მყარად იდგა ფეხზე.  ჟანრი, რომელსაც „მზის სხივები“ აკლდა, სწორად ზედმეტმა ყურადღებამ და კომერციალიზაციამ დააზარალა. დღეს მისი სტატუსი და პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია.