OMG

გიყვარდეს თავი შენი

28 ივლისი 2022

ჯერ არ გამოუგონიათ თვითსიყვარულის ჯადოსნური სიტყვათა კომბინაცია, რომელსაც სამჯერ ქუთუთოებ შეჭმუხნილი გაიმეორებ და თვალების გახელამდე საკუთარი თავის სიყვარულით აგევსება არტერიები. თუმცა, რასაც შენით საკუთარ წიაღში, გოლგოთას გზის გავლით უნდა მიაგნო, ვერც ვერვინ გამოიგონებს და ვერც ვერავინ იპოვის შენს მაგივრად.

არ ვიცი, სხვანაირად გვზრდიდნენ თუ არა მშობლები იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავი არა თუ არ გვიყვარდა, არამედ გვძულდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, საკუთარი თავის შეყვარება საბრძოლველი გაგვიხდა.

ამ ბრძოლაში ფიასკოც და ტრიუმფიც ერთ სხეულსა და გონებაში იბადება და თუ სამუდამო თვითსიყვარულს მოიპოვებ, ერთი პატარა ნაწილაკი გონების უფსკრულში დიდი იმედგაცრუებით ჩაიკარგება.

 

შენი თავის იმ მინიატურულ ვერსიას, რომლის საბოლოო სამყოფელი შენს მიერ დამარცხებული შფოთვებისა და ღამით მრავალჯერ წამოშლილი მოუსვენარი ფიქრების გვერდით მოიძებნება, სჯერა რომ შენც ისეთივე მინიატურული ხარ, როგორც მისი უჯრედული აგებულება.

სჯერა, რომ თუ სხვას არ ეყვარები, მაშინ არც თვითსიყვარულს იმსახურებ.

სჯერა, რომ  უსუსური არსება ხარ და სიძლიერის ნიშანწყალიც არ მოიძებნება შენში.

სჯერა, რომ თუ გული გატკინეს, იმსახურებდი.

სჯერა, რომ სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია.

სჯერა, რომ სარკეში ჩახედვისას ზიზღის გრძნობას ვერასოდეს ჩაანაცვლებს საკუთარი თავის განსაკუთრებულად აღქმა და ვერც ისე გაახელ თვალებს ოდესმე, შენი სილამაზის სრულად დანახვა რომ შეძლო.

 

ჩვენი მინიატურული ვერსიების სულელური რწმენების ჩამოთვლა უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აღარ გავაგრძელებ. ამ ამბავში ისაა მთავარი, რომ ჩვენი გონების პატარა უჯრედმა, რომელმაც საბოტაჟი გამოგვიცხადა, გარშემომყოფთა მიერ ჩვენსკენ გამოტყორცნილი სიტყვები და გულისმომკვლელი ქმედებები სამუდამოდ ჩაიბეჭდა და იმ და სხვა მრავალი მოსაზრებების მოქსოვა დაიწყო, რომლეთა ჩამოთვლის გაგრძელბაც აღარ მოვისურვე. იმიტომ აღარ მოვისურვე, რომ საერთოდ არ მინდა სისულელები ვიმეოროთ და დავაჯეროთ საკუთარ თავებს.

მაშინ, როცა თვითსიყვარულის არცერთი ნაპერწკალი არ მოგეძებნება სხეულში, შენი თვალები და ყურები, ყველას და ყველაფერს ხედავენ და უსმენენ შენი თავის გარდა და
როცა გაფართოებული თვალებით, სმენადაძაბული შევყურებთ სხვებს, არასოდეს ვფიქრობთ რომ ის ვინც პირველს უნდა შევხედოთ და გულისყურით მოვუსმინოთ მხოლოდ ჩვენშია.

არასდროს ვფიქრობთ, რომ ის ვინც ჩვენთან ერთად ტკივილისა და სიძულვილის ყოველი მილიმეტრი შეიგრძნო მხოლოდ ჩვენი თავია და ვერც ის წარმოგვიდგენია, რომ როცა მარტოსულობის მწვერვალზე უფსკრულის პირას ვიდექით მაშინაც არ ვიყავით მარტო.

ერთ დღეს, როცა სხვებისგან არაფრით გამორჩეული დღე გათენდა, საშინლად დაღლილმა გავიღვიძე. დაღლილი ვიყავი ბიჭებით, რომლებსაც არ მოვეწონე, მეგობრებით და მათი აზრებით, სხვების შეფასებებით, მოლოდინებით და გაცრუებული იმედებით. ის თითიც კი დაღლილი მქონდა, რომელსაც ყოველთვის საკუთარი თავისკენ ვიშვერდი. ამ მხატვრული ბლოგის დასასრული ასეთი ნამდვილად არ წარმომედგინა, მაგრამ მახსოვს ჩემს თავს სარკეში ვუთხარი ერთი ყველას დედაც-თქო!

ჰოდა, ერთი ყველას დედაც!

გიყვარდეს თავი შენი.