გადაღებულია სურამში

10 ივლისი 2020

 

მთელი დღეა საშინელ ხასიათზე ვარ. გავიღვიძე თუ არა, ფეისბუქზე შევედი და დამხვდა ფოტო, „დედა მიყვარხარ“ ეწერა კედელზე. ერთი შეხედვით რა საყვარელი ფოტოა, როგორი ალალი, მაგრამ ფოტოს აღწერას წაიკითხავ და მიხვდები, რომ ტრაგედიაა. სურათი სურამში გადაიღეს, იმ სახლის ეზოში, სადაც 3 შვილის დედა ქმარმა მოკლა. სავარაუდოდ იმ 3 ბავშვიდან ერთ-ერთმა, ან პატარებმა უფროსის დახმარებით გააკეთეს ეს წარწერა, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? 

 

ეს წინა აბზაცი გუშინ დავწერე, მერე სამეცადინოდ წავედი და ნუ აღარ მეცალა, ბევრიც აღარ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ახლა ფეისბუქზე რომ შევედი, მოკლული ქალის ფოტო დამხვდა ქმართან და შვილებთან ერთად, ბედნიერები ჩანდნენ. 

ზოგადად, კომენტარების კითხვა ჩვევად მაქ და რა პოსტს, ვიდეოს ან ფოტოსაც არ უნდა ვნახულობდე, მაინტერესებს, თუ არ მაინტერესებს, ყველა კომენტარს ვკითხულობ ხოლმე. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ კომენტარების კითხვის შემდეგ, ხშირად მეშლება ნერვები. 

ადამიანები ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულები არ ვართ. განსაკუთრებით ქალებს არ გვქონია ეს ტოლერანტობა. ეს დასკვნა ესე ჰაერიდან არ გამომიტანია, კომენტარების კითხვა მიყვარს თქო, რომ ვთქვი, ბედნიერები ჩანდნენ ძველი კომენტარებიდან, იმასაც გაიგებდით, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი და ნამდვილი ქართველები იყვნენ. ბავშვებსაც საუკეთესოდ ზრდიდნენ, მაგრამ ახლა რა ხდება? 3 ბავშვი იყო სახლში, როცა მამამ დედას ესროლა, თან რამდენჯერმე. „დედა მოგიკალით ბავშვებოო“, ასე თქვა მამამ.

 

სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში მარტო სურამის ამბავი არ მომხდარა. სულ ცოტა ხნის წინ იყო გოგოს დაწვის მცდელობაც, იმის გამო, რომ მას შეყვარებულთან შერიგება არ უნდოდა. ბოლოს ამ ამბავზე ნიუსი რომ ვნახე, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე იყო და სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა. 

ყველაზე მეტად რაც მაცოფებს ჩვენი საზოგადოებაა - მაგული ბებოები, გულნაზი მამიდები, მეზობელი ოქსანები, ვითომ მაგარი კაცი ნიკა, ნიკა ქართ ველი ვოლ კი და ასეთი ვითომ მშვიდობის მსურველები: 
“გადასარევი ბიჭი იყო, გამოიყვანა ალბათ წყობიდან”.
“ეგარი ქალები რო იწყებთ ბოზობას, იჯექით სახლში და არავინ არ მოგკლავთ”. 
“ამ დონემდე მიყვანის მცდელობაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, რამ გამოიწვია ამ ბიჭის მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა? ფსიქოლოგიური ძალადობაც დანაშაულია ქალის მხრიდან”.

ქალი მოკლეს, ქალს ცეცხლი წაუკიდეს და ახლა გამახსენდა კიდე, ცოტა ხნის წინ, არასრულწლოვან გოგოს, რომ ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა. მამამისს ძალიან ვრცელი პოსტი რომ არ დაეწერა ფეისბუქზე, მგონია, რომ მაგ საქმეს შეიძლება გამოხმაურება საერთოდაც არ ჰქონოდა და ეგ შემთხვევაც სავალალოდ დამთავრებულიყო. 

ამ ბოლო დროს, თავს ცოტა უსუსურად ვგრძნობ. ერთდროულად ზედმეტად ბევრი შემთხვევა იყო ქალების ქალობის გამო მკვლელობის და რაც ყველაზე მთავარია - იმ უკვე მკვდარი, დაზარალებული ქალების დადანაშაულების. რაღაც მომენტში მეფიქრება - უსუსურად მე რატო უნდა ვიგრძნო თავი? ჩემი აწმყო როგორიცაა და მომავალი როგორიც წარმომიდგენია, ძალიან პატარა შანსია მსგავსი რამ დამემართოს, მაგრამ მერე სხვა ქალები მახსენდება ხოლმე. 

ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ შევწუხდი და შევღონდი. ამდენი შემთხვევა ზედიზედ, დროის პატარა მონაკვეთში და საშინელი გამოხმაურებებით, მაწუხებს. შეიძლება ახლა 5 წუთში წერას რო მოვრჩები, სხვა თემაზე დავიწყო ფიქრი და შეიძლება კი არა, მართლა ასე იქნება. ყოველ წამს ამ თემაზე ვერ ვიფიქრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა ვქნათ. მაგალითად, ვისწავლოთ ერთად დგომა. არ მინდა ოდესმე, რომელიმე ქალი თავს იდანაშაულებდეს იმის გამო, რომ შეყვარებულს არ შეურიგდა. არ მინდა ფიქრობდეს, რომ ყოფილი შეყვარებული თუ ბენზინით მივარდება და ცეცხლს წაუკიდებს, თავისივე ბრალი იქნება, რადგან ეს დაიმსახურა.

ჰო აბსურდია, რატომ უნდა იფიქროს ეგ, მაგრამ ჯერ-ჯერობით გადარჩენილები, ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვთ ოჯახში, ან შეყვარებულთან, ან რავი სადმე, ამ კომენტარებს კითხულობენ და ისედაც განადგურებულ თვითშეფასებას კიდევ უფრო იდაბლებენ. 

ქალად რომ იბადები, არ ნიშნავს იმას, რომ იყო კაცის სურვილების შემსრულებელი, მართლა. მხოლოდ ამის თქმა მინდა.